საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საგარეჯოში სროლას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, კიდევ 5 პირი კი დაჭრილია.
უწყების თქმით, გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ–ერთი ბინის აივნიდან 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა.-მ რამდენიმეჯერ გაისროლა, შედეგად, მოკლა 4 და დაჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი.
შსს–ში აცხადებენ, რომ ბრალდებულმა პირმა, ასევე, ცეცხლი გაუხსნა ადგილზე გამოძახებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომელთაგანაც ერთ–ერთი დაიღუპა.
სამართალდამცავი უწყების ცნობითვე, სპეცრაზმის გამოჩენისთანავე თავდამსხმელმა, სავარაუდოდ, თავი მოიკლა.
შსს–ს განცხადებით, ადგილზე მუშაობას იწყებენ გამნაღმველები და დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.
უწყების თქმით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა–შენახვისა და ტარებას გულისხმობს.