საზოგადოება

კანდიდატის სტატუსი ხალხს, ხელისუფლების ქმედებების მიუხედავად?

23 მარტი, 2023 •
კანდიდატის სტატუსი ხალხს, ხელისუფლების ქმედებების მიუხედავად?

მარტის დასაწყისში საქართველოში გამართული საპროტესტო აქციების შემდეგ გააქტიურდა ნარატივი, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, მიუხედავად მისი ხელისუფლების ქმედებებისა.

ოპოზიციის ნაწილიც აცხადებს, რომ ევროკავშირის წარმომადგენლებს არწმუნებენ, კანდიდატის სტატუსი ქართველ ხალხს მისცენ.

ნეტგაზეთი დაინტერესდა, რა გავლენას მოახდენს მარტის მოვლენები საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე მიმდინარე წელს და რამდენად შესაძლებელია, გადაწყვეტილების მიღებისას ევროკავშირმა ქართველი ხალხი და ხელისუფლება გამიჯნოს.

რა ხდება?

7-9 მარტის აქციებს, სადაც საქართველოს ათასობით მოქალაქე აპროტესტებდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რუსული სულისკვეთების კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას, ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტის წარმომადგენლების და წევრი ქვეყნების მეთაურების გამოხმაურებები მოჰყვა.

ევროკავშირში ღიად ამბობდნენ, რომ აღნიშნული კანონპროექტი მათ ღირებულებებთან თავსებადი არ იყო და წინააღმდეგობაში მოდიოდა ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გაცემულ რეკომენდაციებთანაც.

7 მარტის აქცია რუსული კანონის წინააღმდეგ. ფოტო: ზურაბ ქურციკიძე/EPA

მას შემდეგ კი, რაც მძლავრი პროტესტის ფონზე ხელისუფლებამ უკან დაიხია და რუსული კანონპროექტი ჩააგდო, ევროკავშირის წარმომადგენლების და წევრი ქვეყნების ლიდერებისგან ეს კიდევ ერთხელ შეფასდა, როგორც ქართველი ხალხის მკაფიო ევროპული არჩევანი.

აქციების შემდეგ ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ დებატებზეც ითქვა, რომ მოქმედი ხელისუფლებისგან განსხვავებით, ქართველი ხალხი ევროკავშირში ყოფნას იმსახურებს.

„როდესაც ძალაუფლების მქონეები ღალატობენ საკუთარ ხალხს, ეს ხალხი აჩვენებს ძალას. ახლა დროა, მიბაძოთ ქართველებს და იბრძოლოთ ევროპის მომავლისთვის. ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირში ყოფნას, მიუხედავად იმისა, თუ მათი მოქმედი მთავრობა ამის ღირსი არაა“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა უნდა მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი, თუნდაც მთავრობას ეს არ სურდეს.

„ათწლეულების განმავლობაში რუსეთის სურვილების გამოცნობას კი არ ვცდილობდით, არამედ ვაგრძელებდით სიარულს ჩვენს გზაზე. და ეს გზა მიდის ევროპისკენ. აი, აქ გვჭირდება მხარდაჭერა ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან. ისინი გვჭირდება იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე. გვჭირდება მათი სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომ მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი საქართველოს. ეს იქნება სტრატეგიული გადაწყვეტილება საქართველოს მოსახლეობისათვის, მათ შორის, თუკი საჭირო იქნება, მთავრობის [ნების] წინააღმდეგ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ოპოზიციის ნაწილიც ამბობს, რომ ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრებისას მათ სწორედ ამაში არწმუნებენ.

„ჩვენ ვეუბნებით: „ხომ ხედავთ, ხალხის არჩევანი რა არის, რუსეთისკენ საქართველო არ შეტრიალდება არასდროს, აქედან გამომდინარე, თუ არის რაიმე შანსი, მოგვეცით კანდიდატის სტატუსი და გაგვიწერეთ ვალდებულებები, რა არის კანდიდატის სტატუსისთვის შემდეგ შესასრულებელი“, – ამბობს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე.

თუმცა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს მსგავსი განცხადებები „მავნებლობად“ მიაჩნიათ და ამბობენ, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებაზე საუბრისას საქართველოს ხელისუფლებისა და ხალხის გამიჯვნა „აბსოლუტური მიამიტობაა“.

