საზოგადოება

ხელოვნება დამოუკიდებელია – ეროვნულ გალერეასთან რეპრესიები გააპროტესტეს

12 თებერვალი, 2023 • 2743
ხელოვნება დამოუკიდებელია – ეროვნულ გალერეასთან რეპრესიები გააპროტესტეს

„ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია“ – მხატვარ სანდრო სულაბერიძის ეს წარწერა დღეს ეროვნული მუზეუმის წინ გამართული აქციის მთავარი გზავნილი იყო.

მხატვრები, ხელოვნებათმცოდნეები, მუსიკოსები, ფოტოგრაფები და სხვა მოქალაქეები 17:00 საათზე გალერეასთან შეიკრიბნენ. ისინი ამბობენ, რომ ამ პროტესტით კიდევ ერთხელ გამოუცხადეს სოლიდარობა სულაბერიძეს – მხატვარს, რომლის წინააღმდეგაც ქურდობის მუხლით გამოძიებაა დაწყებული, მეორეს მხრივ კი კიდევ ერთხელ დაგმეს კულტურის სფეროში რეპრესიული მიდგომები.

ამ აქციას წინ უძღოდა 4 თებერვლის გამოფენა – „ავტოპორტრეტი სარკესთან“. გამოფენის დროს ერთ-ერთმა მონაწილემ, სანდრო სულაბერიძემ, კედლიდან თავისი ნამუშევარი ჩამოხსნა და იქვე, საღებავით გააკეთა წარწერა: „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია”. მის წინააღმდეგ გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყეს, რაც სასჯელის სახით, ასევე ითვალისწინებს პატიმრობას.

„ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია“ ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

ტატო ახალკაციშვილი ერთ-ერთია იმ არტისტებს შორის, რომელიც გამოფენაში „ავტოპორტრეტი სარკეში“ იღებს მონაწილეობას. ის სხვებთან ერთად დღეს აქციაზე მოვიდა.

„სანდრომ რა სლოგანიც წარმოთქვა, ეს არის ელემენტარული სლოგანი.. მხატვრებისთვის და ზოგადად, ხელოვანებისთვის ეს საყვარელი სლოგანია – დამოუკიდებლობა და თავისუფლება. ეს არის ფაქტობრივად იგივე, რაც მებრძოლისთვის სიცოცხლის მებრძოლისთვის სიცოცხლის ბოლო წვეთამდე ბრძოლაა სამშობლოს გადასარჩენად, რაც ექიმისთვის ის პირობაა, რომ განურჩევლად რასის, რელიგიის და წარმომავლობისა ყველას ერთნაირად უმკურნალებს ეს არის იმდენად ელემენტარული, რომ არაფრით შეიძლება ამის გამო დაისაჯოს ხელოვანი, მით უმეტეს მაშინ, როდესაც საკუთარ ნამუშევარს ეხება და არაფერს აზიანებს,“ – ამბობს ის ნეტგაზეთთან.

ტატო ახალკაციშვილი. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

საპროტესტო აქციის პარალელურად მოქალაქეები სანდრო სულაბერიძის მხარდასაჭერად ხელმოწერებს აგროვებენ. ხელმოწერებს კი უკვე სამშაბათს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიიტანენ, თან დაურთავენ განცხადებას, რომელშიც ხაზგასმულია, რომ “მხატვარი არ შეხებია სხვა ნამუშევარს, არ დაუზიანებია არაფერი და არავინ, ტექსტის შინაარსი ზოგადი და ფილოსოფიური სლოგანია, ის არავისთვის შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი არ არის”.

მოქალაქეთა ხელმოწერები. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

ხელოვნებათმცოდნე და კურატორი ხათუნა ხაბულიანი ერთ-ერთია, ვინც ხელმოწერების პროცესს აორგანიზებს. ნეტგაზეთის კითხვაზე, მისთვის რას ნიშნავს მხატვრის წინააღმდეგ აღძრული საქმე და გალერეის შემდგომი განცხადებები, ის ამბობს:

„რეპრესიას ნიშნავს. ეს რომ ყოფილიყო ის, რასაც მართლა ვანდალიზმს უწოდებენ – ნამუშევრის დაზიანება, ვიღაცის შეურაცხყოფა ან მოწოდება აგრესიისკენ – ეს ყველაფერი არ იყო. როდესაც საუბარია ხელოვნებაზე, დამოუკიდებლობაზე და სიცოცხლეზე – ეს ძალიან ფართო ცნებებია და ამ ცნებებთან როგორი დამოკიდებულება აქვთ თავად – ამას ავლენს პირველ რიგში. ვიღაცას თუ ცოცხალი და დამოუკიდებელი ხელოვნება პრობლემად ეჩვენება, ეს ნამდვილად მასზე მეტყველებს,“

სულაბერიძეს დღეს მხარი დაუჭირეს „მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის“ წევრებმა, მათ შორის, მისი თავმჯდომარემ ნიკოლოზ წიქარიძემაც. წიქარიძე არქეოლოგია, რომელიც ეროვნული მუზეუმიდან სწორედ წულუკიანის მოსვლის შემდგომ გაათავისუფლეს.

„დღეს მოვედი იმიტომ, რომ სანდროს სოლიდარობას ვუცხადებ. მისი მოქმედება იყო სოლიდარობა სხვების მიმართაც. ასევე მოვედი იმიტომაც, რომ თეა წულუკიანი თავისი პოლიტიკით ემტერება კულტურას. ამის მაგალითია, თუნდაც ის, რა დღეში ჩააგდეს გელათი.. ეროვნული მუზეუმი, რომელიც ფაქტობრივად დაშლილია და უფუნქციოდ არის, შეჩერებულია უამრავი პროექტი, უამრავი პრობლემაა სფეროში და ზოგადად, კულტურაში ისეთი დესტრუქციული გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, რომ თითქმის მთელი სფერო განაწყო მის წინააღმდეგ. აქამდე ასეთი წინააღმდეგობა, მგონი, არც ერთ მინისტრს არ ჰქონია. ჩვენ მხარს ვუჭერთ სანდროს, ვეთანხმებით მის გადაწყვეტილებას და ვთვლით, რომ ამაში არაფერი უკანონო არ არის. პირიქით, საჭიროა ის, რაც მან გააკეთა,“ – აცხადებს ნეტგაზეთთან წიქარიძე.

ნიკოლოზ წიქარიძე. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

აქციაზე დღეს მოვიდა კინომცოდნე თეო ხატიაშვილიც. ნეტგაზეთთან საუბარში ის ამბობს, რომ აქციაზე მოვიდა როგორც სოლიდარობისთვის, ასევე – „მორიგ ჯერზე ვაპროტესტებ ხელოვნების სფეროში პოლიციურ პოლიტიკას, რაც განსაკუთრებით, თეა წულუკიანის მინისტრობიდან არის ძალიან ცხადი,“.

„როდესაც ეროვნული მუზეუმიდან თანამშრომლები ასე მასიურად გაუშვეს – მაშინაც იყო საპროტესტო აქციები და მაშინვე გაჩნდა ეს იდეა, რომ ხელოვნების სხვადასხვა დარგში მომუშავე ადამიანები გაერთიანებულიყვნენ და ერთიანი ფრონტით გამოეხატათ ეს უკმაყოფილება. არამხოლოდ უკმაყოფილება დაეფიქსირებინათ, არამედ უფრო კონკრეტული პოლიტიკის განსაზღვრა მომხდარიყო. სამწუხაროდ, ჩვენ რაც გვაკლია ეს არის სითამამე და რა პრობლემაც არის საზოგადოებაში – კონფორმიზმის ძალიან დიდი ხარისხი, რომელიც ალბათ, მემკვიდრეობით გვერგო ისევ და ისევ საბჭოთა პერიოდიდან, როდესაც ხელოვანების დიდი ნაწილი ასე თუ ისე კომფორტულად იყო ელიტურ სოციუმს წარმოადგენდა და რაღაცას აკეთებდა რაღაცაზე თვალის დახუჭვის ხარჯზე და აი ეს მდგომარეობა სამწუხაროდ გრძელდება:ვიღაცას პროექტი აქვს, ვიღაცა კონკურსს ელის და ეს გაერთიანება ვერ მოხდა. ჩვენ სამწუხაროდ, ვიმკით ამის შედეგებს, როდესაც სულ უფრო ფართოვდება სფერო, რომელსაც არტყამს ასეთი აგრესიული ფორმით თეა წულუკიანი,“

აქციის მონაწილეების გარდა, ეროვნულ გალერეასთან დღეს ათობით პოლიციელი იყო და ადგილი ჰქონდა შეხლა-შემოხლასაც, რა დროსაც დაშავდა აქტივისტი ნატა ფერაძე. ის იხსენებს, რომ მას პოლიციელები პულივიზატორებიან ცელოფანს ართმევდნენ, რა დროსაც სიტუაცია დაიძაბა და მას სახეში, სავარაუდოდ, პოლიციელისვე ხელი მოხვდა .

პოლიციელების დიდ რაოდენობას გამოეხმაურა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.

„20 პოლიციის მანქანა ცისფერი გალერეის უკანა ეზოში. მხატვარი ესოდენ საფრთხეს უქმნიდეს სახელმწიფოს, ცოტა არ იყოს სხვა ეპოქას გვახსენებს და თანამედროვე საქართველოს კი ნამდვილად არცხვენს“, – წერს საკუთარ ფეისბუქგვერდზე სალომე ზურაბიშვილი,“ – დაწერა მან პირად ფეისბუკზე.

ბაქარ მიგრიაული პლაკატით ხელში. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

„დიმიტრი შევარდნაძის სულ მაინც ეცით პატივი“ – ეწერა დღეს ბაქარ მიგრიაულის პლაკატზე. მიგრიაული სხვებთან ერთად დღეს ეროვნული გალერეის კიბეებზე პოლიციის კორდონთან იდგა .

„აქ ვარ იმისთვის, რომ ვაპროტესტებ ამ აბსურდულ მდგომარეობას – პირველ რიგში ქვეყანაში და მერე კიდევ შიგნით სახელოვნებო სივრცეში. ნებისმიერ თავისუფალ ფორმას უკვე დაუპირისპირდა სახელმწიფო და ეს რაღაც ზღვარია.. მაპატიეთ ამ გამოთქმისთვის, მაგრამ იმდენ რაღაცაზე უკვე თავზე დაგვა*ვეს, რომ ამ თავზე და*მაში უკვე იქამდე მოვედით, რომ ხელოვნების დამოუკიდებლობას შეეხნენ. თუ აქაც გავტყდით, ჩვენ როგორც საზოგადოება აბსოლუტურად დავიშლებით,“ – ამბობს აქციის მონაწილე, ხელოვანი ბაქარ მიგრიაული.

მასალების გადაბეჭდვის წესი