ახალი ამბებისაზოგადოება

“სკოლაში მხოლოდ ქართული წერა-კითხვა ვისწავლე” – ეთნიკური უმცირესობების გამოწვევები

22 დეკემბერი, 2020 • 3951
“სკოლაში მხოლოდ ქართული წერა-კითხვა ვისწავლე” – ეთნიკური უმცირესობების გამოწვევები

ქართული ენის ცოდნა კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება და განსაზღვრავს ეთნიკური უმცირესობების არჩევნებში მონაწილეობის ხასიათს.

როგორ სწავლობენ ეთნიკური უმცირესობები ქართულ ენას, რატომ ვერ უზრუნველყოფს ქვეყანა მათთვის განათლების ხელმისწავდომობას და როგორ უშლით ხელს ქართული ენის არცოდნა ჩართულობასა და პოლიტიკურ მონაწილეობაში? 

განათლების მკვლევართა აზრით, სახელმწიფოს მიერ გატარებული განათლების რეფორმები ერთმანეთთან არათავსებადი, ზოგჯერ კი, უშედეგოა.

რევიკის ისტორია

“სკოლაში მხოლოდ ქართული წერა-კითხვა ვისწავლეთ, ასევე, ლექსები და მოთხრობები, რასაც უფრო ფორმალური ხასიათი ჰქონდა. ქართული ენის გაკვეთილები სერიოზულად არ აღიქმებოდა. ჩვენს კლასში ენა ვინც კარგად იცოდა, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ნათესავები თბილისსა და ბათუმში ჰყავდათ და გარკვეულ დროს მათთან ერთად ატარებდნენ”, – ამბობს ნინოწმინდელი სტუდენტი რევიკ კარაპეტიანი ნეტგაზეთთან საუბრისას.

რევიკ კარაპეტიანი, რომელიც წარმოშობით ნინოწმინდიდანაა, ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტია.

სტუდენტი ნინოწმინდიდან, რევიკ კარაპეტიანი / Facebook

“სკოლის შემდეგ, 2013 წელს 4+1 მოსამზადებელ პროგრამაზე ჩავაბარე, სადაც ქართული ვისწავლე. თუმცა, მიუხედავად ამისა, უნივერსიტეტში ჩაბარების პირველ წელს მიჭირდა ტექსტების გაგება და ძირითადად ლექსიკონს ვიყენებდი. ჩემი კლასიდან პროგრამაზე კიდევ ერთმა ჩააბარა, დანარჩენები კი ერევანში წავიდნენ სასწავლებლად. კარგი იქნებოდა, თუ პროგრამა დაიხვეწებოდა. თავდაპირველად გამოცდებს მშობლიურ ენაზე აბარებ, რაც ძალიან მარტივია, შემდეგ კი ქართულს სწავლობ. საქმე ისაა, რომ პროგრამაზე 80 აბიტურიენტი აბარებს, ხოლო შემდგომში სწავლას ძალიან მცირე რაოდენობა აგრძელებს”, – ამბობს იგი.

ნეტგაზეთი დაინტერესდა, შექმნია თუ არა მას, ან მის ახლობლებს რაიმე დაბრკოლება ქართული ენის არცოდნის გამო, რაზეც პასუხობს, რომ ასეთი შემთხვევები იყო. ამავდროულად, კარიერული განვითარებისთვის თუ სამოქალაქო ჩართულობისთვის გამოწვევაა არაქართულენოვანი გარემოც.

“მაშინ, როდესაც ქართული არ იცი, შენთვის ერთგვარი, საინფორმაციო ვაკუუმია. არც ვიცოდით, ქვეყანაში რა ხდებოდა. ინფორმაციას ვიღებდით სომხური და რუსული არხებიდან, სადაც საქართველო იშვიათად შუქდებოდა და მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, ამიტომ ძნელია ისაუბრო სამოქალაქო ჩართულობაზე”, – ამბობს  რევიკ კარაპეტიანი.

რევიკ კარაპეტიანის განცხადებით, ჯერ კიდევ მცირეა შემთხვევები, როდესაც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი მოსწავლეები ქართულს სწავლობენ და ამას რეალურ ცხოვრებაშიც იყენებენ, თუმცა წარსულთან შედარებით პროგრესი აშკარაა.

ქართული ენის ცოდნა და განათლების ხელმისაწვდომობა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო, 2014 წლის აღწერით, მოქალაქეთა 13.2% სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელია. მათ შორის დომინანტური ჯგუფებია საქართველოს მოქალაქე ეთნიკურად აზერბიაჯანელები (6.3%) და ეთნიკური სომხები  (4.5 %). ისინი კომპაქტურად ცხოვრობენ ძირითადად ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში.

საქსტატი საჯაროდ არ გვთავაზობს მონაცემებს, თუ რამდენმა მათგანმა იცის სახელმწიფო ენა – ქართული, თუმცა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მონაცემების მიხედვით (CRRC), რომელიც ყოველწლიურ კვლევებს სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში ახორციელებს, 2019 წელს საქართველოში გამოკითხული ეთნიკური აზერბაიჯანელების მხოლოდ 31%, ხოლო ეთნიკური სომხების – 16 % პროცენტი ასახელებს ქართულს, როგორც მეორე ენას, რომელსაც ისინი იყენებენ.

მეორე ენა, რომელსაც ყოველდღიურობაში იყენებთ – ქართული/CRRC 

თავის მხრივ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ 2019 წელს ჩატარებული კვლევა ცხადყოფს, რომ მე-7 კლასელი არაქართულენოვანი მოსწავლეების უმეტეს ნაწილს განსაკუთრებით დაბალი ენობრივი კომპეტენცია აქვს.

ენობრივი კომპეტენციის მიღწევის დაბალ ზღვარს მიღმა აზერბაიჯანული სექტორის მოსწავლეთა 87%-ია, სომხური სექტორის შემთხვევაში კი ეს რიცხვი 60%-ია. ენობრივი კომპეტენციის დაბალ ზღვარს აკმაყოფილებს აზერბაიჯანული სექტორის მოსწავლეთა 9, ხოლო სომხურის – 20%.

ქართულში მაღალი ენობრივი კომპეტენცია აჩვენა კვლევაში მონაწილე აზერბაიჯანული სექტორის მე-7 კლასის მოსწავლეთა 1%-მა, ხოლო სომხური სექტორის 7%-მა./შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი/2019

2020 წლის ნოემბერში ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) გამოქვეყნა სამაგიდო კვლევა ეთნიკური უმცირესობების მიმართ განათლების პოლიტიკის სისტემური გამოწვევების შესახებ, რომელიც 2005 წლიდან განათლების პოლიტიკის ხარვეზებს, რეფორმების დინამიკასა და განათლების ხელმისაწვდომის კუთხით არსებულ სისტემურ გამოწვევებს შეისწავლის. კვლევის თანახმად, კვლავ პრობლემურ საკითხად რჩება ეთნიკურ უმცირესობებში სახელმწიფოს მიერ გატარებული განათლების პოლიტიკა, მისი განხორციელების გზები და შედეგები.

კვლევის მიხედვით, მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან გატარებული რეფორმებისა, განათლების პოლიტიკას “მეტი მკაფიო ხაზი სჭირდება”, მათ შორის სკოლებში ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების, საჯარო მოხელეებისთვის ქართული ენის სწავლებასა და ქართული ენის ცოდნის დონის დამდგენი ტესტის შემუშავების მიმართულებებით. კვლევაში ჩართული პირების თქმით, სახელმწიფოს განათლების პოლიტიკა ეთნიკურ უმცირესობებში, მათ შორის ქართული ენის სწავლება, ფრაგმენტული და არასრულია.

“მნიშვნელოვანია მკაფიოდ განისაზღვროს ქვეყანაში სახელმწიფო ენის პოლიტიკა. უნდა გაჩნდეს განათლების პოლიტიკასა და ენის პოლიტიკას, ასევე, უწყებებს შორის ბმა და მათზე მკაფიოდ გადანაწილდეს პასუხისმგებლობები”, – ნათქვამია EMC-ის კვლევაში.

რას აკეთებს სახელმწიფო

დღესდღეობით, ქართული ენის სწავლება ქვეყანაში განათლების ორ, ზოგად და უმაღლეს საფეხურებზე მიმდინარეობს. ასევე, არსებობს ცალკეული ენობრივი პროგრამები, რომლებიც პარალელურად ფუნქციონირებს, თუმცა სწავლების პროცესი მუდმივად იცვლება.

ქვეყანაში სხვადასხვა დროს არსებობდა და/ან არსებობს ქართული ენის სწავლების პროგრამები, მათ შორის: “მომავალი იწყება აქ”, “ვასწავლოთ ქართული როგორც მეორე ენა”, “ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის”, რომელთა მიზანიც სკოლის მოსწავლეთა შორის ქათული ენის სწავლების ხელშეწყობა იყო; მასწავლებელთა გადამზადების პროგრამა “არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარება”;

ზურაბ ჟვანიას სახელობის  სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ენობრივი პროგრამა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი საჯარო მოხელეებისთვის და პროგრამა “4+1”, რომელიც უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარების მსურველ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოქალაქეებისთვის უმაღლეს წინასასწავლო მოსამზადებელი პროგრამაა.

ამ პროგრამების მიუხედავად, შეფასებისა და გამოცდების ცენტრის მიერ 2019 წელს ჩატარებულ კვლევა-შეფასებაში ნათქვამია, რომ კვლევაში მონაწილე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ მოსწავლეთა ნახევრისთვის გაუგებარია, თუ რისთვის სწავლობენ ქართულ ენას.

“მოსწავლეთა ნახევრის აზრით, ქართულის გაკვეთილზე დრო ფუჭად იხარჯება. ეს მნიშვნელოვანი მიგნება კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ საგაკვეთილო პროცესის მართვის კუთხით მასწავლებლები მეტ დახმარებას საჭიროებენ როგორც სკოლის მხრიდან, ისე კლასის მართვის მეთოდებში გადამზადების თვალსაზრისით”, – ნათქვამია კვლევაში.

“პოლიტიკა არ არის სიტემური” – განათლების პოლიტიკის შეფასება

მკვლევრებისა და განათლების ექსპერტთა აზრით, არსებობს პრობლემები ქართული ენის სახელმძღვანელოებთან, მასწავლებლებთან და სასწავლო გარემოსთან დაკავშირებით, ხოლო განათლების სისტემაში გატარებული ცვლილებები ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო და უშედეგოა.

EMC-ის კვლევის თანახმად, განათლების სისტემაში გატარებული ცვლილებები ვერ უზრუნველყოფს ეთნიკური უმცირესობებისთვის ხარისხიანი განათლების მიღებას.

“ეთნიკურ უმცირესობებზე მიმართული განათლების პოლიტიკის შედეგად, 2005 წლიდან დღემდე, გატარებული რეფორმები და ცვლილებები,ზოგადი და უმაღლესი განათლების მიმართულებით ვერ უზრუნველყოფს ეთნიკური უმცირესობებისათვის განათლების თანაბარ ხელმისაწვდომობას. სისტემაში განხორციელებული ცვლილებები არ პასუხობს არსებულ საჭიროებებს და უგულებელყოფს ადგილობრივ კონტექსტს, რაც ვლინდება როგორც პოლიტიკის დაგეგმვის, ისე განხორციელების ეტაპზე”,- ნათქვამია კვლევაში.

ასევე, კვლევის ავტორები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ განხორციელებული რეფორმები არის დაგვიანებული და არ არის ერთიანი და გრძელვადიანი.

“განვლილი წლების განმავლობაში გატარებული რეფორმების უმეტესობა დაგვიანებით ან მხოლოდ ნაწილობრივ ვრცელდება ამ ჯგუფებზე. შედეგად, განათლების სისტემა ვერ ქმნის გარემოს, სადაც ეთნიკურ უმცირესობებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ხარისხიანი განათლება. განათლების სისტემაში ეთნიკურ უმცირესობებზე მიმართული პოლიტიკა არ არის ერთიანი და გრძელვადიანი. სისტემას ახასიათებს ფრაგმენტულობა და განხორციელებული საქმიანობების არათანმიმდევრულობა. განსაკუთრებით, მინისტრებისა და პოლიტიკური კონტექსტების ცვლილების ფონზე”, – ვკითხულობთ კვლევაში.

“ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლებას საკმაოდ ბევრი პრობლემა ახლავს თან, რაც დაკავშირებულია მასწავლებლების კომპეტენციასთან და სასწავლო რესურსების ხელმისაწვდომობასთან. ქართული ენის სახელმძღვანელოები დონეების მიხედვით უნდა იყოს განსაზღვრული და არა კლასების მიხედვით, რადგან მაღალი კლასის მოსწავლეებისთვის, ვისაც უკეთესი ენობრივი კომპეტენცია აქვს, სახელმძღვანელო უინტერესო ხდება. ასევე, სახელმძღვანელო არ ითვალისწინებს კულტურულ მრავალფეროვნებასა და ადგილობრივ კონტექსტს”, – აცხადებს EMC-ს მიერ ჩატარებული კვლევის ერთ-ერთი ავტორი სოციოლოგი მარიამ დალაქიშვილი.

სოციოლოგი მარიამ დალაქიშვილი/Facebook

მარიამ დალაქიშვილი ნეტგაზეთთან  ამბობს, რომ ქართული ენის სწავლების პროგრამაში ჩართული მასწავლებლების რაოდენობა საკმარისი  არ არის.

“სხვადასხვა პროგრამებს აქვთ დადებითი ეფექტი, თუმცა ეს ეფექტი არ არის სისტემური.   იმ მასშტაბზე, რომელზეც უნდა გადიოდეს, ვერ გადის. კიდევ ერთი საკითხია საჯარო მოხელეებისთვის ქართული ენის სწავლება, თუმცა აქაც ჩანს, რომ საჯარო მოხელეებს ენის შესწავლის მოტივაცია არ აქვთ. ასევე მნიშვნელოვანია ქართული ენის მდგენელი ტექსტის შექმნა. საუბარია, რომ დაწყებულია ამ მიმართულებით მუშაობა, თუმცა, როდის შემუშავდება ეს ტესტი, ან რა პოლიტიკა იქნება ამასთან დაკავშირებით, ეს ჯერჯერობით მკაფიო არ არის”, – აცხადებს მარიამ დალაქიშვილი.

“მიუხედავად იმისა, რომ ეს პროგრამა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და მიზნობრივი პროგრამაა, შეიძლება მისი გაუმჯობესება, თუ განისაზღვრება ამ პროგრამის კურსდამთავრებულებისთვის ხელშეწყობის, იმისათვის, რომ უფრო აქტიურად ჩაერთონ თუნდაც ქართული ენის სწავლებაში, შევიდნენ სკოლებში ან დასაქმდნენ ადგილზე” ,- აცხადებს დალაქიშვილი ქართულ ენაში მომზადების “4+1” პროგრამის შესახებ.

რა გავლენას ახდენს ქართული ენის ცოდნა არჩევნებზე

“ეთნიკური უმცირესობები ხმას აძლევენ არა მთავრობებს, არამედ სახელმწიფოს. ეს არის ტიპური კლიენტარისტული წარმოდგენა, რომ ხელისუფლება უდრის სახელმწიფოს. განცდა, რომ ოპოზიციური ძალებიც სახელმწიფოს ნაწილი არიან, არ არის გამოკვეთილი. ეს არის საბჭოთა ტრადიცია, რომელიც შენარჩუნდა ყველაზე მეტად ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ ტერიტორიებზე”, – ამბობს ნეტგაზეთთან საუბრისას სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი.

მისივე განცხადებით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოქალაქეები არჩევნებში მონაწილეობას, ძირითად შემთხვევაში, არსებული მთავრობის სასარგებლოდ იღებენ.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მაჟორიტარობის კანდიდატების მიერ მიღებული ხმები ახალქალაქისა და ნინოწმინდისა [მარცხნივ] და მარნეულისა და გარდაბნის [მარჯვნივ] საარჩევნო ოლქებში. ორივე ოლქში სახელისუფლებო წარმომადგენელმა პირველივე ტურში გაიმარჯვა. ბოლო 15 წლის განმავლობაში საქართველოში გამართულ ყველა არჩევნებში, მათ შორის საპარლამენტო, საპრეზიდენტო და ადგილობრივი, აღნიშნულ ოლქებში სახელისუფლებო კანდიდატი იმარჯვებს / გრაფიკი – ცესკო

“პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი მონაწილეობა, რასაკვირველია, ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული. დავიწყოთ იმით, რომ ეთნიკური უმცირესობების ამომრჩეველთა დიდ ნაწილს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკის მიმართ დაბალი ინტერესი აქვს. შესაბამისად, არჩევნებში მათი მონაწილეობა არ გამოირჩევა პოლიტიკურ პროცესებზე დაკვირვების მაღალი ხარისხით, არამედ ამას აქვს უფრო ფორმალური, სხვაგვარად რომ ვთქვათ, გარედან პროვოცირებული ხასიათი. მიმდინარეობს კამპანია, გინდათ ვუწოდოთ ამას აქტივობა, რომ მათ აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში მმართველი პარტიის სასარგებლოდ. ისინი განიცდიან ერთგვარ ზეწოლას, რაც არის პოლიტიკაში მათი ჩართვის ძირითადი მახასიათებელი”, – ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი.

