ახალი ამბები

არასოდეს თქვა არასოდეს – ვიქტორ ყიფიანი პოლიტიკაში წასვლაზე

23 მაისი, 2023 •
არასოდეს თქვა არასოდეს – ვიქტორ ყიფიანი პოლიტიკაში წასვლაზე

ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი ვიქტორ ყიფიანი არ გამორიცხავს, რომ პოლიტიკაში წავიდეს. ამის შესახებ მან, დღეს, 23 მაისს, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

ვიქტორ ყიფიანის თქმით, საზოგადოება ძალიან გადაიღალა იმ ვითარებით, რომელსაც ხედავს და მოთხოვნილება აქვს ახალ მოთამაშეებსა და ახალ სახეებზე, რაშინც ახალი ხელწერა და მიდგომა იგულისხმება.

„სიმართლე გითხრათ, ვინც არ უნდა იღებდეს პოლიტიკაში შესვლის გადაწყვეტილებას, ამას რაღაც განსაკუთრებული ეპატაჟი არ უნდა უკავშირდებოდეს. მე თუ ეს გადაწყვეტილება მივიღე, ამას ძალიან მშვიდად ვიტყვი, მაგრამ ჩემი გონება და ჩემი ფიქრი ახლა სხვა რამით არის დაკავებული. ერთი რამ მიკვირს, როდესაც საქართველოში ირჩევენ ამა თუ იმ მაღალი თანამდებობის პირს, ჩვენ კადრებს ვუყურებთ ხოლმე, ზღვა მილოცვებისა და აღფრთოვანებისა. სიმართლე რომ გითხრათ, დღეს საქართველოს რეალობაში, შენს თავზე რომ აიღო პოლიტიკური ტვირთი და სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, ეს უფრო თანაგრძნობას იწვევს, ვიდრე აღტკინებასა და სიხარულს, ეს იმოდენა ტვირთი და პასუხისმგებლობაა. ამიტომ ამას შევხედოთ არა როგორც ძღვენს, არამედ როგორც ძალიან დიდი პასუხისმგებლობის ტვირთს. ამდენად თუ ვინმე ამას განიზრახავს, მხოლოდ ქებადაქება და დიდება [ეკუთვნის]“, – განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

ვიქტორ ყიფიანს ჰკითხეს, ხომ არ მოიაზრებს პოლიტიკაში პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარე კახა კუჭავასთან ერთად მოსვლას, ვინაიდან სოციალურ ქსელში მათი ერთობლივი ფოტოები გავრცელდა.

„სელფი“ არაერთ პირთან გადამიღია და მიკვირს, რატომ მანამდე არ გაჩნდა ასეთი ეჭვი. არაერთი მათგანი გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწე იყო, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და სხვა, მაშინ რატომ არ გაჩნდა ასეთი კითხვები? ძაფი რომ არ გაგვექცეს თქვენ კითხვაზე პასუხისა, სიმართლე, რომ გითხრათ, არის ასეთი გამონათქვამი – არასოდეს თქვა არასოდეს. ჩვენ ზომაზე მეტად ნუ დავწვრილმანდებით ჩვენს პასუხში და ჭარბ მოკრძალებასაც ნუ გამოვიჩენთ. რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში ასეთი გადაწყვეტილების მიღებას ჩვენ უნდა მივესალმებოდეთ როგორც მის სამოქალაქო გმირობას და გამბედაობას, საკუთარ მხრებზე აიღოს ძალიან კონკრეტული და მძიმე გადაწყვეტილება. ასე, რომ ვინც არ უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება, ჩვენ ასეთ პრიზმაში უნდა შევხედოთ და გაგებით მოვეკიდოთ“, – განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

კითხვაზე, თუ პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილებას მიიღებს, როგორი რეაქცია ექნება ბიძინა ივანიშვილს, ვიქტორ ყიფიანი პასუხობს:

„რაც შეეხება იმ შესაძლო გადაწყვეტილებას, ისიც კი ჰიპოთეტური არის და ჩვენ ახლა ზეჰოპოთეტურ სივრცეში გადავედით. ჰიპოთეტურზე გაგვჭირდა კონკრეტიკა და გადავდივართ ზეჰოპოთეტურზე. ვის რა დამოკიდებულება ექნება, ეს მისი პირადი საქმეა“, – განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.


იურიდიულმა ფირმამ „ემ ქეი დი“ (წარსულში „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგურის“), რომლის უფროსი პარტნიორიცაა ვიქტორ ყიფიანი, ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივი მრჩევლების ბოლო განცხადება 28 თებერვალს გაავრცელა. ივანიშვილის საქმეს იურიდიულ ფირმაში სწორედ ვიქტორ ყიფიანი კურირებდა და იცავს მის ინტერესებს შვეიცარიულ ბანკ „კრედიტ სუისთან“ დავაში.

ვიქტორ ყიფიანი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა „ემ ქეი დისთან“ საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ 9 მარტს, პირადად აცნობა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ვიქტორ ყიფიანის ადვოკატობაზე უარი თავად ბიძინა ივანიშვილმა თქვა. მისი თქმით, ყიფიანის „ჩახსნა“ კონკრეტული მიზეზების გამო მოხდა. თუმცა  კობახიძე არ აკონკრეტებს, რა მიზეზებზეა საუბარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი