საზოგადოება

თურქეთ-სირიაში მიწისძვრით დაღუპულთა რიცხვმა 34 ათასს გადააჭარბა

13 თებერვალი, 2023 • 1246
თურქეთ-სირიაში მიწისძვრით დაღუპულთა რიცხვმა 34 ათასს გადააჭარბა

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 34 000-ს გადააჭარბა.

თურქეთის საგანგებო სიტუაციების საკოორდინაციო ცენტრმა კვირას განაცხადა, რომ თურქეთში დაღუპულთა რიცხვმა 29 605-ს მიაღწია. სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ევროკავშირის ქვეყნებმა თურქეთში გააგზავნეს 38 სამაშველო ჯგუფი, რომელიც 1 651 ადამიანისგან და 106 ძაღლისგან შედგება. ევროკავშირის განცხადებით, მისი ოპერაცია დაზარალებულ რეგიონებში არის ერთ-ერთი „ყველაზე დიდი სამძებრო-სამაშველო ოპერაცია“, რომელიც განხორციელდა სამოქალაქო დაცვის მექანიზმის მეშვეობით.

100 მაშველი გააგზავნა თურქეთში საქართველომაც. თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა შორის საქართველოს 5 მოქალაქეა. სამი მათგანი უკვე გადმოსვენებულია საქართველოში. თურქეთში საქართველოს ელჩის გიორგი ჯანჯღავას ინფორმაციით, საქართველოს ათეულობით მოქალაქემ თურქეთის ტერიტორია დატოვა და სამშობლოში გაემგზავრა, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც მძიმე დღეებში არ ტოვებენ დამსაქმებელთა ოჯახებს.

სირიაში დადასტურებული დაღუპულთა რიცხვი 4 574-ია. აქედან 3 160-ზე მეტი დაიღუპა ოპოზიციის მიერ კონტროლირებად ჩრდილო-დასავლეთ სირიაში. მოხალისეთა ორგანიზაცია „თეთრი ჩაფხუტების“ ინფორმაციით, მეამბოხეების მიერ კონტროლირებად რაიონებში სამაშველო ოპერაციები დასრულდა.

CNN-ის ცნობით, ჩრდილოეთ სირიის მიწისძვრით დაზარალებულ რაიონებში სასწრაფო დახმარების მიწოდება გართულდა ხანგრძლივი სამოქალაქო ომით ოპოზიციურ ძალებსა და სირიის მთავრობას შორის. რუსეთმა, რომელიც მხარს უჭერს ბაშარ ალ ასადის რეჟიმს, მანამდე გაეროში დაბლოკა სირიისთვის დახმარების სხვა მარშრუტის დამტკიცება. „თეთრი ჩაფხუტების“ მოხალისეთა ჯგუფის ხელმძღვანელმა გაეროს მოუწოდა, იმოქმედოს უშიშროების საბჭოს გვერდის ავლით და გახსნას გადაუდებელი დახმარების სამი ახალი გზა.

თურქეთისა და სირიის საზღვართან 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 6 თებერვალს, ღამით მოხდა. ასობით ათასი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა და საკვების, წყლისა თუ სხვა რესურსების ნაკლებობას განიცდის.

მასალების გადაბეჭდვის წესი