„მე საკუთარი ქვეყნის ასეთი რეკლამირება არ გამიგია, რომ ვინმეს უთხრა, ხელისუფლება, სახელმწიფო, სისტემა, არაფერი არ ვარგა და ხალხი, რომელიც სადღაც ცხოვრობს, კარგია და მას მიეცი სტატუსი. რა თქმა უნდა, კანდიდატის სტატუსი როცა მიეცემა საქართველოს, სტატუსი მიეცემა საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც წარმოადგენს ქართველ ხალხს. ასე იქნება და არა სხვანაირად“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარმე შალვა პაპუაშვილმა.

გამიჯნავს თუ არა ევროკავშირი ხალხს და ხელისუფლებას

კანდიდატის სტატუსი პირდაპირ ხალხს ვერ გადაეცემა, ამბობს ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის (CEPS) მეცნიერ-თანამშრომელი თინათინ ახვლედიანი. თუმცა მისი თქმით, მთავრობისა და ხალხის გამიჯვნა ასეთი ცალსახა აქამდე არ ყოფილა.

როგორც თინათინ ახვლედიანი ნეტგაზეთთან აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ მარტის აქციების შემდეგ მთავრობა და ხალხი გამიჯნულია,  ევროკავშირი კომპრომისზე არ წავა და საჭირო იქნება, მმართველმა ძალამ, რომელსაც პოლიტიკური პასუხისმგებლობა და რესურსები აქვს, 12 რეკომენდაცია შეასრულოს.

მისი თქმით,  ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად პროგრესს დემონსტრაციები ვერ დადებს და ამ პროცესში ხალხის როლი ისაა, რომ  ხელისუფლებას რაც შეიძლება მეტის გაკეთება მოსთხოვოს.

„რეალურად, ევროკავშირისთვის ძალიან ცალსახა გახდა, რომ ხალხი იმსახურებს და საქართველოს ადგილი ევროკავშირშია. ეს ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია, იმიტომ, რომ უფრო მეტ კეთილგანწყობას იწვევს ევროკავშირში საქართველოს მიმართ.

ხალხის მოლოდინები და მოქმედება  მხედველობაში რომ არ იყოს მიღებული, დღეს ჩვენ აღარ ვიქნებოდით განხილვაში, მაგრამ განგვიხილავენ სწორედაც იმიტომ, რომ ხალხი იდგა ქუჩაში და გამოხატავდა თავის არჩევანს. ამიტომ ქუჩის დემონსტრაციებს და პროტესტებს თავისი ფუნქცია აქვთ იმისთვის, რომ ევროკავშირმა დასახოს პოლიტიკა, მაგრამ მაინც გვჭირდება საქმის შესრულება და პროგრესის დადება 12 პრიორიტეტის მიმართ, რაც არის მთავრობის საქმე“, – ამბობს თინათინ ახვლედიანი.

თინათინ ახვლედიანი

თინათინ ახვლედიანის თქმით, იმ ტემპით, რომლითაც ახლა საქართველო მიდის, გამორიცხულია, რომ 12 პუნქტი ბოლომდე შეასრულოს. მისი თქმით, ყველაზე რეალისტური სცენარია, რომ ქვეყანას გარკვეული პროგრესი ჰქონდეს.

„რაც მეტია პროგრესი, მით უკეთესი, შემდეგ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს მეტწილად იმიტომ, რომ ქართველი ხალხი არის დემოკრატიული და ევროპული ღირებულებების ერთგული და შემდეგ გაწევრიანების პროცესი დამოკიდებული იქნება ძირეული პრობლემების აღმოფხვრაზე. ეს ყოველთვის ასე იყო ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაში. კანდიდატის სტატუსის მიღება იყო ერთი საქმე, მაგრამ რეალურად გაწევრიანება და მოლაპარაკებების დაწყება ყოველთვის იყოს რთული და გრძელი პროცესი“, – ამბობს თინათინ ახვლედიანი.

თუმცა თინათინ ახვლედიანი დარწმუნებულია, რომ მაშინ, როცა საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირში გადაწყვეტილებას მიიღებენ, დიპლომატიური ენით ხაზი გაესმება იმას, თუ რა იყო ამ გადაწყვეტილების მიღების მთავარი მამოძრავებელი ძალა.

„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ უფროსი მკვლევარი ბიძინა ლებანიძეც ფიქრობს, რომ წლის ბოლომდე საქართველო 12 რეკომენდაციის ყველა დეტალს ვერ შეასრულებს.

მისი თქმით, ის, რომ ახალგაზრდებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ ხელისუფლებას უკან დაახევინა, საქართველოს იმიჯს დადებითად წარმოაჩენს და შეიძლება, ამანაც შეუწყოს ხელი კანდიდატის სტატუსის მიღებას. თუმცა, მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს წლის ბოლომდე მუშაობა და რეკომენდაციების რაღაც ნაწილის მაინც შესრულება იმისათვის, რომ  ევროკომისიის მიერ დადებითი რეკომენდაციის გაცემის ალბათობა დარჩეს.

„შესაძლოა, ევროკომისია ცოტა დათმობაზე წავიდეს, იმიტომ, რომ საბოლოოდ საქართველოს მაინც მოუწევს ამ 12 პუნქტის და უფრო მეტის შესრულებაც, უბრალოდ კითხვა არის – კანდიდატობამდე თუ კანდიდატობის შემდეგ? შეიძლება რაღაც დეტალები გადავიდეს კანდიდატობის შემდეგ ფაზაზე. ეს კანდიდატობა თავისთავად არაფრის გარანტია არ არის, შემდეგ დაიწყება გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები და საქართველოს მაინც მოუწევს კოპენჰაგენის კრიტერიუმების დაკმაყოფილება. შეიძლება რაღაც დეტალები ამ 12 პუნქტიდან, რომელსაც ევროკავშირი ჩათვლის, რომ არ შეუსრულებია ამ ეტაპზე ხელისუფლებას, გადავიდეს შემდეგ ფაზაში“, – ამბობს ბიძინა ლებანიძე ნეტგაზეთთან.

ბიძინა ლებანიძე

ბიძინა ლებანიძის თქმით, იმისათვის, რომ „ევროკომისიამ თვალი დახუჭოს“, რეკომენდაციების რაღაც ნაწილის შესრულებასთან ერთად საჭიროა, რომ შემცირდეს კონფრონტაცია საქართველოს ხელისუფლებასა და ევროპელ პოლიტიკოსებს შორის.

„საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკომისიის რეკომენდაციის საფუძველზე იღებს ევროპული საბჭო. თუმცა ამისთვის კონფრონტაციული ფონი უნდა შეიცვალოს, საქართველოს ხელისუფლებამაც უნდა დაუკლოს მკვახე განცხადებებს და შეიქმნას მეგობრული ფონი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათაც ნაკლები მოტივაცია ექნებათ, რომ რაღაცაზე თვალი დახუჭონ და გადაავადონ“, – ამბობს ბიძინა ლებანიძე.

მისი თქმით, ახლა საუბარია იმის შესახებ, მისცენ თუ არა წლის ბოლოს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი, მიუხედავად იმისა, ბოლომდე შეასრულებს თუ არა მთავრობა 12 რეკომენდაციას.

როდის მიიღებს ევროკავშირი გადაწყვეტილებას?

ბიძინა ლებანიძის თქმით,  თუ ხელისუფლება არ შეასრულებს 12-ვე პუნქტს ისე, როგორც ამას ევროკომისია ითხოვს, თუმცა ბრიუსელში მაინც გადაწყვეტენ, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მისცენ, ეს, სავარაუდოდ, უშუალოდ არჩევნების წინ არ მოხდება. მისი თქმით, შესაძლოა ეს ამ წლის ბოლოს, არჩევნებამდე ადრე ან არჩევნების შემდეგ მოხდეს.

იმას, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ვითარება დილემურია, ამბობს ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის (CEPS) უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი მაიკლ ემერსონიც.

ემერსონი ევროკავშირის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესს საქართველოში გასამართი არჩევნების თარიღს უკავშირებს და ამბობს, რომ ნაკლებად მოსალოდნელია, ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მიცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 2024 წლამდე მიიღონ.

„რა თქმა უნდა, ეს დილემური სიტუაციაა. ის უნდა გადაწყდეს საქართველოს შიგნით. ჩემი ვარაუდია, რომ ევროკავშირი ნებისმიერ შემთხვევაში დაელოდება 2024 წლის არჩევნებს მანამ, სანამ განიხილავს [ევროპული პერსპექტივის] კანდიდატის სტატუსამდე ამაღლებას. თქვენი ოპოზიციური პარტიები ნამდვილად უნდა მობილიზდნენ და გვერდზე გადადონ პირადი თუ პარტიული სხვაობები. ევროკავშირს შეუძლია, რომ ეს ისურვოს, თუმცა არ შეუძლია, რომ ჩაერიოს“, – ამბობს ნეტგაზეთთან მაიკლ ემერსონი.

მასალების გადაბეჭდვის წესი