საზოგადოება

ვაშინგტონში ქართული აეროპორტების სანქცირების რისკებზე მიანიშნეს

12 მაისი, 2023 • 978
ვაშინგტონში ქართული აეროპორტების სანქცირების რისკებზე მიანიშნეს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე, ვედანტ პატელი, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ გამოეხმაურა ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა უნდა აღდგეს.

პატელმა 11 მაისს თქვა:

“ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის აშშ, უკრძალავს რუსულ თვითმფრინავებს თავიანთ საჰაერო სივრცეში შესვლას.

თუკი პირდაპირი ფრენები რუსეთსა და საქართველოს შორის აღდგა, ჩვენ, რა თქმა უნდა, შეშფოთებული ვიქნებით იმით, რომ კომპანიები საქართველოს აეროპორტებში იქნებიან სანქციების რისკის ქვეშ, თუკი მოემსახურებიან ავიახომალდს, რომელიც ექვემდებარება იმპორტისა და ექსპორტის კონტროლს.

მთელი დასავლური საზოგადოება დისტანცირდა რუსეთისგან. ახლა არცერთი ქვეყნისთვის არაა დრო, გაზარდოს ჩართულობა რუსეთთან.

საქართველოს მოსახლეობა, სავარაუდოდ, ამჯობინებს, რომ პრეზიდენტმა პუტინმა გამოიყვანოს რუსული ჯარები საქართველოს ტერიტორიის 20%-დან, რომელიც რუსეთს აქვს ოკუპირებული, ვიდრე პირდაპირი ფრენები აღდგეს ან სავიზო რეჟიმი შეიცვალოს”.

იმპორტისა და ექსპორტის კონტროლს დაქვემდებარებულ ავიახომალდებში აშშ-ის სანქციებს დაქვემდებარებული ავიახომალდები იგულისხმება.

ვლადიმირ პუტინის ახალი განკარგულებით, რუსეთმა მოხსნა საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდეგ დაწესებული შეზღუდვა. აგრეთვე, გაუქმდა სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის.

საქართველოსთან პირდაპირი ფრენები რუსეთმა 2019 წლის 8 ივლისს შეწყვიტა, მას შემდეგ, რაც დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამში დაჯდომამ პროტესტი გამოიწვია.

ბოლო დროს რუსული მხარე აქტიურად საუბრობდა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობაზე. მმართველ პარტიაში მოვლენათა ასეთ განვითარებას მიესალმებოდნენ, თუმცა წინააღმდეგი იყო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

პრეზიდენტის თქმით, საქართველოსნაირი სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტი დიასპორის მიმართ კომპლექსური სტრატეგიის ქონა უნდა იყოს და „არა კრემლის მიერ შერჩეულ დროს და დაკვეთილ მუსიკაზე ცეკვა“.

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, მომართვის შემთხვევაში, რუსული კომპანიები, რომლებიც არ არიან სანქციების ქვეშ, ფრენების განხორციელებას შეძლებენ.

პუტინის გადაწყვეტილების გახმაურების შემდეგ, სამინისტროში თქვეს, რომ  სანქცირებული კომპანიები ან ხომალდები რეისებს ვერ განახორციელებენ.

ამავე თემაზე:

არა “საჩუქარი”, არამედ შანტაჟია – ხიდაშელი სავიზოს გაუქმებაზე

„ყველაფერი ამისკენ მიდიოდა“ – ბადრიძე სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე

არა “საჩუქარი”, არამედ შანტაჟია – ხიდაშელი სავიზოს გაუქმებაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი