საზოგადოება

მთავრობის რეიტინგი 10%-ით გაიზარდა – NDI-ის კვლევა

2 თებერვალი, 2023 • 950
მთავრობის რეიტინგი 10%-ით გაიზარდა – NDI-ის კვლევა

გასული წლის შემდეგ მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასება 10 პროცენტით გაიზარდა. ამას მოწმობს NDI-ის დაკვეთით CRRC-ის მიერ მომზადებული კვლევა.

კვლევის მიხედვით, 2021 წლის დეკემბერში 39% აფასებდა მთავრობის საქმიანობას კარგად, ახლა ეს რიცხვი 51%-ია.

კვლევის მიხედვით მთავრობის საქმიანობის შეფასება შედარებით დაბალია თბილისში, ქალებსა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის.

მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასება ყველაზე მეტად გადაუწყვეტელ ამომრჩევლებში, პატარა ქალაქებსა და სოფლებში, ასევე საშუალო ასაკის ჯგუფებში გაიზარდა. მთავრობის შეფასების დადებითი მაჩვენებელი ოპოზიციის მხარდამჭერებში 7%-ით გაიზარდა.

ამავდროულად, ამავე კვლევის მიხედვით პრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის საქმიანობის უარყოფითი შეფასებები 8 -10 პროცენტით შემცირდა. პრემიერის საქმიანობის შეფასება შედარებით დაბალია თბილისში და ოპოზიციის მხარდამჭერებში. პრეზიდენტის საქმიანობის უარყოფითი შეფასება შედარებით დაბალია ოპოზიციის მხარდამჭერებში. პარლამენტს ყველაზე კრიტიკულად აფასებენ თბილისსა და დიდ ქალაქებში, ასევე ოპოზიციის მხარდამჭერებში.


NDI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევის ფარგლებში საქართველოში (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა), 3 დეკემბრიდან 20 დეკემბრამდე, ქვეყნის მასშტაბით, ზრდასრული მოსახლეობა პირისპირ გამოკითხა. კვლევა შედგება 2 519 ინტერვიუსგან, ხოლო ცდომილების ზღვარი +/- 1.6%-ია.

მასალების გადაბეჭდვის წესი