საზოგადოება

მინისტრის თქმით, კიევიდან დაბრუნებულ ელჩთან კონსულტაციები არ იგეგმება

7 ივლისი, 2023 • 1285
მინისტრის თქმით, კიევიდან დაბრუნებულ ელჩთან კონსულტაციები არ იგეგმება

საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის თქმით, თბილისი არ აპირებს კონსულტაციების გამართვას უკრაინიდან დაბრუნებულ ელჩთან გიორგი ზაქარაშვილთან.

ტელეკომპანია „იმედთან“ 6 ივლისის ინტერვიუში დარჩიაშვილი ამბობს, რომ მისი შეფასებით, უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება, დაატოვებინოს ზაქაშვილს ქვეყანა, უსამართლო, უსაფუძვლო, არამეგობრული და არადიპლომატიურია.

„არადიპლომატიური იმიტომ, რომ მსგავსი ტიპის პრეცედენტი არ არსებობს პრაქტიკაში, როდესაც მიმღები ქვეყანა იძულებით ატოვებინებს ელჩს კონსულტაციებისთვის, რათა ის დაბრუნდეს საკუთარ ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ელჩის გამოძახების პრაქტიკა არსებობს კონსულტაციებზე, მაგრამ ამას აკეთებს ქვეყანა საკუთარი ელჩების მისამართით. პრინციპში, ვიტყოდი, რომ უპრეცედენტოა [ზელენსკის ქმედება].

მინდა ჩვენს მაყურებელს და უკრაინელ პარტნიორებს ვუთხრა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო არანაირი კონსულტაციების გამართვას არ აპირებს ელჩთან. ელჩმა, სხვათა შორის, დატოვა უკრაინის ტერიტორია, ის მოემგზავრება საქართველოში, ის სამინისტროში გააგრძელებს ელჩის რანგში მუშაობას თბილისიდან. საქართველოს საელჩო კიევში აგრძელებს მუშაობას, დიპლომატები ადგილზე არიან და ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას.“

დარჩიაშვილი ამბობს, რომ ზაქაშვილს ომის დაწყებიდან დღემდე არ დაუტოვებია კიევი და მის მიმართ ეს გადაწყვეტილება – „თუნდაც ადამიანურად, უსამართლოა“.

საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, კიევის გადაწყვეტილება უსაფუძვლოა იმიტომაც, რომ არ არსებობს კითხვები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და იმ სერვისებთან, რაც ის იღებს. ამას კი, მისი თქმით, ადასტურებს მათ შორის სტრასბურგის გადაწყვეტილებაც.

დარჩიაშვილი დასძენს, რომ „მეგობრები ასე არ იქცევიან“ და საქართველო გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.

„ჩვენ ცალმხრივად გავაგრძელებთ მეგობრობას და დიდი იმედი მაქვს, რომ შესაბამისი ადამიანები, რომელიც ხელს უწყობენ მსგავსი მოვლენების განვითარებას, ადეკვატურ ნაბიჯებს გადადგამენ.“

3 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა გასცა განკარგულება, რომლის თანახმადაც, უკრაინის საგარეომ უნდა დაიბაროს საქართველოს ელჩი და მას 48 საათის განმავლობაში თბილისში კონსულტაციებზე დაბრუნება შესთავაზოს.

როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, ამის მიზეზი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაა.

უკრაინული მედია წერს, რომ კიევის მიერ არჩეული პროცედურა არ არის დამახასიათებელი საერთაშორისო ურთიერთობებისთვის. სახელმწიფოს შეუძლია კონსულტაციებისთვის გაიწვიოს საკუთარი ელჩი, მაგრამ არა ის, რომ სხვა სახელმწიფოს ელჩი გააძევოს პერსონა ნონ გრატად გამოცხადების ან აკრედიტაციის ჩამორთმევის გზით.

„თუმცა ზელენსკიმ გადაწყვიტა, არ გადაედგა ეს მძიმე ნაბიჯი და შესთავაზა პროცედურა, რომელსაც არ აქვს მკაფიო სახელი და წესები“, — წერს „ევროპეისკა პრავდა“.

12 მაისს იუსტიციის სამინისტროში განაცხადეს, რომ სტრასბურგმა არ დააკმაყოფილა სააკაშვილის თხოვნა დროებითი ღონისძიების ფარგლებში პოლონეთში გადაყვანაზე. საუბარია იმის შესახებ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს სთხოვეს, გამოეყენებინა შუალედური ღონისძიება მანამდე, სანამ სააკაშვილის საქმეს არსებითად განიხილავდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი