საზოგადოება

არასამთავრობო დილემა

19 ივლისი, 2010 • 1482
არასამთავრობო  დილემა

თანამშრომლების ხელფასების ან აქტივობების შემცირება–ასეთი არჩევანის წინაშე დადგებიან არასამთავრობო ორგანიზაციები 2011 წლის 1–ელი იანვრიდან, თუკი პარლამენტი ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტში კიდევ ერთ ცვლილებას დაამტკიცებს.

ახალი საგადასახადო კოდექსის 308–ე მუხლის მიხედვით,  არასამთავრობოების მიერ გრანტის ფარგლებში გაცემული ანაზღაურების საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი 20% იქნება.

სამოქალაქო სექტორის წარმოამდგენლები ამბობენ, რომ არსებული 12 %–ის 20 %–მდე გაზრდა მათი თანამშრომლებისთვის ხელფასების 8%–ით შემცირებას ნიშნავს.

„ჩვენ გრანტების გარდა სხვა შემოსავალი არ გვაქვს. გამოდის უცხოური ქვეყნების მთავრობებს და სხვა ორგანიზაციებს, რომლებიც ამ გრანტების ფარგლებში დემოკრატიული პროცესების მხარდასაჭერად ისედაც ეხმარებიან საქართველოს, მძიმე მდგომარეობაში ჩავაყენებთ, თუკი მეტ გრანტს მოვთხოვთ. “–ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი თამარ ხიდაშელი.

ხიდაშელის თქმით, არის მეორე გზაც–დარჩეს იგივე რაოდენობის გრანტი, მაგრამ თანამშრომლებს ხელფასი შეუმცირდეს.

„ჩვენ ისედაც ვდგავართ ადამიანური რესურსის შემცირების საფრთხის წინაშე. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან ძალიან ბევრი კადრი უკვე  წავიდა სამთავრობო სექტორში. ამის ერთ–ერთი  მოტივაცია კი სწორედ ხელფასი იყო“, –ამბობს საიას ხელმძღვანელი. 

ხიდაშელის თქმით, თუკი ვარდების რევოლუციამდე საია  სამთავრობო სექტორს კონკურენციას უწევდა, ვარდების რევოლუციის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა –„უბრალოდ, კიდევ უფრო არაკონკურენტულ მდგომარეობაში ჩავვარდებით“.

თუკი ახალ საგადასახადო კოდექსში ცვლილება შევიდა, საიას და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს სამომავლო გეგმებზეც მოუწევთ უარის თქმა –„საშემოსავლო გადასახადის მოულოდნელი გაზრდით, ჩვენ რეალურად მძიმე მდგომარეობაში ვვარდებით, რადგან უკვე გვაქვს რაღაც პროექტები“, –ამბობს თამარ ხიდაშელი.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ არ იქნება დისკრიმინაციული სხვა სექტორების მიმართ, თუკი სახელმწიფო  არასამთავრობო სექტორს იგივე შეღავათს დაუტოვებს–ანუ საშემოსავლოს ისევ 12% –ით დაბეგრავს.

„სახელმწიფოს გასაკეთებელს  ხშირად ჩვენ ვაკეთებთ. სახელმწიფო იურიდიულ დახმარებას მხოლოდ სისხლის სამართლის საკითხებში უწევს მოქალაქეებს. ამასთან დაკავშირებით აკაკი მინაშვილმაც აღნიშნა, რომ საია და სხვა არასამთავრობოები  შეავსებენ დანაკლისს“, –ამბობს ხიდაშელი.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, სახელმწიფომ მხედველობაში უნდა იქონიოს, რომ სამოქალაქო სექტორს საზოგადოებისთვის სარგებელი მოაქვს.

„2009 წელს მხოლოდ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 110 ათას მოქალაქეს გაუწია იურიდიული კოსულტაცია, დღეს ჩვენი 146 თანამშრომლის ძალიან დიდი ნაწილი სწორედ იურიდიული დახმარების ცენტრში მუშაობს“, –აღნიშნვს საიას ხელმძღვანელი.

„ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ ქართული წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, ქეთევან ვაშაკიძის თქმით, საგადასახადო კოდექსში შესაძლო ცვლილების შედეგად, ფონდს პრობლემა ორმაგად შეექმნება, რადგან ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი, როგორც გრანტების მიღებას, ასევე მათ გაცემას ახორციელებს.

„უნდა მიიღო გადაწყვეტილება– ფული უფრო მეტად აქტივობას მოახმარო, თუ იგივე ხელფასი შეუნარჩუნო თანამშრომლებს“, –ამბობს ქეთევან ვაშაკიძე.

საგადასახადო კოდექსში შესაძლო ცვლილება არჩევანის წინაშე, საიას და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის გარდა, კიდევ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს დააყენებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა– საქართველო“, „საერთაშორისო არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, „სამოქალქო საზოგადოების ინსტიტუტი“ , „კავკასიის გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციათა  ქსელი“ და სხვა არასამთავრობოებმა პეტიცია უკვე გამოაქვეყნეს, რომელშიც მთავრობასა და სამოქალაქო სექტორს შორის დადებული მორატორიუმის მოქმედების ვადის სამი წლით გაგრძელებას მოითხოვენ.

სამი წლის წინათ სამოქალაქო სექტორი და მთავრობა შეთანხმდა, რომ  არასამთავრობოების სპეციფიკის  გათვალისწინებითა და მათი ხელშეწყობის მიზნით,  საშემოსავლო გადასახადი 12 %  დარჩენილიყო.

„დღეს უფრო აქტუალურად დგას საგადასახადო შეღავათების შენარჩუნების აუცილებლობის საკითხი, ვიდრე ეს სამი წლის წინათ იყო, რადგან 2008 წლის აგვისტოს შემდეგ უფრო კრიტიკული გახდა ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები და მოწყვლად ჯგუფთა რაოდენობა“, –ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი.

ხიდაშელის თქმით, აგვისტოს ომის შემდეგ საიას იურიდიული კონსულტაციისთვის 30 000 დევნილმა მიმართა.

მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან ძალიან ბევრი სახელმწიფოს თვითონ უწევს დახმარებას  .“თუ მთავრობას რესურსი არ აქვს, ჩაატაროს კვლევა ამა თუ იმ საკითხზე,  ისინი სწორედ მათ მიმართავენ“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი