საზოგადოება

„მინდა, წვლილი შევიტანო საქართველოს განვითარებაში“ – გარიკ გასპარიანი მარნეულიდან

6 აპრილი, 2023 • 2201
„მინდა, წვლილი შევიტანო საქართველოს განვითარებაში“ – გარიკ გასპარიანი მარნეულიდან

„მხოლოდ ცუდ ამბებზე, მაგალითად, ნაადრევ ქორწინებაზე ვახსენდებით მედიას“, – გვითხრეს ახალგაზრდებმა, როდესაც ვკითხეთ, თუ რა არ მოსწონდათ ცენტრალური მედიის მიერ ეთნიკური უმცირესობების საკითხების გაშუქებაში.

არაფორმალური შეხვედრა მარტში, „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ ორგანიზებით, მარნეულში ჩატარდა. 

როგორც მონაწილეებმა გვითხრეს, სურთ, რომ რეგიონში არსებული პრობლემების მიუხედავად, მედიამ  პოზიტიურადაც გააშუქოს და რეგიონის მცხოვრებლებს არა მარტო ადგილობრივ, არამედ სხვა საკითხებზეც მიმართოს კომენტარისთვის.

თუმცა არც პრობლემებისთვის აუვლიათ გვერდი – ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, მათი თქმით, სკოლებში ქართული ენის არასაკმარისად კარგი სწავლებაა.

შეხვედრა ახალგაზრდებთან. ფოტო: ნიკა ბურდული/ნეტგაზეთი


შეხვედრის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე გარიკ გასპარიანი იყო, რომელმაც ყურადღება მარტივად მიიქცია. გარიკმა წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა. გვითხრა, რომ ხუთი ენა იცის და დიპლომატობა სურს.

სწავლის გარდა, გარიკი მარნეულის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებისთვის ტრენინგებსაც ატარებს და აქტიურადაა ჩართული არაფორმალურ განათლებაში. სწავლის დასრულების შემდეგ საკუთარ თავს დიპლომატიურ სამსახურში ხედავს.

გარიკს კიდევ ერთხელ თბილისში შევხვდით. ვისაუბრეთ მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებულ პოზიტიურ მოვლენებსა და გამოწვევებზე, მის სამომავლო გეგმებსა და ნაბიჯებზე, რომლითაც რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს სახელმწიფომ თუ საზოგადოებამ შეიძლება ხელი შეუწყოს.

„ქართული ხომ უნდა ვიცოდე?!“ – ენის ცოდნის პრობლემა მარნეულში

სკოლებში სახელმწიფო ენის, ქართულის სწავლება კი მიმდინარეობს, მაგრამ ეთნიკურ უმცირესობებში ენის ცოდნა კვლავ პრობლემად რჩება. 

როგორც ექსპერტები და უმცირესობების წარმომადგენლები აღნიშნავენ, სწავლების დონე ძირითადად დაბალია; გარდა ამისა, ქართული ენის უფასოდ სწავლა მხოლოდ მოსწავლეებს შეუძლიათ – უფროს თაობას ეს შესაძლებლობა არ აქვს.

სასკოლო და სკოლამდელი სწავლებაც პრობლემურია. ზოგ სკოლაში ქართულის მასწავლებელი სულაც არ არის, ზოგში –  საკმარისად არ არიან. 

გარდა ამისა, როგორც შეხვედრაზე ახალგაზრდებმა გვითხრეს, ზოგმა პედაგოგმა ქართული სათანადო დონეზე თავად არ იცის. პრობლემას წაროადგენს სასკოლო ინფრასტრუქტურა და რესურსების არქონაც.

თავად გარიკმა ქართული კარგად იცის, თუმცა სურს, კიდევ უფრო უკეთესად ისწავლოს. გვეუბნება, რომ სკოლაში კარგი მასწავლებელი ჰყავდა, მაგრამ დასძენს, რომ სასკოლო სწავლება არაა საკმარისი.

„სკოლაში კარგად გვასწავლიდნენ. მასწავლებელი [სასკოლო] პროგრამით და ურთიერთობით გვასწავლიდა, თუმცა, ჩემი აზრით, მარტო სკოლაში სწავლა არ არის საკმარისი.

ამიტომ ვმონაწილეობ ტრენინგებში, ბანაკებშიც ვიყავი. ერთ-ერთ ბანაკში ყოფნისას ეთნიკურად ქართველ ბავშვებთან ურთიერთობით გავიუმჯობესე ქართულის ცოდნა.

ძალიან კარგი გამოცდილება იყო, ძალიან დამეხმარა ენის სწავლაში. 

ქართული ხომ უნდა ვიცოდე?! ასე დავიწყე პირველი ნაბიჯები“, – იხსენებს იგი.

მისი თქმით, ენის არცოდნის საკითხი სერიოზულ გამოწვევად რჩება – საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც ქართული არ იციან, არ აქვთ წვდომა სხვადასხვა ინფორმაციასა თუ შესაძლებლობაზე:

„არის სხვადასხვა კონკურსი, მაგრამ ენის არცოდნის გამო ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი, რაც პრობლემაა“, – გვუებნება იგი.

„მინდა, უნივერსიტეტში ყველამ ჩააბაროს“

მარნეულში ახალგაზრდებს სასწავლებლად თუ გასართობად მწირი შესაძლებლობები აქვთ.

„ტრენინგები, ბანაკები, არასამთავრობოებები… სკოლაში კარგად სწავლა… ესაა. გასართობად ახალგაზრდები მარნეულიდან თბილისში მოდიან. ბოულინგი ან ბილიარდი მარნეულში არ არის. გვაქვს ჩაიხანა, საშაურმეები“, – გვპასუხობს იგი.

გარდა ამისა, იმავე ტრენინგებს და შეხვედრებს ყველა მსურველი ვერ ესწრება.

„დიდი დრო სჭირდება ქალაქში ჩამოსვლას. ფიქრობენ, იმისთვის წავიდე, რომ ტრენინგში მივიღო მონაწილეობა?“, – გვეუბნება გარიკი და ამატებს, რომ ამ პრობლემის მოგვარება ღონისძიებების სოფლებში ჩატარებით შეიძლება.

განათლების მიღების შემდეგ გარიკი არ გამორიცხავს, რომ პოლიტიკაშიც წავიდეს. ამ ამპლუაში მისი პრიორიტეტი განათლება იქნებოდა. 

„ბავშვობდიან მაინტერესებდა პოლიტიკა და სოციოლოგია. […] როგორ ცხოვრობენ პოლიტიკოსები, რა ხდება მსოფლიოში, რას ფიქრობენ ისინი… 

უმცირესობებს დავეხმარებოდი ქართულის სწავლაში. ახალგაზრდებს- განათლების მიღების დახმარებაში, რომ მეტმა ჩააბაროს უნივერსიტეტებში. ჩვენი კლასიდან სულ ოთხმა ჩავაბარეთ, მე კი მინდა, ყველამ ჩააბაროს. წლევანდელი კლასიდან 15 ბავშვიდან სულ ექვსი თუ შვიდი აპირებს ჩაბარებას“, – გვეუბნება იგი.

ამ კონტექსტში გარიკი ევროპასთან თანამშრომლობაზეც საუბრობს:

„უნდა გავაკეთოთ ის, რაც სურს ხალხს. თუ ხალხი ფიქრობს, რომ გვინდა ევროპა – ასეც უნდა იყოს. საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა

ვფიქრობ, საქართველოსა და ევროპის ურთიერთობა კარგია – ასეც უნდა დარჩეს და უფრო კარგიც უნდა იყოს.

უფრო მეტი გაცვლითი პროგრამა უნდა იყოს, მათ შორის- ეთნიკური უმცირესობებისთვის “, – დასძენს იგი და ამატებს, რომ ასეთი თანამშრომლობა ახალგაზრდებს მეტ შესაძლებლობებს მისცემს.

სამოქალაქო აქტივიზმი და ტრენერობა

სწავლის გარდა, გარიკი სხვადასხვა ტრენინგსა და ღონისძიებაში მონაწილეობს, მათ შორის, ტრენერის რანგში.

„მარნეულის ახალგაზრდულ იდეაში ვმუშაობ მოხალისედ, ტრენინგებს ვატარებთ. სპიკერი ვიყავი „სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის“ ცენტრშიც. 

ვიყავი სპიკერი ახალგაზრდულ ფორუმზეც. ხალხი მთელი ქვემო ქართლიდან მოვიდა, მათ შორის, მერიიდან. ვისაუბრეთ პრობლემებზე, მაგალითად, ტრანსპორტის. ახალგაზრდებთან მუშაობა ჩემთვის დიდი გამოცდილებაა. უკვე რამდენიმეჯერ ვიყავი ტრენერი, ძალიან მომეწონა.

