საზოგადოება

როგორ დაეხმარა უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო შშმ კაცს

23 თებერვალი, 2023 • 1384
როგორ დაეხმარა უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო შშმ კაცს

დავით ხუხუა უკვე 15 წელია, რაც ეტლით სარგებლობს. ის ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს, თუმცა თანამოაზრეებთან ერთად საქველმოქმედო კავშირის — „ჯანმრთელი და უზრუნველი მომავლისაკენ“ — წევრია.

დავით ხუხუამ შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციოს სასამართლოში მოუგო. მის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ [PHR] იცავდა. სასამართლომ თქვა, რომ 2016 წლის 15 ივნისს დავითს პოლიცია დისკრიმინაციულად მოექცა მაშინ, როდესაც მას ეტლში გადაჯდომისა და ფიზიკური მოთხოვნილების დაკმაყოფილების საშუალება არ მისცა.

ამ საქმეს PHR ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებდა. სამივე ეს ორგანიზაცია, უახლოეს მომავალში, შესაძლოა „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადდეს. საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად” გამოაცხადეს, შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების” შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.

დავით ხუხუა VS შსს

ნეტგაზეთთან საუბარში დავითი იხსენებს, რომ 2016 წელს თბილისიდან ქუთაისში მიემგზავრებოდა შშმ პირთა უფლებების შესახებ ღონისძიებაზე დასასწრებად. მცხეთასთან ახლოს მისი მეგობარი მძღოლი, რომელიც ონკოპაციენტი იყო, შეუძლოდ გახდა. საჭირო გახდა მანქანის გადაყენება, რათა საჭესთან მისი მეორე მეგობარი გადამჯდარიყო.

სწორედ ამ დროს მანქანას პატრულის ეკიპაჟი მიუახლოვდა.

„ჩემი მეგობარი ეუბნებოდა, ცუდ ადგილას ვდგავართ და მოდი, მანქანას გადავიყვანთ და მერე ვილაპარაკოთო. ამ დროს ჩემს მეგობარსა და პოლიციას შორის დაიწყო უსიამოვნება, ხმამაღალი საუბარი. რომ დავინტერესდი, თუ რა ხდებოდა, ავუხსენი, სად მივდიოდით, ავუხსენი სიტუაცია. მიპასუხეს, შენ დაჯექი, შენ არავინ არაფერს გეკითხებაო. ვუთხარი, თუ თქვენ დიდხანს ვერ მოაგვარებთ ამ საკითხს, მე იძულებული ვიქნები, რომ ჩამოვიდე მანქანიდან და ეტლში გადავჯდე. არა, მალე მოვაგვარებთო, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ვერ მოგვარდა საბუთებთან დაკავშირებული გაურკვევლობა.

რაღაც დროის შემდეგ ვთხოვე, უნდა გადავჯდე ეტლში, რადგან შარდმა შემაწუხა-მეთქი. ძალიან აგდებულად მიპასუხეს, თუ გინდა იქვე გააკეთე, მანქანაში. მე ვეცადე ახსნა, რომ ამის გაკეთება მანქანაში ვერ მოხერხდებოდა და კათეტერი ეტლში უნდა გამეკეთებინა, რადგან სწორედ ეტლი იყო ამისთვის ადაპტირებული.

საბოლოოდ მივხვდი, რომ პოლიცია არ გადათქვამდა, ვუთხარი მეგობარს, აზრი არ აქვს ამათთან საუბარს, მომიტანე ეტლი, გადავჯდები-მეთქი. იმ დროს, როდესაც მეგობარი საბარგულის გახსნას ცდილობდა, რათა ეტლი ამოეღო, პოლიციამ საბარგულის კარს ხელი დაარტყა, შენ ვინ მოგცა ამის უფლებაო?!“ — ამბობს დავითი.

ის იხსენებს, რომ მას შემდეგ, რაც პოლიციამ ეტლში გადაჯდომის უფლება არ მისცა, გენერალურ ინსპექციაში დარეკვა გადაწყვიტა.

„დარეკე, არ გვაინტერესებსო, მითხრეს“. გენინსპექცია მართლაც მივიდა ადგილზე, ასევე მივიდა მეორე ეკიპაჟიც. თუმცა გენინსპექციის წარმომადგენლები და ერთ-ერთი ეკიპაჟი მალევე წავიდნენ.

დიდი არაფერი რეაგირება არ ჰქონია, უბრალოდ რაღაცები ჩაიწერეს და წავიდნენ. ამასობაში მე ვარ საშინელ მდგომარეობაში, ვარ სველი. დავრეკე ჩემს ძმაკაცთან, ვუთხარი, ასეთ და ასეთ მდგომარეობაში ვარ, არაადამიანებთან მოვხვდი-მეთქი. წაყვანა ვთხოვე იმიტომ, რომ მეტის ატანა აღარ შემეძლო. პოლიციასაც ვუთხარი, ძმაკაცი უნდა მოვიდეს და წამიყვანოს-მეთქი. მათ კი მიპასუხეს, ამიერიდან შეგიძლია წახვიდეო.

როგორ წავიდოდი, ამ მდგომარეობაში მანქანიდან ვერ გადმოვიდოდი. ვუთხარი, ასეთ მდგომარეობაში მე ქუჩაში ვერ წავალ, რადგან ჩემი ღირსება და თავმოყვარეობა გამაჩნია. არა, შენს ძმაკაცს ჩვენ ვერ დაველოდებითო, დასავლეთიდან მომავალ სამარშრუტო ტაქსის ან ავტობუსს გავაჩერებთ და ჩაგსვამთო. ვუთხარი, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ასეთ მდგომარეობაში ავტობუსში ჩავჯდე-მეთქი?! ეს უკვე ჩვენი პრობლემა არ არისო. ისიც შემთავაზეს, ევაკუატორს მოვიყვანთო და სანამ სასამართლო პროცესი იქნებოდა, ეს პერიოდი მე შემეძლო ევაკუატორში ვმჯდარიყავი. ესეც აბსურდი იყო, რა თქმა უნდა. ამასობაში აცივდა, მე კი მთელი ღამე ასე მაწამეს. ეს წამებაა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ვგრძნობდი, რომ ნაწოლების გამო ორგანიზმში დაჭიმულობა მიჩნდებოდა, ვერც ვჯდებოდი, ვერც ვერაფერს ვშრებოდი. ძალიან რთული იყო“, — უთხრა ნეტგაზეთს დავით ხუხუამ.

კაცს ამ ისტორიის გახსენება უჭირს. ინტერვიუში ამბობს, რომ ზოგადად, ძალიან მეგობრული და კომუნიკაბელური ადამიანია და ნებისმიერ საკითხზე ღიად შეუძლია საუბარი, მაგრამ მომხდარმა იმხელა სტრესი მიაყენა, რომ ეს ამძიმებს და ვერ იხსენებს. საბოლოოდ, იმ დღეს დავითს ძმაკაცმა მიაკითხა. მან მალევე დარეკა PHR-ში და ორგანიზაციის წარმომადგენლებს ესაუბრა, გადაიღეს ფოტოებიც. ამასობაში მისი მდგომარეობა დამძიმდა და საჭირო გახდა სასწრაფოს გამოძახებაც.

სასამართლო პროცესი 5 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. PHR წერს, რომ თავდაპირველად, საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლე სოფიო გაგნიძემ ვერ დაინახა დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი და შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საპატრულო პოლიციელების მოქმედება/უმოქმედობა კანონიერად მიიჩნია. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ საქმეზ ჯერ კიდევ 2016 წელს დისკრიმინაცია დაადგინა სახალხო დამცველმაც.

საქმე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. სააპელაციომ 2022 წელს გააუქმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, დაადასტურა, რომ პოლიციელების მოპყრობა ნამდვილად დისკრიმინაციული იყო და შსს-ს დავით ხუხუასთვის მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 10 000 ლარის გადახდა დაავალდებულა.

ის დასძენს, რომ ადგილზე PHR რომ არ მისულიყო, სავარაუდოდ, არც არაფერი არ მოხდებოდა. ის ვარაუდობს, რომ მეგობრის მსგავსად, მასაც დააჯარიმებდნენ, დისკრიმინაციულ მოპყრობაზე კი არავინ ისაუბრებდა – „დღემდე ძალიან მადლიერი ვარ ამ ხალხის. ამ პროცესმა მე ჩემი სიმართლე დამამტკიცებინა. მე ამას მარტო ვერ გავაკეთებდი, სადაც არ უნდა გამესაჩივრებინა,“

ინტერვიუს ბოლოს ჩვენ მას ვკითხეთ, რას ფიქრობდა „აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე:

„მე რომ გავიგე, მით უმეტეს, რომ გავიგე, რომ ინიციატორებს შორის ერთ-ერთი დიმიტრი ხუნდაძეა — ადამიანი, რომელიც ხელმძღვანელობდა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს და ამჟამადაც მისი წევრია, დედას გეფიცებით, ეს კანონპროექტი თუ დამტკიცდა და გამოიტანეს, ჩათვალეთ, რომ საქართველოში ადამიანი თავის სიმართლეს ვერ დაამტკიცებს.

მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთში ვარ, გაღვიძებისას პირველივე ჩემი ფიქრი საქართველოზეა, საქართველოს შესახებ ინფორმაციის გაგებით იწყება ჩემი დღე. ასეთი რამ რომ გავიგე, განცდა დამეუფლა, თითქოს ის იმედის ნაპერწკალი, რაც მქონდა ჩემი ქვეყნის მიმართ, ისიც დამეკარგა.“

მასალების გადაბეჭდვის წესი