საზოგადოება

რუსეთში პუგაჩოვა, ვალერი მელაძე და ლია ახეჯაკოვა ერთმა კაცმა დაასმინა – ვინ არის ის?

19 აპრილი, 2023 • 8327
რუსეთში პუგაჩოვა, ვალერი მელაძე და ლია ახეჯაკოვა ერთმა კაცმა დაასმინა – ვინ არის ის?

ბოლო დროს რუსული მედია თითქმის ყოველდღე იუწყება, რომ ვინმე ვიტალი ბოროდინი პროკურატურისგან სხვადასხვა საჯარო ფიგურის შემოწმებას ან მათ წინააღმდეგ საქმის აღძვრას ითხოვს. ყველა ამ ფიგურას ახასიათებს რუსეთის ხელისუფლებისა და უკრაინაში შეჭრისადმი თუნდაც მინიმალური ოპონირება.

ბოროდინის „დასმენებზე“ „ნეტგაზეთიც“ წერდა – ბოლო დღეებში მისი სამიზნე ვალერი მელაძე და ლია ახეჯაკოვა გახდნენ. დღეს სიას ალა პუგაჩოვაც დაემატა.

მათ გარდა, ბოროდინი წლების განმავლობაში ითხოვს ზომების მიღებას დამოუკიდებელი მედიის თუ ორგანიზაციების წინააღმდეგ – ძირითადად ბრალს სდებს მათ უცხოური დაფინანსების მიღებაში, თუმცა თავადაც აქვს მიღებული გრანტი ამერიკული ორგანიზაციისგან.

ამერიკული ფონდის გრანტი

39 წლის ბოროდინი რუსული საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად ცნობილი 2021 წელს გახდა. მიზეზი მაშინაც დასმენა გახდა – „მავნებლობის“ ბრალდებით ბოროდინმა პროკურატურას სთხოვა მედიასაშუალება „პროექტის“ შემოწმება. მალევე გამოცემა „არასასურველ ორგანიზაციად“, მისი ჟურნალისტების ნაწილი კი „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადეს.

ბოროდინი ასევე ამბობდა, რომ „პროექტი“ დაფინანსებას იღებდა აშშ-ის კონგრესის მიერ შექმნილი „დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდისგან“ [NED], თუმცა 2020 წელს ამავე ფონდს აქებდა და აცხადებდა:

„დიახ, წინა წელს გავიარე სწავლება ფონდის პროგრამით. მინდა მადლობა გადავუხადო ფონდის უფროს დირექტორს ევრაზიასა და რუსეთში თანამშრომლობის შემოთავაზებისთვის და სწავლების თანხის დაფარვის დახმარებისთვის. ფონდმა სრული ღირებულების 70% დაფარა“.

მოგვიანებით „მედუზასთან“ ინტერვიუში იგი უარყოფს, რომ ასეთი რამ აქვს ნათქვამი.

ვიტალი ბოროდინი

„კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“, რომელიც მედიას ებრძვის

2017 წლიდან ბოროდინი ხელმძღვანელობდა „უსაფრთხოებისა და კორუფციასთან ბრძოლის ფონდს“ – არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელსაც ფაქტობრივად იდენტური სახელის გამო ალექსეი ნავალნის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ „სპოილერად“ მიიჩნევენ.

მიუხედავად ორგანიზაციის სახელისა, ბოროდინის საქმიანობა კორუფციასთან ბრძოლასთან ნაკლებადაა დაკავშირებული – იგი დიდწილად ებრძვის რუსეთის ხელისუფლებისთვის არასასურველ მედიებსა თუ ორგანიზაციებს და ახლა უკვე ფიზიკურ პირებს, ასმენს პროკურატურასა თუ სხვა უწყებებში, რის შემდეგაც მათი შემოწმება და სანქცირება ხორციელდება. 2021 წლის ინტერვიუში მან პირობა დადო, რომ მედიის უცხოური დაფინანსების შემოწმებას მიხედავს.

დამოუკიდებელ მედიასთან ბრძოლას ბოროდინი ხსნის პირადი გამოცდილებით და არა ხელისუფლების დირექტივით  – ამბობს, რომ თავად გამხდარა „შეკვეთილი პუბლიკაციების მსხვერპლი“.

„შექმნეს ნაგავსაყრელები და ნორმალურ ხალხს ტალახში სვრიან. ამ მიმართულებით ცოტა წესრიგია დასამყარებელი“, – უთხრა მან „მედუზას“.

შესაძლო კავშირი ხელისუფლებასთან

ბოროდინი, რომელიც თავის პოლიტიკურ კუმირად ვლადიმერ პუტინს ასახელებს, კითხვებს პირდაპირ არ პასუხობსკრემლთან თუ ძალოვნებთან კავშირებზე, თუმცა მისი ფონდის ხელმძღვანელობაში პროკურატურის ორი მაღალჩინოსანი შედის.

2009 წლიდან ის მუშაობდა სხვადასხვა კერძო კომპანიებში, ხოლო 2014 წელს გახდა „სპეცპრომსტროის“ მეწილე – ამ კომპანიას რუსეთის სახელმწიფო დუმის ყოფილ დეპუტატ იგორ კასიანოვს უკავშირებენ.

2016 წლიდან ბოროდინი პოლიტიკაშიც ჩნდება – ხელმძღვანელობდა მმართველი პარტიის, „ერთიანი რუსეთის“ „ახალგაზრდულ ანტიკორუფციულ პროექტს“, იყო სახელმწიფო დუმის უსაფრთხოების კომიტეტის საექსპერტო საბჭოში და მოსკოვის ჩრდილო-დასავლეთ ოლქის შინაგან საქმეთა სამმართველოს საზოგადოებრივ საბჭოში.

ბოლოს საჯარო სამსახურში ბოროდინი 2020 წელს იყო, მოსკოვის ოლქის ქალაქის, სოლნეჩნოგორსის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციაზე. თანამდებობა მან რიგი ბლოგერებისა და ტელეგრამ-არხების ბრალდებების გამო დატოვა – ვრცელდებოდა ცნობები, რომ კორუფციასთან ბრძოლის ფონდის ხელმძღვანელი ბოროდინი ფულს სძალავდა ადგილობრივ ბიზნესმენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი