საზოგადოება

რას ფიქრობენ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით გათავისუფლებაზე მისი ძველი ოპონენტები

9 თებერვალი, 2023 • 1396
რას ფიქრობენ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით გათავისუფლებაზე მისი ძველი ოპონენტები

ადვოკატების შუამდგომლობა, გაეთავისუფლებინათ მიხეილ სააკაშვილი ან სასჯელი გადაევადებინათ მისთვის, სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ექსპრეზიდენტი კლინიკა “ვივამედში” რჩება.

ცენტრ “ემპათიის” დასკვნის თანახმად, რომელიც დაცვის მხარის მოთხოვნის წინაპირობაა, სააკაშვილს არაერთი მძიმე დაავადება სჭირს, რაც მისი გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საფუძველია. სახელმწიფო ამბობს, რომ დიაგნოზები უტყუარი არ არის.

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას მისი დაკავების პირველი კვირებიდან განიხილავენ როგორც ოპოზიციურ, ისე სახელისუფლებო წრეებში. ისინი ერთმანეთს ადანაშაულებენ საკითხით სპეკულაციაში.

ამ ფონზე დაცვის მხარის ზემოხსენებულ მოთხოვნაზე საზოგაოებას არ მოუსმენია არაერთი იმ ადამიანის პოზიცია, რომლებიც არცთუ შორეულ წარსულში მიხეილ სააკაშვილის კრიტიკოსები თუ პოლიტიკური ოპონენტები იყვნენ, თუმცა ამჟამად აქტიურად აღარ ჩანან საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

“ნეტგაზეთი” გთავაზობთ იმ ადამიანთა მოსაზრებებს, რომელთაც ჩვენთან საუბარი ისურვეს და სხვადასხვა მიზეზის გამო კომენტარზე უარი არ უთქვამთ.

“ფაქტია, რომ საკმაოდ მძიმე, კრიტიკულ მდგომარეობაშია”

დავით გამყრელიძე “ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერი იყო პარტიის დაფუძნების დღიდან.

აღნიშნული პოლიტიკური ძალა “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს ოპოზიციაში იყო, აკრიტიკებდა სააკაშვილის ხელისუფლებას და ქუჩის პროტესტშიც მონაწილეობდა მის წინააღმდეგ.

2012 წელს, როცა “ახლებმა” 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს, გამყრელიძემ მანამდე დადებული პირობა შეასრულა და დატოვა როგორც თავმჯდომარეობა, ისე — პოლიტიკური ცხოვრება.

ჩვენ მიერ დასმულ კითხვას დავით გამყრელიძემ უპასუხა: “რა თქმა უნდა, ვემხრობი”.

დავით გამყრელიძე 

“პირადი წყენა და წარსულის დანაშაულები არ არის ის, რის გამოც ადამიანი რაღაც წამების მსხვერპლი უნდა გახდეს. ფაქტია, რომ სხვას მის ადგილას, შესაძლოა, ბევრად უფრო ადვილად გადაეტანა ეს მდგომარეობა, მაგრამ ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის ციხე, დატყვევება, თავისუფლების აღკვეთა, აღმოჩნდა ძალიან მძიმე რამ, რამაც, ეტყობა, გაამწვავა მისი ქრონიკული დაავადებები, გამოიწვია ახალი დაავადებები…

მე სიღრმეებში ვერ შევალ დიაგნოზებთან დაკავშირებით, მაგრამ მისი ჰაბიტუსიდან, წონიდან გამომდინარე,  ფაქტია, რომ საკმაოდ მძიმე, კრიტიკულ მდგომარეობაშია და მე ვთვლი, რომ წმინდა ჰუმანური თვალსაზრისით მას უნდა გადაუვადდეს [სასჯელი]”, — დასძენს ის.

გამყრელიძის სიტყვებით, “პოლიტიკურადაც, მესამე ესპრეზიდენტის ამ მდგომარეობაში ყოფნა ნამდვილად არ წარმოაჩენს ამ ქვეყანას ევროპელებთან, ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, რაც ძალიან ცუდია”.

“ნამდვილად მძიმეა თუ არა, ეგ ვერ გავიგე”

ზვიად ძიძიგური მიხეილ სააკაშვილთან ერთად მონაწილეობდა “ვარდების რევოლუციაში”, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ხმამაღალ ოპონენტად იქცა.

2012 წელს “ქართულ ოცნებას” შეუერთდა და ამავე პოლიტიკური ძალის სახელით შევიდა პარლამენტში, თუმცა 2019 წელს უმრავლესობა დატოვა, არ დაეთანხმა რა პროპორციული საარჩევნო სისტემისთვის საჭირო ცვლილებების ჩაგდებას.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ძიძიგურის პარტია „კონსერვატორები“ დამოუკიდებლად იყრიდნენ კენჭს და პარლამენტში შესვლის შემთხვევაში “ოცნებასთან” განიხილავდნენ კოალიციას, თუმცა მანდატების მისაღებად საკმარისი ხმები ვერ მოაგროვეს.

