საზოგადოება

რა თქვა აშშ-ის სანქციების კოორდინატორმა თბილისში

28 ივნისი, 2023 • 918
რა თქვა აშშ-ის სანქციების კოორდინატორმა თბილისში

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორმა, ჯიმ ო’ბრაიენმა საქართველოში სხვადასხვა თანამდებობის პირთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

მან არ ისურვა საუბარი შესაძლო სანქციებზე ან კონკრეტულ შემთხვევბებზე. აგრეთვე, ო’ბრაიენმა აღნიშნა, რომ საქართველოში ფუნქციონირებს სისტემა სანქციების გვერდის ავლის პრევენციისთვის – „ვმუშაობთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ის სრულიად ეფექტიანი იყოს“. ო’ბრაიენმაც და მისმა ბრიტანელმა კოლეგამაც რამდენჯერმე აღნიშნეს, რომ მათი მიზანი არაა რუსეთთან ყველანაირი ვაჭრობის შეწყვეტა და საუბარი მიდის მხოლოდ იმ საქონელზე, რომელიც კრემლს დაეხმარება უკრაინაში ომის წარმოებაში.

ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე საუბრისას ო’ბრაიენმა აღნიშნა, რომ [აშშ, ევროკავშირი, ბრიტანეთი და სხვები – რედ.] ერთ პოზიციაზე არიან და თბილისში იციან, „რა ტიპის საქონელი არ უნდა შევიდეს რუსეთში“.

ო’ბრაიენს ასევე ჰკითხეს მის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელშიც იგი ამბობდა, რომ საქართველო იყო ერთ-ერთი, ვინც სანქციებისთვის გვერდის ავლის პრობლემას იწვევს. მან უპასუხა, რომ დასავლეთი მუშაობს რუსეთის რიგ მეზობელ ქვეყნებთან, ვინაიდან იცის, „რომ მოსკოვს სურს მათი [მეზობლების] გამოყენება საკუთარი მიზნებისთვის“.

„ზოგიერთ ამ [რუსეთის მეზობელ] ქვეყანაში ვნახეთ მცდელობები, გაამკაცრონ თავიანთი პოლიტიკა, რადგან რუსეთს ნაკლებად შეეძლოს ამ ქვეყნების სამხედრო მიზნებისათვის გამოყენება. ეს გამოჩნდა საჯარო განცხადებებში თურქეთში, ყაზახეთში და სახელმწიფო ორგანოების  კარგ მუშაობაში საქართველოში. მე ვთქვი, რომ ვმუშაობდით ზოგიერთ ქვეყანასთან, რომელსაც პოლიტიკა უნდა შეეცვალა“, – თქვა ო’ბრაიენმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი