საზოგადოება

საზოგადოებრივი ორგანიზაციების ორი მოთხოვნა „ოცნების“ უკან დახევის შემდეგ

9 მარტი, 2023 • 1770
საზოგადოებრივი ორგანიზაციების ორი მოთხოვნა „ოცნების“ უკან დახევის შემდეგ

მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დღეს, 9 მარტს განაცხადა „აგენტებზე“ რუსული კანონის უკან გაწვევის შესახებ, საზოგადოებრივი ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ორ მთავარ მოთხოვნას ასახელებენ:

„მადლობა ახალგაზრდებს, ქალებს, მშრომელებს, მეცნიერებს, პედაგოგებს, ექიმებს, კულტურის და სპორტის წარმომადგენლებს, მეღვინეებს, მეწარმეებს, ფერმერებს, ყველას, ვინც დგას ისტორიის სწორ მხარეს და ხელისუფლების ძალადობისა და რეპრესიის პირობებში თავის აზრს გამოხატავს! რუსული კანონის მიღებისა და ევროპული კურსიდან გადახვევის წინააღმდეგ საზოგადოების შეუპოვარმა ბრძოლამ პირველადი შედეგი გამოიღო.

7 მარტს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის 76-მა დეპუტატმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა რუსულ კანონს ქართველი ხალხის წინააღმდეგ. საქართველოს ყველა საერთაშორისო პარტნიორის განცხადებით, ეს კანონი არის დიდი რუსული კედელი საქართველოსა და ევროკავშირს შორის; პარლამენტში რუსული კანონის განხილვა კი ყველა მოქალაქის ღირსებას ლახავს და ანტიკონსტიტუციური ნაბიჯია, რაც საქართველოს პრეზიდენტმაც დაადასტურა.
ამ კანონის პირველი მოსმენით მიღება იყო ხელისუფლების მიერ წარმოებული ანტიდასავლური კამპანიებისა და ევროპული ინსტიტუტების მუდმივი დელეგიტიმაციის პირდაპირი გაგრძელება.

საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ არ არსებობს პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის გაწვევის პროცედურა, შესაძლებელია მხოლოდ მისი ჩაგდება მეორე მოსმენით. შესაბამისად, აუცილებელია, რომ პარლამენტმა რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყაროს კენჭი და ჩააგდოს ის, ხოლო რუსული კანონის მეორე ვერსია, რომელსაც კენჭი არ ეყარა, ინიციატორებმა ოფიციალურად გაიწვიონ. ეს იქნება ოფიციალური ბოდიში ქართველი ხალხისადმი.

ამრიგად, მოვითხოვთ:

  1. პარლამენტმა დაუყოვნებლივ გამართოს პლენარული სხდომა, სადაც რუსული კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს და მას ოფიციალურად ჩააგდებს;
  2. დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყველა დაკავებული, ვინც საქართველოს ევროპულ მომავალს იცავდა და ქუჩებში საქართველოს და ხალხის ღირსების შემლახავ რუსულ კანონს აპროტესტებდა.

განცხადება ღიაა შემოერთებისთვის ნებისმიერი ორგანიზაციისა და მედიისთვის.


საქართველოს პარლამენტის 76-მა დეპუტატმა 7 მარტის სესიაზე პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი რუსულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა. მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს და მას შემდეგ ქვეყანაში, ფაქტობრივად, გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ისინი ჯერ „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი საქმიანობაც აუკრძალეს. კანონს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შემაფერხებლად მიიჩნევენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები, მათ შორის, აშშ და ევროკავშირი.

საქართველოს ათასობით მოქალაქე უკვე რამდენიმე დღეა, აპროტესტებს რუსული კანონპროექტის მიღებას. მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ხელისუფლებამ გამოიყენა ფიზიკური ძალა, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი.  დარბევის დაწყების შემდეგ პოლიციის მიმართულებით სხვადასხვა საგნის სროლა დაიწყო აქციის მხარეს მყოფმა ადამიანთა ნაწილმა.

დაზიანდა პოლიციის ავტომობილები, დაშავდნენ როგორც პოლიციელები, ისე – აქციის მონაწილეები. 8-9 მარტის ღამეს, რუსთაველზე აქციის დაშლის შემდეგ სპეცრაზმმა აქციის მონაწილეებს მიმდებარე ქუჩებზე დილამდე სდია და აკავებდა მათ.

ორდღიანი საპროტესტო აქციებისა და დარბევის შემდეგ ხელისუფლებამ თქვა, რომ გაიწვევს რუსულ კანონს, რომელიც ქვეყანაში სამოქალაქო სექტორსა და მედიას შეზღუდავს.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ რა ფორმითაც არ უნდა მიიღონ ეს კანონი, მას ვეტოს დაადებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი