საზოგადოება

ივანიშვილი კომპანია Bitfury-ს გამომუშავებულ ბიტკოინებზე დავობს – ადვოკატი

10 ივლისი, 2023 • 1008
ივანიშვილი კომპანია Bitfury-ს გამომუშავებულ ბიტკოინებზე დავობს – ადვოკატი

ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილსა და თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელ გიორგი ბაჩიაშვილს შორის დავა კომპანია Bitfury-ს მიერ გამომუშავებულ ბიტკოინებზე მიმდინარეობს. ეს ინფორმაცია „ნეტგაზეთს“ გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა დაუდასტურა.

„ეს იყო ბიტკოინის გლობალური მაინინგის შეთანხმება საერთაშორისო კომპანია BITFURY-სთან. შესაბამისად, მაინინგი ხორციელდებოდა აღნიშნული კომპანიის მონაცემთა ცენტრებში მთელ მსოფლიოში“, — განაცხადა ლევან მახარაშვილმა.

კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ბიტკოინის გამომუშავება ხდებოდა მათ შორის საქართველოში, ადვოკატი პასუხობს:

„მაინინგი განხორციელდა ბიტფურის გლობალურ მაინინგის პულში, შესაბამისად, მასში ყველა მათი სიმძლავრე მიიღებდა მონაწილეობას. დაზუსტებით რომელიმე კონკრეტული დატა-ცენტრის გამოყოფა აქ შეუძლებელია“.

თუმცა, იმ პერიოდისთვის, რომელსაც ივანიშვილის დავა ეხება (2015 წელი) ბიტფიური მსოფლიოში სულ მონაცემთა 3 ცენტრს ფლობდა, სადაც მაინინგი ხორციელდებოდა, აქედან ორი მდებარეობდა საქართველოში (გლდანში 40 მგვტ და გორში 20 მგვტ), ხოლო ერთი – ისლანდიაში (20 მგვტ).

Bitfury ბიტკოინის მწარმოებელი კომპანიაა, რომელმაც 2014 წელს 10 მილიონი აშშ დოლარის სესხი მიიღო ივანიშვილის ინიციატივით შექმნილი თანაინვესტირების ფონდიდან და გორში მონაცემთა ცენტრი ააშენა.

2015 წლის ზაფხულში კომპანიამ ეკონომიკის სამინისტროსგან სიმბოლურ ფასად, 1 ლარად იყიდა გლდანში, მერვე საპყრობილესთან ახლოს 18 ჰექტარი მიწა, რომლის საბაზრო ღირებულება იმ დროს 1 850 000 ლარი იყო.

2015 წლის ოქტომბერში ამავე ტერიტორიას მთავრობამ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სტატუსი მიანიჭა და „ბიტფურიმ” იქ მეორე მონაცემთა ცენტრი განათავსა. საქართველოს კანონით „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ”, კომპანიები, რომლებიც ამ ზონაში საქმიანობენ, გათავისუფლებული არიან მოგების, ქონებისა და დამატებითი ღირებულების გადასახადისგან (დღგ).

IFACT-ის თანახმად, „ბიტფურისთვის” განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო დღგ-სგან გათავისუფლება, რადგან ამგვარად კომპანია 18 პროცენტით ნაკლებს იხდის მოხმარებულ ელ. ენერგიაზე, რაც ბიტკოინის მაინინგის მთავარი წყაროა. მონაცემთა ცენტრები ყოველთვიურად რამდენიმე მილიონ კვტ.სთ ელექტროენერგიას მოიხმარენ. სერვერები 24 საათის განმავლობაში განუწყვეტლივ მუშაობენ და მათ გასაგრილებლად საჭიროა, შენობაში ტემპერატურა მუდმივად კონტროლდებოდეს.

საქართველოში ბიტკოინების წარმოების ბიზნესს თავიდანვე უკავშირებდნენ ბიძინა ივანიშვილის სახელს, რასაც ეს უკანასკნელი უარყოფდა. ივანიშვილთან დაკავშირებულმა თანაინვესტირების ფონდმა 2018 წელს განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ Bitfury-მ თანაინვესტირების ფონდის სესხი 2015 წელს სრულად დაფარა, წილობრივი კავშირი კი ექსპრემიერს მასთან არ ჰქონია.

„შესაბამისად, გვინდა მოგახსენოთ, რომ არც საქართველოს თანაინვესტირების ფონდი და არც ბიძინა ივანიშვილი ან მასთან დაკავშირებული რომელიმე კომპანია გორისა და გლდანის დატა ცენტრებში არანაირ წილს არ ფლობენ“, — აცხადებდა თანაინვესტირების ფონდი.

ამ თემაზე ნახეთ ჟურნალისტური გამოძიება:

საქართველოში დაბალ ფასად წარმოებული მომგებიანი ბიტკოინი

საქართველო – საგადასახადო სამოთხე „ბიტფურისთვის”

მასალების გადაბეჭდვის წესი