ეთნიკური უმცირესობების მხარდაჭერა არის გარანტირებული რესურსი ხმების მოსაპოვებლად. როგორც წესი, საქართველოს ადგილობრივ ხელისუფლებას ჩამოჰყავს ვინმე მაღალჩინოსანი მეზობელი ქვეყნებიდან, რომლებიც მათ საარჩევნო კამპანიაში ეხმარებიან.

იაგო კაჭკაჭიშვილის თქმით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოქალაქეების ამგვარი ქცევა, გამომდინარეობს ქართული ენის არცოდნის პრობლემიდან.

“ამ ყოველივეს თავისი მიზეზი აქვს. ამ ადამიანებს აქვთ ქართული ენის პრობლემა. ეს გადამწყვეტია პოლიტიკურ პროცესებში ჩასართავად. ქართული ენის არცოდნა არის არა ერთადერთი, თუმცა უმთავრესი მიზეზი მოსახლეობის მსგავსი ქცევისა. სწორედ ეს არის განსხვავება ახალგაზრდებს შორის, მათ ენა შედარებით კარგად იციან და სწავლობენ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული ენის ცოდნა და სამოქალაქო ცხოვრებაში ჩართულობა მათ არსებითად სხვაგვარ ამომრჩევლად აყალიბებს”, – მიაჩნია მას.

საით მივდივართ, ანუ რა უნდა შეიცვალოს 

იაგო კაჭკაჭიშვილის თქმით, სახელმწიფომ მხარი უნდა დაუჭიროს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი მოქალაქეების სამოქალაქო ცხოვრებაში ჩართვას.

“ქართული ენის სწავლება მიზანი არ უნდა იყოს, არამედ საშუალება-ინსტრუმენტი, რომ ამ ადამიანების მონაწილეობა საქართველოს სამოქალაქო ცხოვრებაში გაიზარდოს. სამწუხაროდ, ქართული სახელმწიფო ამ მოქალაქეებს ასეთ პერსპექტივას ნაკლებად უჩენს. ამიტომ, ქართული ენის შესწავლის პროგრამები და ეთნიკური უმცირესობების ინსტიტუციური ჩართვის პერსპექტივა პარალელურად უნდა მიდიოდეს და ერთმანეთთან თანხვედრაში უნდა იყოს”, – აცხადებს იგი.

“სახელმწიფოს დაწყებული აქვს გარკვეული პროგრამები, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს არ არის საკმარისი. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ მოქალაქეებს ქართული ენის შესწავლა არ აინტერესებს იმიტომ, რომ თავისი ენობრივი ცოდნა გაიმდიდროს, ეს არის უპირველესად ოპერაციული ერთეული, თუნდაც საკუთარი კარიერის შექმნისთვის, საკუთარი კეთილდღეობის გაზრდისთვის. ამიტომ ამ ადამიანებს ის არ უნდა ვუთხრათ, რომ ისინი ჩაერთვებიან სამოქალაქო ცხოვრებაში. ამ ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ თუ მათ ცოდნა ეექნებათ, ამით მათი შესაძლებლობები გაიზრდება”, – ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი.

თავის მხრივ, ქართული ენის სწავლების გაუმჯობესებისთვის განათლების პროგრამების დახვეწასა და ერთმანეთთან თავსებადობაზე საუბრობს განათლების მკვლევარი სიმონ ჯანაშიაც.

“მაგალითად, სკოლის დირექტორებმა არ იციან, სახელმწიფო რას ელის მათგან. საზოგადოებრივი დაკვეთა გაცნობიერებული არ არის. მეორე მხრივ, მათ უნდა ჰქონდეთ ინსტრუმენტები, რომლითაც ისინი გააუმჯობესებენ სწავლების პროცესს, ასეთი ინსტრუმენტია დისტანციური სწავლების შესაძლებლობა, ქართული ენის ცოდნის დასადგენი ტესტი, პედაგოგების კვალიფიკაციის გაზრდა”, – აცხადებს სიმონ ჯანაშია.

სიმონ ჯანაშია – განათლების მკლვარი

“დღეს ითვლება, რომ სკოლა არის პასუხისმგებელი და მან უნდა შეარჩიოს მასწავლებელი. სინამდვილეში კი პასუხისმგებელი სახელმწიფოა, თუმცა ის არაფერს აკეთებს. სახელმწიფოს ყოველთვის გადააქვს პასუხისმგებლობა დირექტორზე, ამიტომ მან უფრო მეტი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოს, რათა კონკრეტულ სკოლებში მაღალკვალიფიციური პედაგოგები დაასაქმოს”, – ამბობს ჯანაშია.

ნეტგაზეთის დამაზუსტებელ შეკითხვაზე, ხომ არ გამოიწვევს ეს სკოლების ავტონომიურობის შემცირებას, ან რიგ შემთხვევებში ხომ არ ჩნდება პოლიტიკური ნიშნით დანიშვნის საფრთხე, სიმონ ჯანაშია აცხადებს, რომ “შესაძლოა, თუმცა გაჩნდება შედეგზე პასუხისმგებელი აქტორი”.

“დღეს სახელმწიფო ამბობს, რომ სკოლებს აძლევს ფულს, ვაძლევ სტანდარტებს, ვატარებ გამოცდებს. მოხვდება თუ არა კარგი მასწავლებელი, ამას ვეღარ ვაკონტროლებ. ამიტომ ჯობია, რომ სახელმწიფო იყოს პასუხისმგებელი, დღეს ის ფარდის უკან მოქმედებს”, – ამბობს ჯანაშია.

განათლების მკვლევარი ენის სწავლების პროცესში ქართულენოვანი გარემოს გაზიარების აუცილებლობაზეც საუბრობს.

“გაცვლითი პროგრამების წახალისება მნიშვნელოვანი იყო, რადგან ავითარებდა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ენობრივ კომპეტენციას, მეორე მხრივ, ეხმარებოდა ორივე ჯგუფს ერთმანეთის უკეთ გაცნობაში”, – ამბობს იგი.

ჯანაშიას თქმით, მნიშვნელოვანია ზრდასრულთა შორის ენის სწავლების ხელშეწყობაც.

“სახელმწიფომ მხარი უნდა დაუჭიროს ადგილზე ერთგვარი სათემო ორგანიზაციების ჩამოყალიბებას, რომლებიც ზრდასრულთა განათლებას შეუწყობენ ხელს. პრობლემა არის ის რომ, მშობლები ვერ ეხმარებიან შვილებს ქართული ენის სწავლებისას, რადგან მათ ენა არ იციან”, – აცხადებს სიმონ ჯანაშია.

მისივე თქმით, დისტანციური სწავლების განვითარებაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა ქართული ენის სწავლებას, მეორე მხრივ კი, დაზოგავდა ფინანსებს. ნეტგაზეთის შეკითხვაზე, იმ დროს, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი წუხს დისტანციური სწავლების არაეფექტურობაზე, ხოლო ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ნაწილის შემთხვევაში, გვაქვს ინტერნეტისა და კომპიუტერების არარსებობის პრობლემა, როგორ ესახება მას აღნიშნული, იგი პასუხობს, რომ აუცილებელი არ არის, დისტანციური სწავლების დროს მოსწავლეები სახლებიდან ჩაერთონ.

“დისტანციური სწავლების დროს არ ვგულისხმობ, რომ მოსწავლეებმა მაინცდამაინც სახლიდან უნდა ისწავლონ. შეიძლება, რომ ეს სკოლიდან მოხდეს. მათ შეუძლიათ შეიკრიბონ კომპიუტერულ ლაბორატორიაში და ასე დაესწრონ საერთო გაკვეთილს. რითია კარგი სწავლების ეს ხერხი – ერთ პედაგოგს შეუძლია, რამდენიმე სკოლის მოსწავლეებს ერთდროულად ასწავლოს და იგი იყოს უფრო კვალიფიციური, ვიდრე ის, ვინც ადგილზე მიდის სასწავლებლად”, – ამბობს ჯანაშია.

მისი თქმით, აუცილებელია სახელმწიფომ ხელი შეუწყოს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების უმაღლესი განათლების მიღებისა და ინტეგრაციის შესაძლებლობასაც, რათა ენის სწავლებამ შეიძინოს სამოქალაქო სოციალიზაციის განზომილებაც.

ფოტო გარეკანზე: ახალქალაქი; 2018 ⓒ ნეტგაზეთი


სტატია მომზადდა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრთან (EMC) პარტნიორობით, პროექტის ფარგლებში – “სახელმწიფოს ზოგადსაგანმანათლებლო პოლიტიკის გაუმჯობესების ხელშეწყობა თანასწორობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფით”. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი. გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის და EMC -ის პოზიციას.   

მასალების გადაბეჭდვის წესი