რუსეთში ვიტალი ბოროდინმა, „უსაფრთხოებისა და კორუფციასთან ბრძოლის ფედერალური პროექტის“ ხელმძღვანელმა, გენერალურ პროკურატურას მიმართა – იგი ლია ახეჯაკოვას წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით გამოძიების დაწყებას ითხოვს, იუწყება „მედუზა“.
ბორიდინი, რომელმაც აქამდე სხვა არტისტებიც, მათ შორის ვალერი მელაძეც დაასმინა, ამბობს, რომ ახეჯაკოვა აკრიტიკებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ [ასე უწოდებენ უკრაინაში შეჭრას რუსეთში] და აფინანსებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს (ამას ახეჯაკოვა უარყოფს).
ბოროდინი ითხოვს, ახეჯაკოვას წინააღმდეგ დაიწყონ გამოძიება სახელმწიფო ღალატის, რუსეთის ჯარის „დისკრედიტაციის“ და ზიზღის ან მტრობის გაღვივების მუხლებით. ის აგრეთვე მოუწოდებს ხელისუფლებას, მსახიობი „უცხოეთის აგენტად“ გამოაცხადონ და ჩამოართვან სახელმწიფო ჯილდოები.
ახეჯაკოვა სრულმასშტაბიანი ომის დღიდან მოუწოდებდა მოქალაქეებს, არ ყოფილიყვნენ ჩუმად ანტისაომარი პოზიციის შესახებ და ანტისაომარი განცხადებებით გამოდიოდა.
2023 წლის თებერვალში მოსკოვურმა თეატრმა „სოვრემენიკმა“ მსახიობი ბოლო სპექტაკლიდან მოხსნა, მის მიმართ „ბრაზიანი წერილების“ საბაბით, რის შემდეგადაც ახეჯაკოვამ თეატრი დატოვა.