ახალი ამბები

მიწისძვრა: თურქეთსა და სირიაში დაღუპულია სულ მცირე 300 ადამიანი

6 თებერვალი, 2023 • 20466
მიწისძვრა: თურქეთსა და სირიაში დაღუპულია სულ მცირე 300 ადამიანი

თურქეთისა და სირიის საზღვარზე მომხდარი მიწისძვრის შედეგად, დაღუპულია 300 ადამიანი. დაშავებულია ასობით, ბევრს კი ამ დრომდე ეძებენ ნანგრევებში.

სირიის ოფიციალური უწყებების ინფორმაციით, დილის მდგომარეობით ოფიციალურად დადასტურებულია 237 მოქალაქის გარდაცვალება, სულ მცირე 600 კი დაშავდა. რაც შეეხება თურქეთის მხარეს, აქ ოფიციალურად დადასტურებულია 76 სიკვდილი, დაშავდა სულ მცირე 440 ადამიანი.

წუხელ, გვიან ღამით, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის ქალაქ გაზიანთეფიდან 33 კმ-ის მოშორებით იყო. მიწისძვრა მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანმა იგრძნო, მათ შორის, ისრაელსა და ლიბანში.

თურქეთში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. ორივე ქვეყანა აგრძელებს სამაშველო სამუშაოებს, რასაც ართულებს ამინდი. BBC წერს, რომ თურქეთის ხელისუფლება მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ მობილური ტელეფონის გამოყენებისგან, რათა მაშველებს ხელი არ შეუშალონ კოორდინირებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი