საზოგადოება

პოლიტიკური მოკავშირეების სასარგებლოდ მოქმედებდნენ — დეგნანი სანქცირებულ მოსამართლეებზე

5 აპრილი, 2023 • 1079
პოლიტიკური მოკავშირეების სასარგებლოდ მოქმედებდნენ — დეგნანი სანქცირებულ მოსამართლეებზე

შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ვიდეომიმართვით ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთხი ქართველი მოსამართლის დასანქცირებას.

დეგნანის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტმა სანდო და შეთანხმებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაადგინა, რომ აღნიშნული პირები საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში.

„მათი ქმედებებით მათ უგულებელყვეს სასამართლო და საჯარო პროცესი მოსამართლეების მიმართ უკანონო სარგებლის შეთავაზებით ან ზეწოლით, რათა მიეღოთ მათი პოლიტიკური მოკავშირეების სასარგებლო გადაწყვეტილებები და მოახდინეს მოსამართლეთა დანიშვნებით მანიპულირება. აღნიშნული კორუფციული ქმედებებით მათ შებღალეს კანონის უზენაესობა და დემოკრატიული პროცესი, შეასუსტეს ქართველი ხალხის ნდობა საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტის დამოუკიდებლობის მიმართ“, — აცხადებს კელი დეგნანი.

ელჩის თქმით, აშშ-ის კანონმდებლობით, კორუფციის შესახებ სანდო ინფორმაცია არის სანქცირების გადაწყვეტილების საფუძველი.

„სამართლის უზენაესობა დაცულია ისეთ სამართლებრივ სისტემაში, სადაც სასამართლო დავის გადაწყვეტა ხდება სამართლიანად და მიუკერძოებლად, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა და კანონზე დაყრდნობით და არა ღამის საათებში განხორციელებული ზარის, ან ქრთამის, დაშინებისა თუ ზეწოლის საფუძველზე. საქართველოს ყველა მოქალაქე იმსახურებს მართლმსაჯულებას. აღნიშნული სანქციები ასახავს ამერიკისთვის კორუფციასთან ბრძოლის მნიშვნელობას. კორუფცია და მართლმსაჯულებაში ჩარევა აბრკოლებს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოსა და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას. სანქცირების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სწორედ ამ მიზნით. სანქცირების გადაწყვეტილება ასევე გამოხატავს ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ყველა კეთილსინდისიერი და პროფესიონალი მოსამართლის მიმართ, რომელთაგან ბევრს მე უკვე შევხვდი. მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, განახორციელონ თავიანთი საქმიანობა და აღასრულონ მართლმსაჯულება ზეწოლის გარეშე“, — განაცხადა დეგნანმა.

მისი თქმით, შეერთებული შტატები წლების განმავლობაში მოუწოდებდა საქართველოს ხელისუფლებას მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებისკენ სასამართლო სისტემაში.

„აღნიშნული სასამართლო რეფორმები საქართველოს ინტერესებში შედის და აუცილებელია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისაღწევად. საქართველოს სჭირდება ჭეშმარიტად მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა. სანქციები, რომელიც გამოცხადდა დღეს 4 კორუმპირებული პირის მიმართ, გამოხატავს აშშ-ის მტკიცე ერთგულებას, ებრძოლოს კორუფციას და დაეხმაროს ქართველ ხალხს დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობაში, რომელიც თქვენ ცალსახად გსურთ და იმსახურებთ“, — განაცხადა კელი დეგნანმა.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა მოსამართლეებს: მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს „მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო“. მოსამართლეებს და მათი ოჯახის წევრებს აეკრძალათ აშშ-ში შესვლა.

აშშ-მა მურუსიძე, ჩინჩალაძე და სხვა მოსამართლეები დაასანქცირა

მასალების გადაბეჭდვის წესი