საზოგადოება

ელჩი: თურქეთში ნანგრევებში საქართველოს ორ მოქალაქეს ეძებენ

8 თებერვალი, 2023 • 904
ელჩი: თურქეთში ნანგრევებში საქართველოს ორ მოქალაქეს ეძებენ

თურქეთში საქართველოს ელჩის გიორგი ჯანჯღავას განცხადებით, დღევანდელი დილის მდგომარეობით, ნანგრევებში საქართველოს ორ მოქალაქეს ეძებენ.

ელჩის განცხადებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში საქართველოს 4 მოქალაქე იპოვეს და უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. გიორგი ჯანჯღავა აღნიშნავს, რომ საელჩო კავშირზეა საქართველოს 100-ზე მეტ მოქალაქესთან:

„გუშინ ღამის მონაცემებით, მიმდინარეობდა 6 მოქალაქის ძიების პროცესი, 4 მათგანი ვიპოვეთ და გადაყვანილები არიან დაცულ სივრცეში, ჯანმრთელად და კარგად არიან. სამწუხაროდ, ჩვენი 2 მოქალაქე, რომელიც ნანგრევებშია მოყოლილი, ჯერჯერობით ვერ ვიპოვეთ. გრძელდება სამუშაოები. სტატისტიკა ასეთია, 100-ზე მეტი მოქალაქე ვიპოვეთ, 2 დაიღუპა, 2 კი დაკარგულია“, – ამბობს თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა.

თურქეთისა და სირიის საზღვართან ორშაბათს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 8 000-ს გადააჭარბა. მხოლოდ თურქეთში, სახელმწიფოს თანახმად, 6 234 ადამიანია დაღუპული.

7.8 მაგნიტურის სიმძლავრის მიწისძვრამ, რომლის ეპიცენტრიც თურქეთის სამხრეთით მდებარე ქაჰრამანმარაშის პროვინციაში იყო, ჯამში, 10 პროვინცია და 13 მილიონზე მეტი ადამიანი დააზარალა.

პირველ მიწისძვრას მოგვიანებით, შუადღისას, იმავე ზონაში, კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოჰყვა: ამჯერად, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის.

როგორც თურქეთის სახელმწიფო სააგენტო “ანადოლუ” წერს კატასტროფების მართვის სამსახურზე დაყრდნობით, დაშავებულთა რიცხვი თურქეთში 37 000-ს აჭარბებს.

ამავე სამსახურის ცნობით, სამძებრო და სამაშველო სამუშაოებში 79 000-ზე მეტი პირია ჩართული. მესამე დღეა, მაშველები ნანგრევებში მოყოლილი მოქალაქეების გადარჩენას ცდილობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი