საზოგადოება

როგორ გამოეხმაურნენ რუსი პროპაგანდისტები პრიგოჟინის ამბოხს

28 ივნისი, 2023 • 2427
როგორ გამოეხმაურნენ რუსი პროპაგანდისტები პრიგოჟინის ამბოხს

“გუშინ საშიში დღე იყო”, — ამ სიტყვებით დაიწყო კრემლის პროპაგანდისტმა ვლადიმერ სოლოვიოვმა თავისი სატელევიზიო პროგრამა “ვაგნერის” მეთაურის მცირეხნიანი ამბოხიდან მეორე დღეს.

რუსეთის “პირველი არხის” სტუდიაში მიწვეული სხვა პროპაგანდისტებიც ვერ მალავდნენ შეშფოთებას იმით, რაც ევგენი პრიგოჟინმა მოაწყო და იქვე მსჯელობდნენ, ვინ და რა ფორმით უნდა აგოს პასუხი ამბოხისთვის.

სოლოვიოვის გადაცემასა თუ სამთავრობო მედიის სხვა პროგრამებში რუსეთის პრეზიდენტს ამბოხის სწრაფად ჩაქრობისთვის აქებდნენ. თუმცა პროპაგანდისტების რიტორიკა ცალსახად ერთნაირი არ ყოფილა:

არიან ისეთები, ვინც უაპელაციოდ გაამართლა ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება, ამბოხის შეჩერების სანაცვლოდ არ დაესაჯა პრიგოჟინი, და ისეთებიც, ვინც პუტინი შეაქო. თუმცა ხაზი გაუსვეს, რომ მომხდარის შემოქმედებმა პასუხი უნდა აგონ. დაისვა კითხვაც, როგორ ვერ მოხერხდა ამბოხის დროულად აღკვეთა.

“ჩვენ იმაზე გონიერები აღმოვჩნდით, ვიდრე ვინმეს შეეძლო, ეფიქრა. ჩვენს ქვეყანას შეიძლება ჰყავდეს ყველანაირი მთავრობა, გარდა სუსტისა. გუშინ ჩვენმა ხელმძღვანელობამ აჩვენა ძალაც და სიბრძნეც. რაც მთავარია, სისხლისღვრის გარეშე”, — დასძინა სოლოვიოვმა.

ამერიკელი ჟურნალისტი ჯულია დეივისი, რომელიც რუსულ პროპაგანდისტულ მედიას აკვირდება,  სოლოვიოვის მდგომარეობის შეფასებისას დასძენს, რომ ეს უკანასკნელი  “შოკირებული და შეძრწუნებული” იყო ამბოხისათვის რუსეთის მზადყოფნის სავალალო მაჩვენებლით.

“ყველას მოუწევს სწორი დასკვნების გამოტანა იმ ბიჭებთან დაკავშირებით, ვინც ფრონტის ხაზს აკავებდა მაშინ, როცა [ვაგნერის] 25 000 [მებრძოლი] მძიმე არტილერიით, საზენიტო სისტემებით, 1000-ზე მეტი მანქანით მარშირებდა არათუ კიევისკენ, ლვოვისკენ ან ვარშავისკენ, არამედ მოსკოვისკენ!” — აღნიშნავდა აღელვებული სოლოვიოვი.

ამავე პროგრამაში მიწვეული კიდევ ერთი პროპაგანდისტი, მარგარიტა სიმონიანი ასევე შფოთავდა 24 ივნისს მომხდარის გამო, აღნიშნავდა რა, რომ “სამყაროში არაფერია სამოქალაქო ომზე საშიში”. ამავე დროს, ის ცდილობდა, გაემართლებინა პრიგოჟინის წინააღმდეგ აღძრული საქმის დახურვისა და მისი დაუსჯელობის გადაწყვეტილება:

“ამჟამად ბევრი საუბარი მიმდინარეობს: “როგორ შეიძლება ეს? აღძრეს სისხლის სამართლის საქმე და მერე გაუშვეს! [პრიგოჟინი] ბელორუსიაში გაემგზავრა. ეს არის სამართლებრივი ნორმების დაცინვა!”

შეგახსენებთ, რომ სამართლებრივი დებულებები არ არის ქრისტეს მცნებები ან მოსეს კანონი. საკანონმდებლო ნორმებს ადამიანები წერენ ქვეყანაში წესრიგისა და სტაბილურობის დასაცავად. შეიძლება იყოს უჩვეულო, კრიტიკული გარემოებები, როცა იურიდიული ნორმები წყვეტენ ფუნქციონირებას…

მაშინ ეს სამართლებრივი ნორმები გვერდზე უნდა გადაიდოს. ისინი დაიწერა ასეთი სიტუაციის შესაძლებლობის გათვალისწინების გარეშე”.

ბრაზი და უკმაყოფილება განსაკუთრებით ეტყობოდა ანდრეი გურულიოვს, სახელმწიფო დუმის წევრსა და სამხრეთის სამხედრო ოლქის 58-ე გაერთიანებული არმიის მეთაურის ყოფილ მოადგილეს.

“მე მტკიცედ მწამს, რომ ომის დროს მოღალატეები უნდა განადგურდნენ. დღეს ვინც რა უნდა თქვას, რა ზღაპრებიც არ უნდა მოყვნენ, შუბლში მოხვედრილი ტყვია ერთადერთი ხსნაა პრიგოჟინისა და [დიმიტრი] უტკინისთვის”, — აღნიშნა გურულიოვმა. უტკინი, რომელიც მან ახსენა, “ვაგნერის” თანადამფუძნებელია.

“ისინი მიცნობენ და იციან, რომ ჩემი ყოველი სიტყვის უკან ვდგავარ. სხვა ვარიანტი არ არის. ეს ომი მთელ ქვეყანას ეხება. სამწუხაროდ, ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. მე არ მესმის, საერთოდ რატომ მოხდა ეს: სად იყვნენ ორგანოები, რომელთაც ამის შესახებ წინასწარ უნდა სცოდნოდათ და გაფრთხილება გაეცათ, ჩარეულიყვნენ, როცა [ეს ყოველივე] ხდებოდა…

ღალატი ვერ იქნება მიტევებული ვერც ერთ შემთხვევაში! ის უბრალოდ ვერ იქნება შეწყნარებული, წარსულში ნებისმიერი წარმატების მიღწევის მიუხედავად. კიდევ ვიმეორებ: ჩვენი “მეგობრებისთვის” ერთადერთი გამოსავალი ისაა, საკუთარი თავები დაიხოცონ, სანამ ტყვია მათ იპოვის. მოღალატეებისთვის სხვა ვარიანტი არ არსებობს”, — დაამატა მან.

მოგვიანებით, გურულიოვმა ტონი შეარბილა: სხვა ტელეეთერში მან თქვა, რომ სოლოვიოვის გადაცემაში სტუმრობისას მოთმინებამ უმტყუნა და დააზუსტა, რომ ყველამ კანონის ძალით უნდა აგოს პასუხი. მანვე მადლობა გადაუხადა ვლადიმერ პუტინს და ისაუბრა “ბრძნულ გადაწყვეტილებებზე”, რომელთა შედეგადაც რუსეთმა თავიდა აირიდა”მძიმე ბრძოლები ან სამოქალაქო ომი”.

სოლოვიოვის გადაცემაში ისაუბრა კგბ-ს ყოფილმა აგენტმა ანდრეი ბეზრუკოვმაც, რომელმაც პუტინი შეაქო, თუმცა ფაქტობრივად მიანიშნა, რომ პრიგოჟინის ამბოხი სახელმწიფოს სისუსტის ნიშანია.

24 ივნისის მოვლენები მან “მახნოვშჩინას” შეადარა: 1917-1921 წლების მოძრაობას აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში, რომელში ჩართული გლეხების სურვილი იყო დამოუკიდებელი სასოფლო-სამეურნეო კომუნების კონფედერაციის შექმნა, უკლასო საზოგადოებით, სახელმწიფოს დაქვემდებარების მიღმა. მოძრაობას ეს სახელი მისი ლიდერის, ანარქისტ ნესტორ მახნოს გამო შეერქვა.

“რასთან გვაქვს საქმე? ესაა ტიპური მახნოვშჩინა. ჩვენ წინაშეა მამა მახნო, რომელიც თავისი პირადი ინტერესებისათვის მზადაა, თავის არმიასთან ერთად დადგეს მწვანეების, წითლების, თეთრებისა თუ მნიშვნელობა არ აქვს, ვის გვერდით. ამპარტავნება, რომელიც ამ ხალხს ამოძრავებს, მომაკვდინებელი ცოდვაა. არ არსებობს ფასი, რომლითაც ღალატის გამოსყიდვა შეიძლება. ის ვერ ჩამოირეცხება.

მახნოვშჩინა უბრალოდ მამა მახნოს ფენომენი არ არის. მახნოვშჩინა არის სუსტი სახელმწიფოს ფენომენი, დაუმორჩილებლობის ფენომენი, რეალურად ძლიერი ხელისუფლების არარსებობის ფენომენი… როცა ბევრი რამაა დაშვებული და როცა შესაძლებელია, ადამიანებს ეპატიოთ მსგავსი ახირებები…” ,— აღნიშნა ბეზრუკოვმა.

მისივე სიტყვებით:

“ჩვენი მიზანი ახლა — და პრეზიდენტი [პუტინი] ამაზე 20 წელი მუშაობდა — არის ამ სახელმწიფოს გადაქცევა ძლიერ, ნორმალურ ქვეყნად, სადაც ასეთი რამეები შეუძლებელია. შეუძლებელია, ნორმალურ სახელმწიფოში ასეთი რამ მოხდეს. ძლიერ სახელმწიფოში არსებობს სახელისუფლებო სტრუქტურა. ძლიერ სახელმწიფოში არსებობს ანგარიშვალდებულება. კითხვა ისაა, როგორ უნდა ავაშენოთ რეალური ანგარიშვალდებულების სისტემა, ზემოდან ქვემოთ, სადაც ასეთი რაღაცები ჩანასახშივე ისრისება”.

ბეზრუკოვს არცერთ შემთხვევაში გაუკრიტიკებია პუტინი. მან თქვა, რომ ამბოხის მცდელობისას ხალხი დადგა პრეზიდენტის გვერდით, რომელიც, თავის მხრივ, სწორედ ძლიერი ქვეყნის აშენებისკენაა მოწოდებული.

თუმცა “ვაგნერის” წევრთა მიერ რუსული საფრენი აპარატების ჩამოგდებასა და პილოტების დაღუპვაზე საუბრისას, ბეზრუკოვმა ხაზი გაუსვა, რომ ეს მსხვერპლი ვერ ანაზღაურდება ვერც “მტრის სისხლით” და ვერც ფულადი კომპენსაციით.

პრიგოჟინის ერთდღიან ამბოხს რუსეთის არმიის, სულ მცირე, 8 საფრენი აპარატი შეეწირა, მათ შორის, კომუნიკაციისა და თავდასხმისთვის განკუთვნილი ვერტმფრენები და თვითმფრინავი. დაიღუპნენ პილოტებიც, თუმცა რაოდენობა უცნობია.

დაღუპული პილოტების საკითხს შეეხო გადამდგარი ლეიტენანტ-გენერალი ევგენი ბუჟინსკიც, რომელმაც სოლოვიოვის გადაცემაში სტუმრობისას თქვა:

“მე სრულად ვეთანხმები, რომ გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნა, ალბათ ყველაზე სწორი იყო. მიუხედავად ამისა,  მჯერა, რომ ვიღაცამ პასუხი უნდა აგოს პილოტების გამო, რომლებიც დაიღუპნენ”.

რა ხდებოდა მანამდე

24 ივნისს სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერმა“ რუსეთის ხელისუფლებას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა, უკრაინიდან გამოვიდა და მოსკოვის მიმართულებით დაიძრა. მათი თქმით, მიზანი რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის დასჯა იყო. „ვაგნერის“ ლიდერმა ევგენი პრიგოჟინმა მოსკოვისკენ მსვლელობას „სამართლიანობის მარში“ უწოდა. მარში კრემლმა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად შეაფასა.

იმავე დღეს მიღწეული შეთანხმებით, პრიგოჟინმა ამბოხი იმ დროს შეაჩერა, როცა მოსკოვს თითქმის 200 კილომეტრით მიუახლოვდა. ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ თქვა, რომ ამბოხის შეწყვეტის სანაცვლოდ „ვაგნერის“ წევრებს ამბოხისთვის არ დასჯიდნენ და საშუალებას მისცემდნენ, საქმიანობა ბელარუსში გაეგრძელებინათ.

პრიგოჟინის ერთდღიან ამბოხს რუსეთის არმიის, სულ მცირე, 8 საფრენი აპარატი შეეწირა, მათ შორის, კომუნიკაციისა და თავდასხმისთვის განკუთვნილი ვერტმფრენები და თვითმფრინავი. დაიღუპნენ უცნობი რაოდენობის პილოტებიც.

პრიგოჟინის ამბოხის შესახებ გირჩევთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი