საზოგადოება

დავით სერგეენკო დეპუტატის მანდატს ტოვებს

12 ივლისი, 2023 • 1467
დავით სერგეენკო დეპუტატის მანდატს ტოვებს

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი და დეპუტატი „ქართული ოცნებიდან” დავით სერგეენკო სადეპუტატო მანდატს ტოვებს.

ამის შესახებ ცნობილი ხდება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომის დღის წესრიგიდან. კომიტეტმა 14 ივლისს, 12:00 საათზე უნდა იმსჯელოს სერგეენკოსთვის მანდატის ვადაზე ადრე შეჩერებაზე.

ამჟამად სერგეენკო ადამიანის უფლებათა და ჯანდაცვის კომიტეტების წევრია.

ის ერთ-ერთი იყო იმ დეპუტატებს შორის, რომლებმაც გააზრებულად არ დაუჭირეს მხარი რუსულ კანონს.


7 მარტს საქართველოს პარლამენტის 76-მა დეპუტატმა სესიაზე პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი რუსული სულისკვეთების კანონპროექტს, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს და მას შემდეგ ქვეყანაში, ფაქტობრივად, გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ისინი ჯერ „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი საქმიანობაც აუკრძალეს.

კანონს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შემაფერხებლად მიიჩნევენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები, მათ შორის, აშშ და ევროკავშირი.

კენჭისყრის შედეგების მიხედვით, „ქართული ოცნების“ ოთხმა დეპუტატმა შეიკავა თავი რუსული კანონის მხარდაჭერისგან. ოთხივე მათგანმა სხდომაზე რეგისტრაცია გაიარა, თუმცა, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. ესენია:

1. დავით სერგეენკო – არ მონაწილეობდა კენჭისყრაში;
2. ვლადიმერ ჩაჩიბაია – არ მონაწილეობდა კენჭისყრაში;
3. ქეთევან დუმბაძე – არ მონაწილეობდა კენჭისყრაში;
4. ირაკლი მეძმარიაშვილი – არ მონაწილეობდა კენჭისყრაში

თუმცა მოგვიანებით, დუმბაძემ და მეძმარიაშვილმა განაცხადეს, რომ რეალურად, კანონპროექტს მხარი დაუჭირეს და ადგილი ჰქონდა ტექნიკურ ხარვეზს.

რაც შეეხება თავად სერგეენკოს, მან მოგვიანებით განმარტა, რომ ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები და საზოგადოების დიდი ნაწილი „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტს ნეგატიურად უყურებდა და მისი გადაწყვეტილებაც ამით იყო განპირობებული.

კიდევ ერთი დეპუტატი, გიორგი ხელაშვილი სხდომათა დარბაზში იმყოფებოდა, თუმცა რეგისტრაცია არ გაიარა და, შესაბამისად, არც მან  მისცა ხმა.

ირაკლი კოვზანაძე სხდომას საერთოდ არ ესწრებოდა.

კოვზანაძემ, ჩაჩიბაიამ და ხელაშვილმა ასევე დატოვეს მანდატები. ხელაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლად აგრძელებს მუშაობას, ხოლო ჩაჩიბაია – პრემიერის.

რუსული კანონპროექტის მიღებას მოჰყვა მასობრივი აქციები, რომელიც ხელისუფლებამ წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. შემდგომ კი კანონპროექტი უკან გაიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი