ახალი ამბები

პარლამენტთან დაკავებული ჟურნალისტები გაათავისუფლეს

3 მარტი, 2023 •
პარლამენტთან დაკავებული ჟურნალისტები გაათავისუფლეს

პარლამენტთან დაკავებული ჟურნალისტები გაათავისუფლეს.

„ტაბულას“ რეპორტიორი ბექა ჯიქურაშვილი და „პუბლიკის“ რედაქტორი ზურა ვარდიაშვილი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დააკავეს. ეს უკანასკნელი თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის მითითებით დააკავეს.

„დაკავებების სერია დაიწყეს, მოვარდნენ და მეც დამიჭირეს, არაფერი მიქნია ისე. უბრალოდ ვიდექი და ვიღებდი. მომვარდა პოლიცია და თავდაყირა მდგომარეობაში ჩამტენეს მანქანაში. გადმომიყვანეს განყოფილებაში. არც ფიზიკური და არც სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მოუყენებიათ. რომ გაიგეს, რომ პრესის წარმომადგენელი ვიყავი, გამათავისუფლეს ხელწერილის საფუძველზე“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ ბექა ჯიქურაშვილმა.

ზურაბ ვარდიაშვილის თქმით, სამართალდამცველებს დაურეკეს და უთხრეს, ჟურნალისტები გაეთავისუფლებინათ, სხვა დაკავებულები კი პოლიციაში არიან გადაყვანილი. ვარდიაშილის თქმით, მას ხელწერილზე ხელი არ მოუწერია.

მანამდე ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან ჟურნალისტების აქცია გაიმართა კოლეგების გათავისუფლების მოთოვნით.

დღეს მთელი დღის განმავლობაში ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საგარეო ურთიერთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე არ უშვებდნენ. ოპოზიციონერ დეპუტატებს კი, რომლებიც სხდომას ესწრებოდნენ, სხდომათა დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

პარლამენტში აკრედიტებული რამდენიმე ჟურნალისტი ასევე ძალის გამოყენებით გამოაძევეს პარლამენტის ეზოდანაც.

საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მხარი დაუჭირეს „ხალხის ძალის“ ინიციირებულ კანონპროექტებს უცხოეთის აგენტების შესახებ. როგორც კანონპროექტის ავტორებმა და დეპუტატებმა აღნიშნეს, პირველ მოსმენით კანონპროექტებს პრინციპების დონეზე უჭერენ მხარს, შინაარსობრივი განხილვა კი ვენეციის კომისიის შეფასების შემდეგ მოხდება.

კომიტეტის სხდომა ფიზიკური შეხლა-შემოხლის და პროტესტის ფონზე გაიმართა. სხდომის ჩატარება თავდაპირველად დანიშნული იყო პირველი რესპუბლიკის დარბაზში, თუმცა დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გადაიტანეს ჟიული შარტავას სახელობის შედარებით მცირე ზომის დარბაზში, სადაც ნაკლები ადამიანის დასწრებაა შესაძლებელი.

ოპოზიციონერ დეპუტატთა ნაწილს დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. კომიტეტის სხდომაზე არ შეუშვეს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები, რომლებსაც კანონპროექტი პირდაპირ ეხებათ, თუმცა შეუშვეს „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტი დავით ქართველიშვილი, ნანა კაკაბაძე, ჯონდი ბაღათურია, თამარ ჩიბურდანიძე და „ხალხის ძალის“ აქტივისტები. თუმცა ნიკა სამხარაძემ თქვა, რომ არასამთავრობოთა ნაწილი, რომელმაც მიმართა პარლამენტს, სხდომაზე დაშვებულია.

კანონის მოწინააღმდეგეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მსგავსი კანონმდებლობის მიღება საქართველოს ევროინტეგრაციას შეუშლის ხელს.

„ადამიანები ევროკავშირის სახელით და ევროკავშირში გაწევრიანების დიადი მიზნით ისე იქცევიან, რომ არათუ ევროკავშირში მიგვიღებენ ასეთი ქცევით, როცა ასეთი პარლამენტარები გვყავს, არამედ დედამიწიდან თუ არ გაგვასახლებენ, მადლობა უნდა ვუთხრათ ჩვენს დედამიწელებს“, — განაცხადა ნიკა სამხარაძემ.

კანონპროექტების განხილვას დარბაზს გარეთ და ასევე, ქუჩაში აპროტესტებდნენ იმ მედიისა და არასამთავრობოების წარმომადგენლები, რომლებსაც კანონპროექტები პირდაპირ ეხებათ. პარლამენტთან მიმდინარე ოპოზიციის აქციაზე კი პოლიციელებმა მომიტინგეები დააკავეს.

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.

ამჟამად უმრავლესობის წევრებს „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვს ინიციირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი FARA-ს „უფრო შერბილებული” ვერსია — „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და 2. „ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი” — „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“.

საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.

ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

გარეკანის ფოტოები: თამთა კახაბერიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი