ახალი ამბები

ამერიკელი ტოქსიკოლოგი: სააკაშვილი მოწამლულია და სიკვდილის რისკი არსებობს

29 დეკემბერი, 2022 • 3380
ამერიკელი ტოქსიკოლოგი: სააკაშვილი მოწამლულია და სიკვდილის რისკი არსებობს

ტოქსიკოლოგი, დევიდ სმიტი, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის შესახებ ტოქსიკოლოგიური სამედიცინო დასკვნა მოამზადა, აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტს აქვს დემენცია, რომელიც განვითარებულია მძიმე მეტალების, მათ შორის ვერცხლისწყლის, დარიშხანისა და ბარიუმის ორგანიზმში მოხვედრის შედეგად.

მისი თქმით, სააკაშვილს სჭირდება ისეთი სახის დიაგნოსტირება და თერაპია, რასაც საქართველოში ვერ უზრუნველყოფენ. სმიტი მიიჩნევს, რომ შესაბამისი მკურნალობის გარეშე არსებობს სიკვდილის ან ჯანმრთელობის სერიოზული, სწრაფი და შეუქცევადი გაუარესების გარდაუვალი რისკები, მათ შორის საფრთხე, რომ ექსპრეზიდენტი გახდეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე.

ამის შესახებ მან დღეს, 29 დეკემბერს, სასამართლო სხდომაზე ისაუბრა, სადაც განიხილება ყოფილი პრეზიდენტისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელის გადავადების ან მისი გათავისუფლების საკითხი.

დევიდ სმიტის განმარტებით, ისეთი მძიმე მეტალები, როგორიცაა ვერცხლისწყალი, დარიშხანი და ბარიუმი, გარკვეული პერიოდის შემდეგ გამოიყოფა ორგანიზმიდან, რა დროსაც სხვადასხვა ორგანოს მოწამვლას იწვევს.

ტოქსიკოლოგის განცხადებით, ექსპრეზიდენტმა თავის ტვინის სერიოზული დაზიანება მიიღო, განსაკუთრებით კი დაზიანდა “თავის ტვინის აღმასრულებელი რგოლი – თეთრი ნივთიერება”, რამაც “სერიოზულ და პროგრესირებად დემენციამდე” მიიყვანა სააკაშვილი.

“მას აქვს პერიფერიული ნეიროპათია, რაც არის თავის ტვინის გარეთ ნერვების დაზიანება და აქვს კუნთების განლევაც. მას გააჩნია [დაზიანებები] საჭმლის მომნელებელ სისტემაშიც, რაც იწვევს გასტრიტს, რომელიც თავის მხრივ იწვევს მუდმივ დიარეას და, შესაბამისად, კახექსიას და წონის მკვეთრ კლებას. მას დაზიანებები აქვს ღვიძლში და სხვა სასიცოცხლო ორგანოებში, როგორიცაა გული და თირკმელი. მძიმე მეტალებით მოწამვლა აზიანებს პრაქტიკულად ყველა ორგანოს ადამიანის სხეულში და შედეგად, მისი სამედიცინო მდგომარეობა სერიოზულია”, – განაცხადა სმიტმა.

მისი თქმით, ზემოთ ჩამოთვლილი ნივთიერებები ორგანიზმში მედიკამენტებთან ერთად ვერ მოხვდებოდა, რადგან ეს არ არის მკურნალობის ნაწილი. ამის მიზეზი კი ამ ნივთიერებების ძლიერი ტოქსიკურობაა.

სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის კითხვაზე, არის თუ არა ექსპრეზიდენტის დაავადების დინამიკა მკვეთრად უარყოფითი, სმიტმა უპასუხა, რომ არის. ასევე, ხაჭაპურიძის შეკითხვაზე, საქართველოში შესაბამისი მკურნალობის არარსებობის ან ასეთი მკურნალობის ხელმიუწვდომლობის გამო, ემუქრება თუ არა პაციენტს სიკვდილის გარდაუვალი რისკი, ან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული, სწრაფი და შეუქცევადი გაუარესება, ამასთან, იწვევს თუ არა ეს ინტენსიურ ტანჯვას, სმიტმა ასევე დადებითად უპასუხა და განმარტა:

“მას შესაბამისი მკურნალობა არ მიუღია მძიმე მეტალებთან დაკავშირებით, რაც მოიცავს მძიმე მეტალების გამოტანის მექანიზმით სპეციფიკურ თერაპიას. ასევე, დეტოქსიკაცია არ ჩატარებულა იმ წამლებთან დაკავშირებით, რომლებიც მას მიეცემოდა არსებული სიმპტომების ნიველირებისთვის [გაქრობისთვის]”, – განმარტა მან.

სმიტის თქმით, სააკაშვილი საჭიროებს “აგრესიულ” დიაგნოსტიკასა და თერაპიას, რისთვისაც საჭიროა მისი უცხოეთში, ისეთ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა, სადაც შესაძლებელი იქნება მძიმე მეტალებთან და წამლებთან დაკავშირებული დეზინტოქსიკაცია.

“იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში არ არის ისეთი დაწესებულება, სადაც შესაძლებელია სპეციალური მკურნალობა მძიმე მეტალებით ინტოქსიკაციისას, შესაბამისად, ის უნდა გადაიყვანონ ამ კვალიფიკაციის სამედიცინო დაწესებულებაში. აშშ-ში ჩვენ გვაქვს ასეთი დაწესებულებები”, – განაცხადა სმიტმა.

რაც შეეხება საკითხს, თუ სად მოიწამლა სააკაშვილი აღნიშნული ტოქსიკური ნივთიერებებით, სმიტი ვარაუდობს, რომ ეს მოხდა ექსპრეზიდენტის ციხეში ყოფნის პერიოდში, მიმდინარე წლის მარტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი