საზოგადოება

მთავრობამ შექმნას ფონდი, ჩემგან პირველი შენატანი 100 000 ლარი იქნება — ხაზარაძე აქონდროპლაზიაზე

22 აპრილი, 2023 • 1678
მთავრობამ შექმნას ფონდი, ჩემგან პირველი შენატანი 100 000 ლარი იქნება — ხაზარაძე აქონდროპლაზიაზე

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე მთავრობას აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებისთვის მედიკამენტის შესაძენად სპეციალური ფონდის შექმნისკენ მოუწოდებს და მზადყოფნას გამოთქვამს, ფონდის დაფინანსებაში მიიღოს მონაწილეობა.

„მივმართავ მთავრობას, შეიქმნას სპეციალური ფონდი, სადაც სახელმწიფო, კერძო ბიზნესი და მოქალაქეები ერთობლივად შეიტანენ ფინანსურ წვლილს ამ ბავშვების გადასარჩენად. მზად ვარ, პირადად მივიღო მონაწილეობა ამ ფონდის დაფინანსებაში. არის საკითხები, რომლებიც ყველანაირ პოლიტიკაზე მაღლაა. მოდით, ვისწავლოთ ასეთი საქმეების ერთობლივად კეთება პოლიტიკის გარეშე, ვისწავლოთ გაერთიანება პრობლემის გარშემო, ვისწავლოთ ერთად სიკეთის კეთება… ჩემგან პირველი შენატანი 100 000 ლარი იქნება“, — აცხადებს ხაზარაძე.

რამდენიმე თვეა, რაც აქონდროპლაზიის მქონე ბავშვთა მშობლები საპროტესტო აქციებს მართავენ და ითხოვენ, სახელმწიფომ საქართველოში შემოიტანოს და დააფინანსოს ბავშვებისთვის აუცილებელი პრეპარატი Voxzogo.

2021 წელს პრეპარატ Voxzogo-ს (აქტიური ნივთიერება – ვიზოდორიტით) აშშ-ის წამლისა და საკვების ადმინისტრაციამ (FDA), ასევე ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) ავტორიზაცია მისცა. ეს პრეპარატი პირველია, რომელიც გამოიყენება სინდრომისა და მისგან გამოწვეული სიმპტომების სამკურნალოდ. მშობლები ამბობენ, რომ მისი მიღება ეფექტურია მხოლოდ გარკვეულ დრომდე, კერძოდ – 18 წლამდე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი