საზოგადოება

სამხარაულმა დაადგინა, რომ სააკაშვილზე “ემპათიის” დიაგნოზები უტყუარი არ არის — ბრეგაძე

26 იანვარი, 2023 • 1092
სამხარაულმა დაადგინა, რომ სააკაშვილზე “ემპათიის” დიაგნოზები უტყუარი არ არის — ბრეგაძე

საქართველოს იუსტიციის მინისტრი განცხადებით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ შეისწავლა ცენტრ “ემპათიის” მიერ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მომზადებული დასკვნა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ხსენებულ დასკვნაში მოცემული დიაგნოზები “არ არის სარწმუნო და უტყუარი”.

აღნიშნულის შესახებ რატი ბრეგაძემ 26 იანვარს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, პენიტენციურმა სამსახურმა “ემპათიის დასკვნა” სამხარაულის ბიუროს გასული წლის 8 დეკემბერს გაუგზავნა, პასუხი კი მიმდინარე კვირის ხუთშაბათს მიიღო.

ბრეგაძის სიტყვებით, “ამ შემთხვევაში [პენიტენციური] სამსახურის ინტერესს წარმოადგენდა, რამდენად მეცნიერულად სარწმუნო და უტყუარი იყო ცენტრ “ემპათიის” დასკვნა და გამოტანილი დიაგნოზები რამდენად შესაბამისობაში იყო საქართველოს კანონმდებლობასთან”.

“ჩვენ მივიღეთ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან 2023 წლის 26 იანვარს დასკვნა, რაც მოიცავს სამ ძირითად მიმართულებას: ეს არის ფსიქიატრიული, გასტროენტეროლოგიური და ნევროლოგიური დიაგნოზები.

თამამად უნდა ითქვას, რომ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად… ცენტრ “ემპათიის” მიერ გამოტანილი დიაგნოზები, როგორიც არის ფსიქიატრიული, გასტროენტეროლოგიური და ნევროლოგიური დიაგნოზები, არ არის სარწმუნო და უტყუარი”, — დასძინა მან.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, “ეს დასკვნა წარედგინება სასამართლოს შესაბამისი წესით და, ბუნებრივია, გაგრძელდება შემდგომი მსჯელობა სასჯელის გადავადებასა  და მისი შემდგომი მოხდისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით”.

ცენტრმა “ემპათიამ” მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნა გასული წლის პირველ დეკემბერს გამოაქვეყნა. ცენტრი აღნიშნავდა, რომ ყოფილ პრეზიდენტს აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომი, რაც შეუთავსებელია მის პატიმრობასთან.

ბრეგაძეს არ დაუკონკრეტებია, რის საფუძველზე მიიჩნია სამხარაულის ბიურომ, რომ ცენტრ “ემპათიის” მიერ ნახსენები დიაგნოზები სარწმუნო არ არის.

იუსტიციის მინისტრის განცხადებას მალევე გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ეკა ხერხეულიძე, რომლის თქმითაც, “სამხარაულის ეროვნული ბიუროს მიერ არ ყოფილა წარმოებული არათუ პაციენტის ჯანმრთელობის რეალური კვლევა, არამედ,პაციენტის ნახვის მცდელობაც არ ყოფილა მათი მხრიდან”.

“სამხარაულის ეროვნული ბიუროს არცერთი ექსპერტი თავად არ ყოფილა ჩართული. მათ ფიზიკურადაც არ უნახავთ პაციენტი. დასკვნა თავად გამოიტანეთ, როგორ უნდა იმსჯელო დიაგნოზის ნამდვილობაზე, თუ თავად დიაგნოზის მატარებელ პაციენტს არ შეხვდები?” — წერს ხერხეულიძე “ფეისბუკზე”.

“ექსპერტიზაზე ზეწოლა და რეპუტაციის შელახვის მცდელობა” — ჯიშკარიანი სამხარაულის დასკვნაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი