საზოგადოება

ხელაშვილი რუსული კანონის კენჭისყრას ესწრებოდა, თუმცა ხმა არ მისცა [ვიდეო]

8 მარტი, 2023 • 3634
ხელაშვილი რუსული კანონის კენჭისყრას ესწრებოდა, თუმცა ხმა არ მისცა [ვიდეო]

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ხელაშვილმა, მიუხედავად იმისა, რომ კენჭისყრას ესწრებოდა, რეგისტრაცია არ გაიარა და რუსულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.

ხელაშვილი კენჭისყრის დროს პლენარულ სხდომათა დარბაზში იჯდა, თუმცა რეგისტრაციაც არ გაიარა და, შესაბამისად, არც კენჭისყრაში მიიღო მონაწილეობა. კენჭისყრის შემდეგ კი სხდომათა დარბაზი მალევე დატოვა.

ხელაშვილს აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით ნეტგაზეთმა არაერთგზის სთხოვა პოზიციის დაფიქსირება, თუმცა ჩვენთან კომენტარი არ გააკეთა.

@netgazeti დეპუტატი გიორგი ხელაშვილი რუსული კანონის კენჭისყრას ესწრებოდა, თუმცა მონაწილეობა არ მიიღო. #არარუსულკანონს ♬ original sound – Netgazeti • ნეტგაზეთი

თავად გიორგი ხელაშვილს საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

  • 1997 – 1998: მონტერეის (აშშ) საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესწავლის ცენტრის მოწვეული მეცნიერ-თანამშრომელი;
  • 2003 – 2004: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს (IREX) მასმედიის გრანტების მენეჯერი;
  • 2004 – 2007: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის აკადემიური პროგრამების დირექტორი (ცენტრი, არასამეწარმეო (არაკომერციული)  2003 წელს ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს” სოციალურ მეცნიერებათა მხარდაჭერით დაფუძნდა).

7 მარტს საქართველოს პარლამენტის 76-მა დეპუტატმა სესიაზე პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი რუსულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს და მას შემდეგ ქვეყანაში, ფაქტობრივად, გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ისინი ჯერ „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი საქმიანობაც აუკრძალეს.

კანონს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შემაფერხებლად მიიჩნევენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები, მათ შორის, აშშ და ევროკავშირი.

კენჭისყრის შედეგების მიხედვით, „ქართული ოცნების“ ოთხმა დეპუტატმა შეიკავა თავი რუსული კანონის მხარდაჭერისგან. ოთხივე მათგანი სხდომას დაესწრო, თუმცა, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

ეს დეპუტატები არიან:

1. დავით სერგეენკო – არ მონაწილეობდა კენჭისყრაში;
2. ვლადიმერ ჩაჩიბაია –  არ მონაწილეობდა კენჭისყრაში;
3. ქეთევან დუმბაძე – არ მონაწილეობდა კენჭისყრაში;
4. ირაკლი მეძმარიაშვილი – არ მონაწილეობდა კენჭისყრაში

თუმცა, მოგვიანებით,  პროსახელისუფლებო Post TV-მ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ირაკლი მეძმარიაშვილიც და ქეთევან დუმბაძეც აცხადებენ, რომ  რეალურად მათ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს და ადგილი ჰქონდა ტექნიკურ ხარვეზს.

მასალების გადაბეჭდვის წესი