ახალი ამბები

„ყველაფერი ამისკენ მიდიოდა“ – ბადრიძე სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე

10 მაისი, 2023 • 835
„ყველაფერი ამისკენ მიდიოდა“ – ბადრიძე სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე

საქართველოს ყოფილი ელჩი გაერთიანებულ სამეფოში გიორგი ბადრიძე „სრულიად ლოგიკურად“ მიიჩნევს რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხნას.

მისი თქმით, ეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგია.

„სრულიად ლოგიკურია, იმ ნაბიჯების გათვალისწინებით, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ახორციელებს მოსვლის დღიდან – ლაპარაკით პროდასავლური კურსის გაგრძელების შესახებ, რეალურად – რუსეთთან დაახლოების სახით“, – უთხრა მან „ნეტგაზეთს“.

როგორც ბადრიძე ამბობს, პუტინის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ არის და საკმაო ხანია, ყველაფერი ამ მიმართულებით მიდის:

„მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა, ყველაფერი, საკმაო ხნის განმავლობაში, ამისკენ მიდიოდა. ამაზე შეგვეძლო გვემსჯელა როგორც ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლების, გნებავთ, რუსი პოლიტიკოსების თუ პროპაგანდისტების განცხადებების საფუძველზე“.


ვლადიმირ პუტინის ახალი განკარგულებით, რუსეთმა მოხსნა საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდეგ დაწესებული შეზღუდვა. აგრეთვე, გაუქმდა სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის.

საქართველოსთან პირდაპირი ფრენები რუსეთმა 2019 წლის 8 ივლისს შეწყვიტა, მას შემდეგ, რაც დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამში დაჯდომამ პროტესტი გამოიწვია.

ბოლო დროს რუსული მხარე აქტიურად საუბრობდა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობაზე. მმართველ პარტიაში მოვლენათა ასეთ განვითარებას მიესალმებოდნენ, თუმცა წინააღმდეგი იყო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, მომართვის შემთხვევაში, რუსული კომპანიები, რომლებსაც სანქციები არ დაუწესდათ, ფრენების განხორციელებას შეძლებენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი