ახალი ამბები

რა ვიცით “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის ბრალდებით დაკავებულ აქტივისტზე

30 მარტი, 2023 • 2682
რა ვიცით “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის ბრალდებით დაკავებულ აქტივისტზე

სამართალდამცავებმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებისას პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ახალგაზრდა კაცის ოჯახისა და მისი მეგობრის სახლები გაჩხრიკეს. ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 29 მარტის ღამით თბილისში დააკავა, რასაც შსს-ს ოფიციალური განცხადებაც მოჰყვა.

დაკავებულის მეგობრის ცნობით, ახალგაზრდა კაცი მისი სახლიდან დაახლოებით ნახევარი საათის გასული იყო, როცა ბინაში პოლიცია მივიდა და იქაურობა გაჩხრიკა.

“მითხრეს, ვიცით, ამ სახლიდან რომ გამოვიდაო და მაგის რაღაც ტანსაცმელი თუ გაქვს, პირდაპირ მოგვეციო. ვუთხარი, აქ არაფერია-მეთქი, მაგრამ მაინც უნდა გავჩხრიკოთო.

ეძებდნენ ნივთებს: ნიღაბს და რაღაც მაისურს ან ჰუდს — არ ვიცი, ალბათ იმას, რაც [აქციაზე] ეცვა. [ბოლოს] ხელი მომაწერინეს, რომ გაჩხრიკეს სახლი და ვერ ნახეს ვერაფერი”, — აღნიშნავს გრიგორიადისის მეგობარი.

მისი სიტყვებით, პოლიციის მიერ ბინის დატოვების შემდეგ დაკავებულთან დაკავშირება უშედეგოდ სცადა, ცოტა ხანში კი პირველი ცნობები გავრცელდა ახალგაზრდა კაცის დაკავების შესახებ.

მეგობრის თანახმად, ბოლო დღეებში გრიგორიადისი დიდ დროს ატარებდა მის სახლში და დაკავების დღესაც იქ იმყოფებოდა. მისი სიტყვებით, პოლიციის ვიზიტისა და ლაზარე გრიგორიადისის დაკავების გახმაურების შემდეგ შეამოწმა კორპუსის სამეზობლოს საერთო ჩატიც, რომელშიც ერთ-ერთი მეზობელი ყვებოდა, რომ სამართალდამცავებმა ეზოს კამერის ჩანაწერების ამოღება სთხოვეს.

“რაღაც საქმესთან დაკავშირებით სჭირდებოდათო. დეტალები არ გამიმხილეს, თუმცა, რომ იცოდეთ, კამერების პაროლი მივეციო. ეს იყო მოწერილი დაახლოებით 17:30-ზე, ოღონდ მე ვნახე მერე, როცა ყველაფერი მომხდარი იყო, რადგან ხმა მაქვს გათიშული ამ ჩატისთვის”, — დასძენს “ნეტგაზეთის” რესპონდენტი.

შსს ლაზარე გრიგორიადისს ედავება 7-8-9 მარტის პროტესტისას პოლიციის თანამშრომლებისთვის ქვებისა და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების სროლას, რის შედეგადაც სამართალდამცველებმა დაზიანება მიიღეს. უწყების თანახმად, დაკავებულმა ასევე ცეცხლი წაუკიდა შსს-ს კუთვნილ ავტომობილს.

“ნეტგაზეთი” ესაუბრა დაკავებულის ბაბუასაც, რომელთან ერთადაც ცხოვრობს გრიგორიადისი. ბაბუის ცნობით, 29 მარტის ღამით მისი სახლიც გაჩხრიკეს შესაბამისი ორდერის საფუძველზე.

“ჰუდი წაიღეს და რაღაც გაფუჭებული ტელეფონი ჰქონდა, ისიც წაიღეს”.

“რომ არ შემეკითხნენ, ლაზარე სად არისო, მერე ვკითხე, გამაგებინეთ, დაჭერილია-მეთქი? კიო, დაკავებულია უკვე აქციასთან დაკავშირებითო და დეტალებზე გამომძიებელი დაგირეკავთო. მერე დამირეკეს ღამის 02:00 საათზე და მითხრეს მუხლები, რომლებითაც იყო დაკავებული”, — ამბობს დაკავებულის ბაბუა.

შსს-ს შესაბამის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გრიგორიადისი წარსულში პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის არის სახდელდადებული და ოჯახური დანაშაულისათვის (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, ნივთის დაზიანება ან განადგურება) პასუხისგებაშია მიცემული. სახელისუფლებო მედია ამბობს, რომ მან მამამისზე იძალადა.

ბაბუის ცნობით, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ნაწილი ეხება 2020 წელს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ “ცესკოსთან” გამართულ აქციას, რომლის დროსაც წყლის ჭავლი გამოიყენეს მომიტინგეთა წინააღმდეგ. მისი ინფორმაციით, დაკავებულებს შორის ლაზარე გრიგორიადისიც იყო.

“ყველას ხომ მაგ [მუხლს] აწერენ…” — დასძენს დაკავებულის ბაბუა, ოჯახურ დანაშაულზე პასუხისმგებლობის ნაწილზე საუბრისას კი ამბობს:

“მუხლი რომ აქვს მამამისზე თავდასხმა — პირიქით, ის მოგვივარდა სახლში. გაშორებულები არიან ჩემი შვილი და მამამისი. პირიქით, ის მოგვივარდა სახლში ერთხელ, ორჯერ, სამჯერ… გვლანძღავდა, გვაგინებდა. ერთხელაც კარი გაუღო, შეტაკება მოხდა და დაჭრა მამამისი”.

სახელისუფლებო მედიაში ასევე ვრცელდება ცნობა, რომ დაკავებული ახალგაზრდა კაცი ელენე ხოშტარიას მიერ დაფუძნებული პარტიის, “დროას” წევრია. პარტიაში ამ ცნობას უარყოფენ და ამბობენ, რომ მსგავსი ცნობების გავრცელება მიანიშნებს საქმის პოლიტიკურ მოტივზე.

“ეს ადამიანი არ არის პოლიტიკური პარტია “დროას” წევრი, თუმცა მისი დაკავშირება პოლიტიკურ პარტიასთან მიანიშნებს იმაზე, რომ მის მიმართ მიმდინარეობს პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის წარმოება.

მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის “დროას” წევრი, ჩვენ უკვე დავიწყეთ გარკვევა ამ საქმეში. ჩვენ დავიცავთ ყველა ადამიანს, ვინც იცავდა საქართველოს ევროპულ არჩევანს 7-8-9 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე”, — უთხრა “ნეტგაზეთს” “დროას” წარმომადგენელმა გიგა ლემონჯავამ.

ლაზარე გრიგორიადისის მიმართ გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმასა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

ბოლომდე ვიბრძოლებ, სანამ ჩემი ლაზარე არ გათავისუფლდება — დაკავებული დემონსტრანტის მამა

მასალების გადაბეჭდვის წესი