საზოგადოება

PACE შეშფოთებულია პოლარიზაციის გამო და ხელისუფლებას 12 პირობის შესრულებისკენ მოუწოდებს

27 იანვარი, 2023 • 945
PACE შეშფოთებულია პოლარიზაციის გამო და ხელისუფლებას 12 პირობის შესრულებისკენ მოუწოდებს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) მონიტორინგის პროცედურის მიმდინარეობის შესახებ პიერო ფასინოს (სოციალისტების, დემოკრატებისა და მწვანეების ჯგუფი) ანგარიშის საფუძველზე რეზოლუცია მიიღო.

რეზოლუცია მოუწოდებს მონიტორინგის პროცედურის ქვეშ მყოფ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას აღებული ვალდებულებები სრულად შეასრულონ.

„ასამბლეა კვლავ შეშფოთებულია ქვეყანაში არსებული უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაციის გამო, რაც გავლენას ახდენს რეფორმებზე და დაინტერესებული მხარეების მონაწილეობაზე რეფორმებში, რომლებიც საჭიროა ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული კონსოლიდაციისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის“, — ნათქვამია რეზოლუციაში.

ასამბლეა მოუწოდებს ხელისუფლებას, განახორციელოს სასამართლო სისტემის რეფორმების საფუძვლიანი, დამოუკიდებელი შეფასება, რათა წარმართოს მომავალი რეფორმები ქვეყანაში ნამდვილი დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის უზრუნველსაყოფად.

ასამბლეა ყურადღებას ამახვილებს მედიის მიმართ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე და ამასთან დაკავშირებით გამოთქმულ შეშფოთებაზე. ის მოუწოდებს ხელისუფლებას, გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი მედიაგარემოში დაძაბულობის შესამცირებლად.

ასამბლეა იმეორებს სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უკანონო ოკუპაციას და მცოცავ ანექსიას.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებისკენ, რათა ქვეყანას „მიეცეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რომლისკენაც იგი სამართლიანად ისწრაფვის“.

მასალების გადაბეჭდვის წესი