საზოგადოება

აქციაზე დაკავებული 30-მდე მოქალაქე კვლავ არ გაუთავისუფლებიათ

3 მარტი, 2023 • 767
აქციაზე დაკავებული 30-მდე მოქალაქე კვლავ არ გაუთავისუფლებიათ

2 მარტის აქციაზე, რომელიც პარლამენტთან მიმდინარეობდა, დაკავებული 30-მდე მოქალაქე კვლავ არ გაუთავისუფლებიათ.

გუშინ პარლამენტის მიმდებარედ მიმდინარე აქციაზე, სადაც რუსულ კანონს აპროტესტებდნენ, 36 მოქალაქე დააკავეს. მათგან, ნეტგაზეთის ინფორმაციით, 6-7 მოქალაქე ხელწერილით გაათავისუფლეს. გათავისუფლებულებს შორის არის ორი ჟურნალისტი – „პუბლიკას“ რედაქტორი ზურა ვარდიაშვილი და „ტაბულას“ რეპორტიორი ბექა ჯიქურაშვილი.

მოქალაქეები დააკავეს ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.


გუშინ, 2 მარტს საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მხარი დაუჭირეს „ხალხის ძალის“ ინიციირებულ კანონპროექტებს უცხოეთის აგენტების შესახებ. როგორც კანონპროექტის ავტორებმა და დეპუტატებმა აღნიშნეს, პირველ მოსმენით კანონპროექტებს პრინციპების დონეზე უჭერენ მხარს, შინაარსობრივი განხილვა კი ვენეციის კომისიის შეფასების შემდეგ მოხდება.

კომიტეტის პარალელურად, მთელი დღის განმავლობაში ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სხდომაზე არ უშვებდნენ.ოპოზიციონერ დეპუტატებს კი, რომლებიც სხდომას ესწრებოდნენ, სხდომათა დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

პარლამენტთან მთელი დღის განმავლობაში ასევე მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია. ღამით აქციაზე დააკავეს ათობით მოქალაქე, მათ შორის, ჟურნალისტები.

რაც შეეხება თავად კომიტეტს, სხდომა ფიზიკური შეხლა-შემოხლის და პროტესტის ფონზე გაიმართა. სხდომის ჩატარება თავდაპირველად დანიშნული იყო პირველი რესპუბლიკის დარბაზში, თუმცა დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გადაიტანეს ჟიული შარტავას სახელობის შედარებით მცირე ზომის დარბაზში, სადაც ნაკლები ადამიანის დასწრებაა შესაძლებელი.

კომიტეტის სხდომაზე არ შეუშვეს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები, რომლებსაც კანონპროექტი პირდაპირ ეხებათ, თუმცა შეუშვეს „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტი დავით ქართველიშვილი, ნანა კაკაბაძე, ჯონდი ბაღათურია, თამარ ჩიბურდანიძე და „ხალხის ძალის“ აქტივისტები. თუმცა ნიკა სამხარაძემ თქვა, რომ არასამთავრობოთა ნაწილი, რომელმაც მიმართა პარლამენტს, სხდომაზე დაშვებულია.

კანონის მოწინააღმდეგეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მსგავსი კანონმდებლობის მიღება საქართველოს ევროინტეგრაციას შეუშლის ხელს.


საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.

ამჟამად უმრავლესობის წევრებს „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვს ინიციირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი FARA-ს „უფრო შერბილებული” ვერსია — „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და 2. „ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი” — „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“.

საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.

ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

მასალების გადაბეჭდვის წესი