საზოგადოება

აქცია გვარამიას მხარდასაჭერად პრეზიდენტის სასახლესთან

27 მაისი, 2023 •
აქცია გვარამიას მხარდასაჭერად პრეზიდენტის სასახლესთან

საქართველოს პრეზიდენტის სასახლესთან, ორბელიანის მოედანზე, „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას მხარდამჭერი აქცია იმართება. გვარამიას დაპატიმრებიდან უკვე ერთ წელზე მეტი გავიდა.

აქციაში მონაწილეობენ როგორც გვარამიას გულშემატკივრები, ისე „მთავარი არხის“ თანამშრომლები, სხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტები და პოლიტიკოსებიც.

„იცით, ნიკა გვარამიას დაკავებით ხელისუფლებამ როგორი ზღვარი გადალახა? პირდაპირ გვითხრა, ამის მერე მე იმას გავაკეთებ, რაც მომესურვება, ნებისმიერ ადამიანს ჩავსვამ ციხეში, როცა მომინდება. მაშინ ბევრმა პირდაპირ გავიგეთ ეს სათქმელი და ბევრმა ვერ გაიგო, ვერ მიხვდნენ რასთან გვქონდა საქმე, რომ ეს რუსეთისკენ წასვლას ნიშნავდა.

პანიკიორობას გვაბრალებდნენ, ბევრს გაუხარდა ეს ამბავი. რეალურად, ჩვენ ბოლო ერთი წელია ვხედავთ, საით მიდის ეს ქვეყანა, საით მიდის ეს ხელისუფლება, ყველანაირი ფარგლებიდან გავიდა და პირდაპირ რუსეთში მიდის“, — უთხრა „მთავარ არხს“ ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორმა ნინო ჯანგირაშვილმა.

მისივე აზრით, გვარამიას დაპატიმრებით ხელისუფლებამ მთავარი ოპონენტი მოიშორა.

როგორც ჯანგირაშვილი ამბობს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს არ უნდა სჭირდებოდეს თხოვნა, შეიწყალოს ნიკა გვარამია, „მით უმეტეს იმ ფონზე, რა რიტორიკასაც ის ბოლო პერიოდში ავითარებს“.

პრეზიდენტი ზურაბიშვილი ბოლო დროს ხელისუფლების ანტიდასავლურ პოლიტიკას მწვავედ აკრიტიკებს, რისი კულმინაციაც 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მისი სიტყვა იყო.

„გვარამიას საქმე პოლიტიკური დევნის სამაგალითო საქმე. როცა ასეთ საქმეზე შეწყალების ინსტრუმენტს არ იყენებ, ამას ახსნა არ აქვს. მეტსაც გეტყვით: აქამდე უკვე რომ არ გამოიყენა, ამას არ აქვს ახსნა. თუმცა ყოველთვის სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. მას შეუძლია გადაირჩინოს რეპუტაცია, თუ შეწყალების ინსტრუმენტს გამოიყენებს. ჩემთვის საკითხი ასე დგას“, — აღნიშნა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

აქციის დაწყებამდე ათონელის საპრეზიდენტო რეზიდენციასთან შეკრებილებსა და ციხეში მყოფ ნიკა გვარამიას სიტყვით მიმართა „მთავარი არხის“ წამყვანმა პაატა იაკობაშვილმა:

„იმ დღეს, როცა ნიკა დააპატიმრეს, მან გვთხოვა არავისთვის, არასდროს, მთავარი არხის სახელით არ გვეთხოვა მისი გათავისუფლება და შეწყალება. ეს გვთხოვა, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ჩვენ, ჟურნალისტებსა და ტელეკომპანიის თანამშრომლებს, მომავალში არ გასჩენოდათ თვითცენზურის კომპლექსი და ჩვენს მომავალ რესპონდენტებთან არ ვყოფილიყავით დაკომპლექსებულები. ერთი წელი მის ამ თხოვნას ვიცავდით, მაგრამ დღეს ვითარება შეცვლილია, ნიკა.

დღეს შენი თავისუფლება აღარ გეკუთვნის მხოლოდ შენ. შენი თავისუფლება პირდაპირ არის დაკავშირებული ამ ქვეყნის მომავალთან. ამიტომ ჩვენ, მთელ ქართულ საზოგადოებასთან ერთად, დღეიდან აქტიურად შევუერთდებით ამ ბრძოლას და ყოველდღიურ რეჟიმში ქუჩაშიც მოვითხოვთ შენს თავისუფლებას!“

აქციის ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ გვარამიას პატიმრობა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დიდი დაბრკოლებაა ისინი პრეზიდენტს მოუწოდებენ, შეიწყალოს პოლიტპატიმარი გვარამია და ამით ხელი შეუწყოს ქვეყნის ევროპისკენ სწრაფვა.

სტატია ახლდება

მასალების გადაბეჭდვის წესი