საზოგადოება

მოსკოვის საცხრამაისო აღლუმში მხოლოდ ერთი ტანკი მონაწილეობდა

9 მაისი, 2023 • 1039
მოსკოვის საცხრამაისო აღლუმში მხოლოდ ერთი ტანკი მონაწილეობდა

მოსკოვში გამართულ წლევანდელ საცხრამაისო სამხედრო აღლუმზე საგრძნობლად ნაკლები საბრძოლო ტექნიკა უჩვენეს პუბლიკას.

ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლების” რუსული ბიურო ავრცელებს. გამოცემა ეყრდნობა ანალიტიკოს ოლივერ ალექსანდერს, რომელმაც ამის შესახებ სოციალურ ქსელ ტვიტერზე დაწერა.

ალექსანდერის ცნობით, 2021 წელს აღლუმში 197 საბრძოლო მანქანა მონაწილეობდა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ეს რაოდენობა 131-მდე შემცირდა, წელს კი წითელ მოედანზე მხოლოდ 51-მა ერთეულმა გაიარა.

ამასთან, შემცირებული იყო თავად აღლუმის მიმდინარეობის ხანგრძლივობაც. აღლუმი, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გამოსვლის ჩათვლით, 45 წუთს გაგრძელდა, როცა წინა წლებში ხანგრძლივობა საათ-ნახევარს აღწევდა. ეს დრო ასევე მოიცავდა საჰაერო ტექნიკის წარდგენისაც, თუმცა წლევანდელ აღლუმზე ეს უკანასკნელი გაუქმდა.

ასევე, 2007 წლის შემდეგ აღლუმი პირველად ჩატარდა მძიმე ჯავშანტექნიკის გარეშე.

მსვლელობა დაიწყო მეორე მსოფლიო ომის დროინდელი T-34-ით (ეს ერთადერთი ტანკია, რომელიც აღლუმზე გამოიყვანეს), რასაც მოჰყვა მსუბუქი საბრძოლო მანქანები — “ვეფხვები”, შემდეგ “ურალი” და ქვეითთა საბრძოლო მანქანები “ბუმერანგი”. ასევე მსვლელობაში მონაწილეობდა სარაკეტო კომპლექსი “ისკანდერი”, С-400 და კონტინენტთაშორისი ბალისტიკური 3 რაკეტა — “იარსი”

“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, გასულ წელს ტექნიკის მსვლელობას საგრძნობლად დიდი დრო სჭირდებოდა და მასში მონაწილეობას იღებდა თანამედროვე ტანკი “არმატა” და სხვა სამხედრო მანქანები, რომლებსაც რუსი სამხედრო კომენტატორების შეფასებით, “მსოფლიოში ანალოგი არ აქვთ”. თუმცა აღნიშნულ ტექნიკას ან საერთოდ არ იყენებს რუსეთი უკრაინასთან ომში, ან ძალიან შეზღუდული რაოდენობითაა ფრონტზე წარმოდგენილი.

როგორც გამოცემა “სააგენტო” აღნიშნავს, აღლუმში 8 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა, ეს 2008 წლიდან მოყოლებული მონაწილეთა მინიმალური რაოდენობაა. გასულ წელს აღლუმში 11 ათასი სამხედრო მონაწილეობდა.

რუსეთის 24 ქალაქში ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 9 მაისის სამხედრო აღლუმი საერთოდ არ ჩაეტარებინა.

ნაციზმის გამარჯვებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გაუქმებას აქამდე რუსული ხელისუფლება ხსნიდა სურვილით, არ მოეხდინა მოწინააღმდეგის [უკრაინის] პროვოცირება. მოსკოვშიც კი გაუქმდა „უკვდავი პოლკის“ მსვლელობა.

თუმცა მოსკოვში სამხედრო აღლუმი მაინც შედგა. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გარდა, მას დაესწრნენ სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის ლიდერები. მოსკოვში იმყოფება ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო.

მასალების გადაბეჭდვის წესი