საზოგადოება

ირაკლი შენგელია მისი სანქცირების გასაჩივრებას ამერიკულ სასამართლოში აპირებს

10 აპრილი, 2023 • 1700
ირაკლი შენგელია მისი სანქცირების გასაჩივრებას ამერიკულ სასამართლოში აპირებს

აშშ-ის მიერ სანქცირებული მოსამართლე ირაკლი შენგელია სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების გასაჩივრებას ამერიკულ სასამართლოში გეგმავს.

როგორც მოსამართლე საკუთარ ფეისბუკ გვერდზე წერს, აშშ-ის სასამართლოს გარკვეულ დროში წარუდგენს სარჩელს.

შენგელია მისი სანქცირების შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ უწოდებს დაუსაბუთებელს და აცხადებს, რომ ბრალდებები მისი ღირსებისა და რეპუტაციის წინააღმდეგაა მიმართული:

„მინდა ვაცნობო საზოგადოებას, რომ ვიწყებ აქტიურ მოქმედებებს, რათა მივმართო აშშ-ის მართლმსაჯულების შესაბამის ორგანოს და სადავო გავხადო ჩემი სანქცირების შესახებ უპრეცედენტო, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება კორუფციაში ჩაბმის შესახებ უმძიმესი ბრალდებით, რომელიც ჩემი ღირსებისა და რეპუტაციის წინააღმდეგ არის მიმართული.

არ ვაპირებ ,,კორუმპირებულის“ იარლიყთან შეგუებას. ჩემთვის აშშ-ის ვიზა არ არის მთავარი, შესაძლოა საერთოდაც აღარასდროს გავემგზავრო იქ; არამედ მთავარია ღირსებისა და იმ საქმიანი რეპუტაციის დაცვა, რაც გამაჩნია მთელი ცხოვრების მანძილზე საკუთარი მოვალეობების კეთილსინდისიერად და კვალიფიციურად შესრულების შედეგად.

ვინაიდან ჩემი სარჩელის ადრესატი არის აშშ-ის სასამართლო, სარჩელი მას წარედგინება გარკვეულ დროში, მას შემდეგ, რაც გადავწყვეტ მისი წარდგენისათვის აუცილებელ ორგანიზაციულ საკითხებს. დარწმუნებული ვარ, სიმართლე არ დაიკარგება და სრულად აღვიდგენ ჩემს დარღვეულ უფლებებს“ ,- აცხადებს ირაკლი შენგელია.

5 აპრილს 4 მოსამართლე, მათ შორის ირაკლი შენგელია, მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე და მათი ოჯახები, აშშ-ის სანქციების ქვეშ მოყვა – „მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობის გამო“.

ამ თემაზე წაიკითხეთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი