სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დეივიდ ო’სალივანი საქართველოში ჩამოვა. ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს ევროკომისიაში დაუდასტურეს.
„დეივიდ ო’სალივანი ამჟამად ეწვევა რიგ მესამე ქვეყნებს, რათა განიხილოს ევროკავშირის მუშაობა სანქციების იმპლემენტაციასა და სანქციებისთვის გვერდის ავლის საწინააღმდეგო ზომებზე. საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც ჩასვლასაც მომავალ კვირებში და თვეებში გეგმავს“, – ნათქვამია ევროკომისიის მიერ ნეტგაზეთისთვის გამოგზავნილ პასუხში.
ამასთან, გამოცემა POLITICO-ს ცნობით, სპეციალური წარმომადგენელი ევროკავშირის სანქციების საკითხებში უკვე იმყოფებოდა თურქეთში, უზბეკეთსა და ყაზახეთში სანქციების გვერდის ავლის მასშტაბის შესაფასებლად.
როგორც ცნობილია, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტს აანონსებს, რომელიც სწორედ მესამე ქვეყნების საშუალებით სანქციების გვერდის ავლაზე იქნება ფოკუსირებული.
სანქციების ახალი პაკეტის პროექტის მიხედვით, რომელსაც ნეტგაზეთი გაეცნო, რუსეთისთვის იმპორტზე ახალი შეზღუდვების დამატებასთან ერთად, იზრდება მესამე ქვეყნების პასუხისმგებლობაც სანქციების გვერდის ავლისთვის.
სანქციების ახალი პაკეტის პროექტით, მესამე ქვეყნების მეშვეობით სანქციებისთვის გვერდის ავლის აღმოსაფხვრელად ძალისხმევა უნდა მიიმართოს ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებაზე, დიპლომატიური ჩართულობისა და მესამე ქვეყნებისთვის ტექნიკური დახმარების გაწევის გზით.
თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში გაწეული ძალისხმევა შედეგს არ გამოიღებს, მესამე ქვეყნების პირების ან სუბიექტებისთვის სანქციების გვერდის ავლის გამო ევროკავშირი პასუხისმგებლობის დაკისრებას აპირებს.
სანქციების ახალი პაკეტით ფართოვდება იმ სუბიექტების ჩამონათვალი, რომლებიც უშუალოდ უჭერენ მხარს რუსეთის სამხედრო და სამრეწველო კომპლექსს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში. კერძოდ, სანქცირებულთა სიაში 35 ახალი სუბიექტი ემატება, რომლებზეც იმოქმედებს საექსპორტო შეზღუდვები ორმაგი დანიშნულების საქონელსა და ტექნოლოგიაზე, ასევე, იმ საქონელსა და ტექნოლოგიაზე, რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს რუსეთის თავდაცვის ტექნოლოგიურ გაუმჯობესებას.
სამხედრო დრონების ირანელი მწარმოებლების და რუსეთის სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის პირდაპირი კავშირების გათვალისწინებით, სანქციების ახალ პაკეტში ხვდება მესამე ქვეყნებში ბაზირებული კიდევ ოთხი იურიდიული პირი, რომელიც ჩართულია დრონების წარმოებასა და მათ მიწოდებაში რუსეთისთვის.
„რუსეთის სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის მიერ ელექტრონული კომპონენტების როლის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, რომ სიას დაემატოს კონკრეტული სხვა იურიდიული პირები მესამე ქვეყნებიდან, რომლებიც ჩართულნი არიან სავაჭრო შეზღუდვებისთვის გვერდის ავლაში, და კონკრეტული რუსული იურიდიული პირები, რომლებიც ჩართულნი არიან რუსეთის სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსისთვის ელექტრონული კომპონენტების წარმოებასა და მიწოდებაში“, – აღნიშნულია სანქციების მეთერთმეტე პაკეტის პროექტში.
