საზოგადოება

„დიდხანს არ ვუსმენდით აღმოსავლელი მეზობლების გაფრთხილებებს“ — ბერბოკი გერმანიის შეცდომებზე

13 ივლისი, 2023 • 5924
„დიდხანს არ ვუსმენდით აღმოსავლელი მეზობლების გაფრთხილებებს“ — ბერბოკი გერმანიის შეცდომებზე

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი The Guardian-ში აქვეყნებს სტატიას სათაურით – „რუსეთის ომმა უკრაინასთან გვაიძულა გერმანიაში, სხვაგვარად გვეფიქრა ჩვენს როლზე მსოფლიოში“.

სტატიაში ბერბოკი საუბრობს გერმანიის მრავალწლიანი პოლიტიკის გადაფასებაზე, დაშვებულ შეცდომებსა და ბერლინის როლზე ახალი ევროპის მომავალში, რომლის წევრადაც გრძელვადიან პერსპექტივაში მოიაზრებს საქართველოსაც.

„ნეტგაზეთი“ გთავაზობთ ანალენა ბერბოკის სტატიის თარგმანს:

„გაოცების უნარი, ალბათ, არ არის პირველი, რასაც ადამიანები გერმანელებს უკავშირებენ. მაგრამ თუ გადავხედავთ, რა მიმართულება აიღო ჩვენმა ქვეყანამ მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაიწყო აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ, შესაძლოა, გერმანელებმა საკუთარი თავის გაოცებაც კი მოვახერხეთ.

მხოლოდ ორი წლის წინ მილიარდობით კუბური მეტრი გაზი მიიღო გერმანიამ რუსეთიდან Nord Stream 1-ისა და სხვა მილსადენების გავლით. რუსული საწვავი შეადგენდა ჩვენი ენერგიის მოხმარების დიდ წილს. დღეს ეს ნულამდე დავიყვანეთ.

მხოლოდ ორი წლის წინ გერმანიის მიერ ომის ზონაში ტანკების, საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და ჰაუბიცების მიწოდების შესახებ იდეა, რბილად რომ ვთქვათ, შორს მიმავალი ჩანდა. დღეს გერმანია უკრაინის თავდაცვისთვის იარაღის ერთ-ერთი წამყვანი მიმწოდებელია.

უზარმაზარი ცვლილებაა არა მხოლოდ იმაში, თუ როგორ აღიქვამს ჩემი ქვეყანა საკუთარი უსაფრთხოების საფრთხეებს, არამედ იმაშიც, თუ როგორ გვესმის ჩვენი პასუხისმგებლობა დღევანდელ მსოფლიოში: როგორც ლიდერის, რომელსაც შეუძლიათ დაეყრდნონ ჩვენი პარტნიორები.

გერმანელების მიერ გაჩაღებული მეორე მსოფლიო ომის საშინელებების შემდეგ, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკას ხელმძღვანელობდა წინაპირობა, რომ ომი აღარასოდეს უნდა წამოსულიყო გერმანიის მიწიდან. საგარეო პოლიტიკის პირველ ეტაპზე, 1945 წლის შემდეგ, ჩემი ქვეყანა ცდილობდა, დაებრუნებინა ყოფილი მტრების ნდობა. ჩვენ სამუდამოდ მადლობელი ვართ, რომ მათ ხელი გამოგვიწოდეს და ხელახლა მიგვიღეს გლობალურ სამყაროში.

მომდევნო ათწლეულების მოვლენები ძალიან რთულია იმისთვის, რომ აქ სამართლიანობა აღსრულდეს. თუმცა გარკვეული მარკერები ჩემთვის გამორჩევადია. ათწლეულების განმავლობაში გერმანიის მთავრობები მისდევდნენ იმას, რაც ცნობილი გახდა, როგორც „ჩეკის წიგნაკის დიპლომატია“ (გამოიყენება საგარეო პოლიტიკის აღსაწერად, რომელიც ღიად იყენებს ეკონომიკურ დახმარებას და ინვესტიციებს ქვეყნებს შორის დიპლომატიური კეთილგანწყობის მოსაპოვებლად — ნეტ.) — რაც მდგომარეობდა რწმენაში, რომ ჩვენი ნაღდი ფული და არა ჩვენი ჯარისკაცები უნდა დაეხმაროს კონფლიქტების მოგვარებას.

1990-იანებმა მოიტანა მესამე ეტაპი, თანდათანობით ჯერ გაეროს მისიებში მონაწილეობა, შემდეგ კი— ბალკანეთის ომების აუტანელი სურათებით განპირობებული — აქტიური ჩართულობა კოსოვოში ნატოს ძალებში. ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი იყო არა ჩვენი ქვეყნის ისტორიის მიუხედავად, არამედ იმის გამო, როგორც მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა იოშკა ფიშერმა აღნიშნა: გერმანიის პასუხისმგებლობა ჰოლოკოსტზე გულისხმობდა არა მხოლოდ „აღარასოდეს ომის“ ვალდებულებას, არამედ „აღარასოდეს აუშვიცი, აღარასოდეს გენოციდი“. გაეროს წესდების, ისევე, როგორც საერთაშორისო სისხლის სამართლის ღირებულებებისადმი ერთგულება ნიშნავს, რომ გერმანია მხარს უჭერდა თავის პარტნიორებს გაეროს მისიებში მთელ მსოფლიოში. 11 სექტემბრის შემდეგ გერმანია აშშ-სა და მის პარტნიორებთან ერთად განალაგა ბუნდესვერის ავღანეთში.

იმას, რაც მჯერა, ძირეულად შეიცვალა რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის ფონზე, საგარეო პოლიტიკის მეოთხე ფაზასთან მივყავართ — ეს არის, თუ როგორ აღვიქვამთ საფრთხეებს ჩვენივე უსაფრთხოებისთვის, ევროპის ცენტრში. ჩვენი უსაფრთხოება არ არის ბოძებული. დიდი ხნის განმავლობაში არ ვუსმენდით ჩვენი აღმოსავლელი მეზობლების გაფრთხილებებს, რომლებიც მოგვიწოდებდნენ, სერიოზულად მიგვეღო რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები. ჩვენ ვისწავლეთ, რომ „უკეთესის იმედი“ საკმარისი არ არის, როდესაც საქმე გაქვს სულ უფრო ავტოკრატიულ ლიდერთან. გარდა ჩვენი ძალისხმევისა, რომ აგვეშენებინა ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა რუსეთთან ერთად, ჩვენმა ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა ურთიერთქმედებამ ასევე არ შეუწყო ხელი რუსეთის რეჟიმის გადემოკრატიულებას.

ომის დაწყებისთანავე, ვილნიუსში, ლიტვაში, სკოლის მოსწავლემ, რომელიც ცხოვრობს რუსეთისა და ბელარუსის საზღვრებიდან სულ მცირე მანძილზე, მკითხა: „შეგვიძლია თქვენი იმედი გვქონდეს?“ მთელი გულით ვპასუხობ: შეგიძლიათ. გერმანელები არასდროს დავივიწყებთ, რომ ჩვენი თავისუფლება გაერთიანებულ ქვეყანაში ასევე ჩვენი მოკავშირეებისა და აღმოსავლელი მეზობლების დამსახურებაა. როგორც ისინი იდგნენ ჩვენ გვერდში, ჩვენც ახლა მათ გვერდში ვიქნებით, რადგან აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოება გერმანიის უსაფრთხოებაა.

ჩვენ ვიცით, რომ უახლოეს მომავალში პრეზიდენტ პუტინის რუსეთი დარჩება საფრთხედ მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის ჩვენს კონტინენტზე და ჩვენ უნდა მოვაწყოთ ჩვენი უსაფრთხოება პუტინის რუსეთის წინააღმდეგ და არა მასთან ერთად. გერმანიის ისტორიაში პირველად, ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში ჩვენ განვმარტავთ, თუ როგორ ვცდილობთ ავიღოთ ჩვენი პასუხისმგებლობა საგარეო პოლიტიკის ამ ახალ ეტაპზე, ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ, უსაფრთხოების ინტეგრირებული პოლიტიკის მეშვეობით.

უპირველეს ყოვლისა, ეს ნიშნავს ჩვენი ევროატლანტიკური ოჯახისადმი ერთგულების გაძლიერებას. ვაძლიერებთ ნატოს, როგორც ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების გარანტს. ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს სამხედრო შესაძლებლობებს უპრეცედენტო 100 მილიარდი ევროს (86 მილიარდი ფუნტი) პაკეტით და ვასრულებთ ნატოს თავდაცვის ხარჯების მიზნებს. ჩვენ ვაშენებთ გეოპოლიტიკურ ევროკავშირს, რომელიც ხსნის თავის კარს ახალი წევრებისთვის, როგორიცაა უკრაინა, მოლდოვა, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, გრძელვადიან პერსპექტივაშიკი, საქართველო.

ჩვენ მტკივნეულად ვისწავლეთ, რომ უსაფრთხოება ნიშნავს არა მარტო ომისა და კრიზისებისგან დაცვას, არამედ ეკონომიკური დაუცველობისგან. გადაწყვეტილებებს იმის შესახებ, თუ სად ვყიდულობთ ჩვენს გაზს, ნავთობს ან ტექნოლოგიას, აქვს უსაფრთხოების მნიშვნელობა. ამიტომ ვემზადებით, რომ არ გავიმეოროთ წარსული შეცდომები. მეტოქეები ცდილობენ, გააფართოონ თავიანთი ინტერესების სფერო ეკონომიკური გავლენის გამოყენებით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვჯერა, ჩინეთთან დაშორება არ არის შესაძლებლობა გლობალიზებულ სამყაროში, ჩვენ ვცდილობთ თავიდან ავიცილოთ რისკი და შევამციროთ ჩვენი დაუცველობა. დივერსიფიკაცია არის ინვესტიცია უსაფრთხოებაში.

ამიტომ ჩვენ ვაძლიერებთ სტრატეგიულ გლობალურ პარტნიორობას. და თუ გვსურს, რომ ჩვენმა საერთო წესებმა – გაეროს წესდებაზე დაფუძნებულმა – მართოს ჩვენი სამყარო მომავალში, უნდა დავამტკიცოთ მათი ღირებულება, მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც ემსახურება ჩვენი პარტნიორების საჭიროებებს – უსაფრთხოების, ვაჭრობისა და კლიმატის გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე. თუ ჩვენ ჩავფლავდებით, იმოქმედებენ სხვები, რომლებიც არ იზიარებენ მტკიცე ვალდებულებას საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებების წინაშე.

რუსეთის აგრესიულმა ომმა მსოფლიოში გარდატეხა გამოიწვია. ჩემი ქვეყნისთვის მან გახსნა ახალი თავი — ხელახლა განსაზღვრა, თუ როგორ ვცდილობთ ხელი შევუწყოთ მშვიდობას, თავისუფლებას და მდგრადობას ამ სამყაროში: როგორც პარტნიორი, რომელიც აღიარებს მის ლიდერობას.

ზოგიერთისთვის ეს შეიძლება გასაკვირი იყოს. რაც მთავარია, მე მჯერა, რომ ეს პასუხისმგებლობის საკითხია“.

მასალების გადაბეჭდვის წესი