როცა ძიძიგურს ვკითხეთ, რას ფიქრობდა სააკაშვილის გათავისუფლებაზე ან სასჯელის გადავადებაზე ჰუმანიტარული მიზნით, გვიპასუხა:

“თუ [“ემპათიის” დიაგნოზები] შეესაბამება რეალობას, კი. მაგრამ სერიოზულ კითხვის ნიშებს აჩენს, როცა მოწამლული ვარ, მოწამლული ვარო და ანალიზის აღების საშუალებას არ აძლევენ, როცა მიდიან”.

“თუ ნამდვილად ეგრე მძიმედაა, რა თქმა უნდა, კანონმდებლობაც ამას ითვალისწინებს, მაგრამ ნამდვილად მძიმეა თუ არა, ეგ ვერ გავიგე და ვერ დაამტკიცეს ამდენი თვეა”.

ზვიად ძიძიგური 

მისივე სიტყვებით, დასკვნის რეალობასთან შესაბამისობაში დარწმუნდებოდა, “თუკი ეს დასკვნა იქნებოდა არა მხოლოდ ცენტრი “ემპათიის”, არამედ იქნებოდა ექიმების, რომელთაც საზოგადოებაში ნდობა აქვთ” და “თუკი იქნებოდა აღებული ისეთი ანალიზი, რომ ეს ტოქსიკოლოგიური დასკვნა დადებულიყო, ნამდვილად მოწამლულია ეს კაცი თუ რაღაც ტიპის პოლიტიკურ ინტრიგასთან გვაქვს საქმე”.

ამავე ინტერვიუში ძიძიგურმა თქვა, რომ სააკაშვილს უდანაშაულოდ არ მიიჩნევს.

მანამდე, 2022 წლის დეკემბერში, ძიძიგური დასძენდა, რომ სააკაშვილი ნამდვილად ცუდადაა და შეუძლებელია ასეთი დონის სიმულანტობა, რომ ადამიანი ფიზიკურადაც, გარეგნულადაც, ფსიქოლოგიურადაც, ყველანაირად იყოს ასეთ მძიმე მდგომარეობაში”.

“ემპათიის” დასკვნის მომზადებაში მონაწილეობდნენ როგორც ქართველი, ისე ბრიტანელი და ამერიკელი ექიმები. ამერიკელმა ტოქსიკოლოგმა დევიდ სმიტმა, რომელმაც სააკაშვილის შესახებ ტოქსიკოლოგიური სამედიცინო დასკვნა მოამზადა, თქვა, რომ ექსპრეზიდენტს აქვს დემენცია, რომელიც განვითარებულია მძიმე მეტალების ორგანიზმში მოხვედრის შედეგად.

რაც შეეხება ტოქსიკოლოგიურ ანალიზზე უარს სამხარაულის ექსპერტიზის სახელმწიფო ბიუროსთვის: სააკაშვილის დაცვის მხარე აღნიშნავს, რომ ბიუროს არ ენდობა და ითანამშრომლებენ “უცხოურ, ავტორიტეტულ საექსპერტო ბიუროსთან”, ასეთის მოწვევის შემთხვევაში.

“ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდი კანონის უზენაესობის დარღვევას”

მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი კრიტიკოსი, რომელთანაც “ნეტგაზეთმა” საუბარი შეძლო, ტელეკომპანია “მაესტროს” ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ღლონტია.

“მაესტრო” “ნაციონალური მოძრაობის” დროს ხელისუფლებისადმი ღიად კრიტიკული ტელევიზია იყო იმ ფონზე, როცა ქვეყანაში მოქმედი მსხვილი ტელეკომპანიებიდან არ ისმოდა ოპოზიციური აზრი.

მამუკა ღლონტი 

2014 წელს მამუკა ღლონტმა “ტვ მაესტროს” მესაკუთრეთა რიგები დატოვა.

“მე ყოველთვის ვიყავი იმის წინააღმდეგი, რომ კანონის უზენაესობა დარღვეულიყო”, — გვეუბნება ის სააკაშვილზე კითხვის საპასუხოდ და დასძენს, რომ თუ სააკაშვილს კანონით ეკუთვნის პატიმრობიდან გათავისუფლება ან სასჯელის გადავადევა, ეს კანონი უნდა აღსრულდეს.

“თუ ადამიანს კანონით ეკუთვნის რაღაც, გინდ იყოს მიშა სააკაშვილი, გინდა იყოს ნებისმიერი სახელით და გვარით, კანონი უნდა იყოს უზენაესი და არა ნებისმიერი სხვა რამ…” ,— დასძენს ღლონტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი