საზოგადოება

რაჭაში ხიდაშელის კომპანიას სახელმწიფო 2 000 ლარით აჯარიმებს

20 ივლისი, 2023 • 2465
რაჭაში ხიდაშელის კომპანიას სახელმწიფო 2 000 ლარით აჯარიმებს

ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანიას, რომელსაც რაჭაში ტყე 49 წლით გადაეცა სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად, მოთხოვნილი დოკუმენტების წარუდგენლობის გამო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი შეუდგინეს, რომელიც 2000 ლარით დაჯარიმებას იწვევს.

კერძოდ, კომპანია ვალდებული იყო სახელმწიფოსთვის წარედგინა სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის პროექტი ლიცენზიის გაცემიდან 12 თვის ვადაში, თუმცა ეს ვალდებულება არ შეასრულა.

ამის შესახებ ინფორმაცია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გაავრცელა.

“ამასთან, შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა”, საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ვალდებული იყო, ყოველწლიურად, 01 აპრილიდან 01 მაისამდე, წარმოედგინა ანგარიში სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ. „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას”, დადგენილ პერიოდში, სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ 2022 წლის ანგარიში არ წარმოუდგენია; შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 66-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ აღნიშნულ სამართალდარღვევაზე შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, რომელიც, შემდგომი განხილვის მიზნით, ასევე გადაიგზავნა ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში”, — ნათქვამია განცხადებაში.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, კომპანიის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ შედგა ოქმი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 66-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე.

ოქმი ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნა.


კომპანია “ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკამ” გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2019 წელს მიმართა წერილით, სადაც რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის ტერიტორიაზე, 109 554 ჰექტარზე სამონადირეო მეურნეობის მოწყობის სურვილს გამოხატავდა და ამ მიზნით 49-წლიანი ლიცენზიის მიღებას ითხოვდა.

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ “კაპრა კაუკასიკას” მოთხოვნის შემდეგ, არაერთ უწყებასთან კონსულტაციების შედეგად, 2022 წლის თებერვალში აუქციონი გამოაცხადა, სადაც მხოლოდ ერთი — ხიდაშელის კომპანია მონაწილეობდა, რომელმაც გაიმარჯვა კიდეც.

აუქციონის შესაბამისად, ხიდაშელის კომპანიას 104 712 ჰექტარი ტყე 49 წლით სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად გადაეცა. მოგვიანებით, 2022 წლის ივნისში გარემოს დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ხიდაშელის კომპანიას მიმართა წერილით და 7 436 ჰექტარი მიწის ფართობის უკან დაბრუნება ითხოვა, სანაცვლოდ კი “კაპრა კაუკასიკას” სხვა სატყეო ფართს დაჰპირდა, რაზეც საბოლოოდ ხიდაშელის კომპანიამ თანხმობა განაცხადა.

დავით ხიდაშელი “კარტოგრაფების საქმის” ფიგურანტი ბიზნესმენია, როგორც პირი, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის დავალებით რუსეთში მოიძია საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ამსახველი რუკა, რასაც მოჰყვა ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას დაკავება.

რაჭის ტყეებში დაცული ტერიტორიების შექმნასა და ხიდაშელის კომპანიის შესახებ ნახეთ ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი