საზოგადოება

“ამაღამ კიდევ გაქვთ დრო” – მაღაროელები ორშაბათს თბილისში გეგმავენ ჩამოსვლას

18 ივნისი, 2023 • 1194
“ამაღამ კიდევ გაქვთ დრო” – მაღაროელები ორშაბათს თბილისში გეგმავენ ჩამოსვლას

ჭიათურელი მაღაროელები ორშაბათს, 19 ივნისს თბილისში აპირებენ ჩამოსვლას და პროტესტის გამოხატვას. თუმცა, ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ დილამდე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, მერაბ სარალიძემ მაღაროელების ფეისბუკ გვერდზე ჩართვაში საჯაროდ განაცხადა, რომ მათი აქცია აპოლიტიკურია, ისინი თავს იკავებენ პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისაგან და არც მთავრობასთან მოდიან დაპირისპირებაში, თუმცა თბილისში აქციის გამართვის შემთხვევაში პასუხისმგებლობას იხსნიან იმაზე თუ ვინ შეუერთდება მათ აქციებს

“ჩვენ ვართ მშრომელი ხალხი და შრომის სათანადოდ დაფასებას ვითხოვთ. ჩვენ ისევ ვრჩებით აპოლიტიკურები, მაგრამ ვიხსნით პასუხისმგებლობას, არ ვიცით ვინ შემოუერთდება ჩვენს აქციებს რა განხრით წაიყვანს, მაგრამ ჩვენ ისევ ძველ პოზიციებზე ვრჩებით. ყველამ კარგად იცოდეს, ჩვენს მოთმინებას აქვს საზღვარი, ჩვენ შეურაცხყოფილად ვგრძნობთ თავს და გამწარებული ადამიანები ყველაფერზე წამსვლელები არიან. ამაღამ კიდევ გაქვთ დრო გონივრული გადაწყვეტილებები მიიღოთ. ამაღამდელი ღამე… დილით მივდივართ თბილისში”, – განაცხადა სარალიძემ.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ჭიათურელმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა.

მაღაროელი, რომელმაც თვალები ამოიკერა არის გიორგი კუპატაძე, ის მაღაროში აღდგენა ვენტილაციის ცვლის უფროსია. ის ამბობს, რომ თვალების ამოკერვის გადაწყვეტილება პირადად მიიღო და სხვა მაღაროელები ამის წინააღმდეგნი იყვნენ. ის თანამებრძოლებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ პროტესტი ძალადობის გარეშე უნდა გაგრძელდეს.

მაღაროელების აქცია ჭიათურაში შრომითი პირობების გაუმჯობესებისა და ხელფასის გაზრდის მოთხოვნით უკვე თითქმის მეორე კვირაა მიმდინარეობს, 11 ადამიანი შიმშილობს, ერთმა მაღაროელმა პირი ამოიკერა პროტესტის ნიშნად. მაღაროელები აცხადებენ, რომ თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, თბილისში ჩამოვლენ და დედაქალაქში გააგრძელებენ პროტესტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი