საზოგადოება

სერგეენკო განმარტავს რატომ არ დაუჭირა მხარი რუსულ კანონს

18 მარტი, 2023 • 4870
სერგეენკო განმარტავს რატომ არ დაუჭირა მხარი რუსულ კანონს

„ქართული ოცნების“ დეპუტატი დავით სერგეენკო ტელეკომპანია „პირველთან“ განმარტავს, თუ რატომ არ მიიღო მონაწილეობა რუსული კანონის კენჭისყრაში.

დავით სერგეენკოს თქმით, ის ხედავდა, რომ ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები და საზოგადოების დიდი ნაწილი „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტს ნეგატიურად უყურებდა და მისი გადაწყვეტილებაც ამით იყო განპირობებული

„ვხედავდი, რომ ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები, საზოგადოების დიდი ნაწილი ძალიან ნეგატიურად უყურებდა ამ ყველაფერს. მე ვერ გეტყვით რომ დეტალებში შევედი და გავაანალიზე ეს კანონპროექტი, არ მაქვს ამის კომპეტენცია მაგრამ ვხედავდი ამ დამოკიდებულებას და ეს იყო ალბათ გადაწყვეტილების საფუძველი“ — აცხადებს დავით სერგეენკო.

დავით სერგეენკო ცალსახად არ პასუხობს კითხვას ტოვებს თუ არა პარტიას და მანდატს და აცხადებს რომ „ოცნების“ მენეჯმენტის „შეჯერებულ პოზიციას“ ელოდება. ამასთან, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი აღნიშნავს, რომ ეს მისთვის ბოლო მოწვევის პარლამენტია და მომავალ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აღარ გეგმავს:

„მე მართლა კარგად მესმის თქვენი ინტერესი რომ ამ პროცესებში ჩახედული იყოთ, მაგრამ მეც ვალდებული ვარ გარკვეული წესები დავიცვა და წინასწარ არ დავიყო გარკვეული მოვლენების შეფასება და შედეგების მოდელირება.

რაც არ უნდა მოხდეს, პოლიტიკოსობა არაა ის რაზეც მე ვოცნებობდი. მირჩევნია, ექიმად ვიმუშაო. მე-10 მოწვევა ბოლოა, როცა მე პარლამენტში საჯარო სამსახურში და პოლიტიკაში ვარ.

[სამომავლო გეგმები] დამოკიდებულია იმაზე, შეჯერებული პოზიცია [პარტიაში] როგორი იქნება. საბოლოო ჯამში ახლა იქნება თუ პარლამენტის ვადის დასრულების შემდეგ, ვფიქრობ, პროფესიას დავუბრუნდები“ — ამბობს დავით სერგეენკო ტელეკომპანია „პირველთან“.

მასალების გადაბეჭდვის წესი