საზოგადოება

ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობის მხარდაჭერა 25%-ით გაიზარდა – NDI-ის კვლევა

3 მაისი, 2023 • 644
ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობის მხარდაჭერა 25%-ით გაიზარდა – NDI-ის კვლევა

აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის [NDI] კვლევის თანახმად, წინა, 2022 წლის თებერვალთან შედარებით, 29%-დან 54%-მდე გაზრდილია იმ რესპონდენტთა წილი, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველოს ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა უნდა ჰქონდეს ევროკავშირთან, ხოლო 24%-დან 12-მდე შემცირებულია მათი რიცხვი, ვინც ემხრობა მჭიდრო ურთიერთობას რუსეთთან.

ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება თბილისში მცხოვრებ რესპონდენტთა და ახალგაზრდების [18-34 წლის] ჯგუფებში. პარტიული პრეფერენციების მიხედვით მნიშვნელოვანი განსხვავებები არ შეინიშნება.

რაც შეეხება ეკონომიკურ თანამშრომლობას, წინა წლის თებერვალთან შედარებით 22%-იდან 52%-მდე გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც მხარს უჭერს ყველაზე მჭიდრო ურთიერთობას ევროკავშირთან. რუსეთთან თანამშრომლობის მოსურნეთა წილი ამავე პერიოდში შემცირდა 29%-დან 16%-მდე.

წინა წელს ჩატარებულ რამდენიმე კვლევასთან შედარებით, ფაქტობრივად, უცვლელია ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერთა წილი – ის მერყეობს დაახლოებით 80%-ის მიდამოებში. 2023 წლის მარტში  მხარდაჭერამ შეადგინა 82%.

თუმცა რესპონდეტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მთავრობა ან არაფერს აკეთებს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის [ასე ფიქრობს 18%], ან საკმარისს არ აკეთებს [35%]. 28% ამბობს, რომ მთავრობა მიზნის მისაღწევად ყველაფერს აკეთებს. ცვლილებები 2022 წლის დეკემბერთან შედარებით ცდომილების ზღვარი [2%] ფარგლებშია. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა შორის,ჯამში, 19%-იც იზიარებს, რომ მთავრობა ან არაფერს აკეთებს [3%] ევროინტეგრაციისთვის, ან საკმარისს არ აკეთებს [16%].

მაღალ დონეზე,  73 პროცენტზე, რჩება ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერაც. ცვლილებები წინა კვლევებთან შედარებით უმნიშვნელოა.

ამასთან, მათი წილი, ვისაც ევროატლანტიკური ინტეგრაცია რუსეთთან ახლო ურთიერთობას ურჩევნია, გაზრდილია – 65%-დან [2022 წლის ივლისი] 69%-მდე. მათი რიცხვი, ვინც მოსკოვთან დაახლოებას ამჯობინებს, ამავე პერიოდში 12-დან 7 პროცენტამდე შემცირდა.

ევროატლანტიკური ინტეგრაციით საქართველოს მიერ მეტი სარგებლის მიღების თეზისს, ოპოზიციის მხარდამჭერ [81%] ან პარტიის დასახელებაზე უარის მთქმელ [70%] მოქალაქეებთან შედარებით, ნაკლებად ეთანხმებიან მმართველი პარტიის მხარდამჭერები [56%].

აგრეთვე, უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები უნდა შეზღუდოს ან ისე დატოვოს, როგორც არის. ქალები, ახალგაზრდები და ოპოზიციის მხარდამჭერები უფრო მეტად უჭერენ მხარს ასეთ ნაბიჯს. უმნიშვნელოდ, 4%-ით შემცირდა მათი წილი, ვინც რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებას უჭერს მხარს [2022 წლის ივლისთან შედარებით].


კვლევა ჩატარდა 2023 წლის 17-23 მარტს, სატელეფონო ინტერვიუს ფორმატში. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოპასუხების დონემ შეადგინა 14%. ცდომილების ზღვარია +/- 2%.

NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით განხორციელდა. საველე სამუშაოები ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.

მასალების გადაბეჭდვის წესი