ახალი ამბები

აბასთუმანში ბოლო 4 წელში პრივატიზებული ფართის 81.1% ივანიშვილმა და მისმა გარემოცვამ იყიდა – TI

9 დეკემბერი, 2022 • 1396
აბასთუმანში ბოლო 4 წელში პრივატიზებული ფართის 81.1% ივანიშვილმა და მისმა გარემოცვამ იყიდა – TI

არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევის თანახმად, აბასთუმანში ბოლო 4 წელში პრივატიზებული ფართობის 91.7% “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებულმა სუბიექტებმა შეიძინეს, 81.1% კი თავად ივანიშვილმა და მასთან დაკავშირებულმა პირებმა. ამის შესახებ ანგარიში “საერთაშორისო გამჭვირვალობამ” დღეს, 9 დეკემბერს გამოაქვეყნა.

კვლევაში აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილი აბასთუმნით 2018 წლის აგვისტოში დაინტერესდა, როცა ის “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პოსტს იკავებდა. მაშინ ივანიშვილმა განაცხადა, რომ აბასთუმანი “ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი” უნდა გამხდარიყო მსოფლიოში.

“ამის შემდეგ, კურორტი პრიორიტეტული გახდა სახელმწიფოსთვის”, – აღნიშნავს TI.

ორგანიზაციის თანახმად, სახელმწიფომ აბასთუმანში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება სწორედ მას შემდეგ დაიწყო, რაც კურორტით ბიძინა ივანიშვილი დაინტერესდა. ამაზე მიუთითებს მთავრობის მიერ 2018 წლიდან დღემდე დახარჯული თანხები, რაც თითქმის 14-ჯერ აღემატება 2012-2018 წლებში სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ თანხებს. კერძოდ, TI-ის ცნობით, 2018 წლის აგვისტოდან 6-მა საჯარო უწყებამ აბასთუმნის განვითარებისთვის 249,920,551 ლარი დახარჯა, ამ თანხის 83.1% კი „ქართული ოცნების“ შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა მიიღეს. “საერთაშორისო გამჭვირვალობის” ცნობით, მათ სხვადასხვა დროს, მმართველი პარტიის ანგარიშზე 1,276,000 ლარი აქვთ შეტანილი.

TI-ის ცნობით, მათ შეისწავლეს 2012 წლიდან დღემდე აბასთუმანში პრივატიზებული ქონება და 6 სახელმწიფო უწყების – მუნიციპალური განვითარების ფონდის, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის – სახელმწიფო შესყიდვები.

“ჩვენ სახელმწიფო შესყიდვების იმ ხელშეკრულებებით ვიხელმძღვანელეთ, რომლებშიც თანხა კონკრეტულად აბასთუმნისთვის იყო გაწერილი. შესაბამისად, კვლევაში ვერ მოხვდებოდა ის შესყიდვები, რომლებიც საერთო საჭიროებისთვის გაფორმდა, თუმცა, კონკრეტული ლოკაცია არ იყო მითითებული”, – განმარტავს ორგანიზაცია.

აღნიშნული დოკუმენტების შესწავლის შედეგად TI კვლევის ძირითად მიგნებებს ასახელებს:

  • 2012 წლიდან 2021 წლის ჩათვლით, აბასთუმანში სახელმწიფომ 67,790 კვ.მ. მიწა გაყიდა. ეს ფართობი ჯამში 26 სუბიექტმა შეიძინა 8,693,501 ლარად. გაყიდული ფართის 95,3% – 64,649 კვ.მ. ბოლო 4 წელიწადში 18 სუბიექტზე გასხვისდა. ჯამში, მათ 8,392,301 ლარი გადაიხადეს.
  • 18 სუბიექტიდან, რომლებმაც 2018 წლის აგვისტოდან შეიძინეს მიწა აბასთუმანში, 14 „ქართულ ოცნებასთან“ არის დაკავშირებული. მათ ჯამში 59,276 კვ.მ. ფართობი 7,490,400 ლარად იყიდეს[1]. აქედან, 9 სუბიექტი უშუალოდ ბიძინა ივანიშვილთან არის დაკავშირებული – მათ ჯამში, 52,443 კვ.მ. მიწა 6,417,200 ლარად შეიძინეს.
  • 2012-2022 წლებში, 6-მა სახელმწიფო უწყებამ, აბასთუმანში, როგორც კურორტზე ასევე, სოფელში, ჯამში, 177 სახელმწიფო შესყიდვა გამოაცხადა და მათზე 267,490,306 ლარი დახარჯა. ამ თანხის 93.4% – 249,920,551 ლარი 2018 წლის აგვისტოდან დღემდე დაიხარჯა, ანუ მას შემდეგ, რაც აბასთუმნით ბიძინა ივანიშვილი დაინტერესდა.
  • 2018-2022 წლებში აბასთუმანში სახელმწიფო შესყიდვებით გახარჯული თანხის 83,1% – 207,720,451 ლარი „ქართული ოცნების“ შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა მიიღეს. მათ, სხვადასხვა დროს მმართველ პარტიას 1,276,000 ლარი შესწირეს.
  • 2018 წლის აგვისტოდან დღემდე აბასთუმანში განხორციელებული საჯარო შესყიდვებიდან 145,101,148 ლარი, ანუ მთლიანად გახარჯული თანხის 58,1%, “ქართული ოცნების” შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა უკონკურენტოდ და სხვა პრეტენდენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე მიიღეს.
    მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებული კომპანიებიდან აბასთუმნის ტენდერებში ყველაზე მეტი თანხა შპს „არალმა“ და შპს „ჯეუ გრუპმა“ მიიღეს, ჯამში – 140,492,444 ლარი.
  • 2018-2022 წლებში, ყველაზე მეტი თანხა – 150,968,119 ლარი, 16 შესყიდვით საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოყო. ყველაზე ნაკლები კი – 126,697 ლარი 2 შესყიდვით – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ.
    ყველა უწყებამ, გარდა ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიისა, ბოლო ოთხწელიწადნახევარში იმაზე მეტი დახარჯა, ვიდრე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან პირველ 6 წელიწადში.
  • 2012 წლიდან 2018 წლის აგვისტომდე 5 სახელმწიფო უწყებას სულ 110 სახელმწიფო შესყიდვით 17,569,755 ლარი ჰქონდა დახარჯული. აქედან, 15 სახელმწიფო შესყიდვის 7,302,165 ლარის ჯამური ღირებულების კონტრაქტები „ქართული ოცნების“ შემწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა მიიღეს. მათ მმართველ პარტიას, სხვადასხვა დროს ჯამში 220 000 ლარი შესწირეს.

გარეკანის ფოტო: სასტუმრო “პარაგრაფის” პროექტი აბასთუმანში

მასალების გადაბეჭდვის წესი