გვქონდა ტრენინგები იშვიათ დაავადებებზე, ასევე, ტოლერანტობაზე – რატომ არის ეს კარგი. გვქონდა პროექტი აქტივიზმსა და გენდერულ თანასწორობაზე. 

გვქონდა ასევე პროექტი, სადაც მოსწავლეები უნივერსიტეტში ჩამოვიყვანეთ – ვაჩვენეთ, რა კარგია სწავლა“, – გვიყვება იგი.

ამჟამად გარიკ გასპარიანი კიდევ ერთ პროექტზე მუშაობს, რომლის მიზანიც სომხურენოვანი სოფლების ახალგაზრდებისთვის მათი უფლებების შესახებ ტრენინგის ჩატარებაა. 

გარიკ გასპარიანი ერთ-ერთ ტრენინგზე.

„ზოგი ფიქრობს, სომეხია და სომხეთში წავა. არა! მინდა, წვლილი შევიტანო საქართველოს განვითარებაში“ – სამომავლო გეგმები

ამჟამად გარიკი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პირველ კურსზე სწავლობს. ის უნივერსიტეტში ასპროცენტიანი სახელმწიფო გრანტით ჩაირიცხა. უნივერსიტეტში ყოველდღე წითელსოფლიდან ჩამოდის. ამჟამად მოსამზადებელ ჯგუფშია, შემდეგი წლიდან კი საერთაშორისო ურთიერთობებზე გააგრძელებს სწავლას.

„გვაქვს ლექციები, თუ რა არის პოლიტიკა, სოციოლოგია… ისე საინტერესოდ გადის ლექციის დრო, რომ არც კი ვიცი. 

ლექტორები და ჯგუფელები ძალიან კარგები არიან, ბრწყინვალე ურთიერთობა გვაქვს.

[მოსამზადებელ ჯგუფში] აზერბაიჯანელი და ქართველი სომხები ვართ… ეს ძალიან კარგია – ერთად ვსაუბრობთ ქართულად. საინტერესოა ერთმანეთთან ურთიერთობა. ჯგუფელები აზერბაიჯანულის ცოდნის გაუმჯობესებაშიც მეხმარებიან.

ერთად ვსაუბრობთ ქართულად. საინტერესოა ერთმანეთთან ურთიერთობა. ჯგუფელები აზერბაიჯანულის ცოდნის გაუმჯობესებაშიც მეხმარებიან“, – მიპასუხა მან, როცა სასწავლო პროცესზე ვკითხე.

ერთადერთი პრობლემა, რომელსაც გარიკი ასახელებს, ქართულის ცოდნაა, თუმცა იქვე ხაზს უსვამს, რომ ქართულს კიდევ უფრო კარგად ისწავლის:

„ოდნავ რთული ისაა, რომ ქართული ენა ძალიან კარგად არ ვიცი, მაგრამ ეგ რეალურად პრობლემა არაა – კიდევ უფრო უკეთესად ვისწავლი“.

სწავლის შემდეგ დიპლომატიურ სამსახურში სურს ყოფნა – ქართულის, სომხურის და აზერბაიჯანულის გარდა, ინგლისურსაც და რუსულსაც ფლობს.

„მინდა, საქართველოს ელჩი ვიყო სხვა ქვეყანაში, მაგალითად, ესპანეთში – ეს ქვეყანა ძალიან მიყვარს.

ფაკულტეტზე კიდევ ერთი ენაც უნდა ავირჩიო – ალბათ, ეს ესპანური იქნება. როგორც ილია ჭავჭაძემ თქვა, „რამდენი ენაც იცი, იმდენი ადამიანი ხარ“, – ამბობს იგი.

თავის სამომავლო გეგმებს გარიკი მხოლოდ საქართველოს უკავშირებს.

„ზოგი ფიქრობს, სომეხია და სომხეთში წავა. არა! საქართველოში დავიბადე, საქართველოში ვცხოვრობ, მომავალი გეგმები საქართველოსთანაა დაკავშირებული. მინდა, პატარა წვლილი შევიტანო საქართველოს განვითარებაში“, – ხაზს უსვამს გარიკი.


მასალა მომზადდა ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) პროექტის “ეროვნული უმცირესობების ინკლუზიური და პლურალისტური გაშუქების გაძლიერება მედიაში” ფარგლებში, ეუთოს ეროვნული უმცირესობების საკითხებზე უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს ეუთოს ეროვნული უმცირესობების საკითხებზე უმაღლესი კომისრის პოზიციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი