საზოგადოება

რამ გამოიწვია ძლიერი ქარი დასავლეთში და როდის ჩადგება — პროგნოზი

13 იანვარი, 2023 • 1752
რამ გამოიწვია ძლიერი ქარი დასავლეთში და როდის ჩადგება — პროგნოზი

დასავლეთ საქართველოში უკვე რამდენიმე დღეა, რაც ქარი მძვინვარებს. სტიქიამ დააზიანა სახლები, ელექტროგადამცემი ბოძები, გზები და სხვა ინფრასტრუქტურა. არიან დაშავებულები. სტიქიას უკვე ემსხვერპლა ერთი ადამიანი.

ასეთი ძლიერი ქარის გამომწვევ მიზეზებსა და მომდევნო დღეების პროგნოზზე ნეტგაზეთი ესაუბრა გარემოს ეროვნული ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსს, დოდო გვაზავას.

„ეს გამოწვეულია ე.წ. ციმბირის ანტიციკლონით, რომელიც შემოიჭრა განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში. დასავლეთ საქართველოზე ამ დროს მოქმედებს შავი ზღვის ტერიტორიაზე გავრცელებული დაბალი ატმოსფერული წნევის არე (ციკლონი). საერთოდ, ქარი ქრის მაღალი წნევიდან დაბალი წნევისკენ. აღნიშნული ძალიან დიდი ტემპერატურული კონტრასტი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, აგრეთვე ატმოსფერულ წნევებს შორის დიდი სხვაობა იწვევს ძალიან ძლიერ ქარებს დასავლეთ საქართველოში“, – გვიხსნის ის.

დოდო გვაზავა დასძენს, რომ 8 იანვარს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ამინდის პროგნოზთან დაკავშირებით საჯარო გაფრთხილება გაავრცელა, გაფრთხილება გაეცა ასევე მუნიციპალიტეტებსაც.

კითხვაზე, როდის უნდა დასტაბილურდეს მდგომარეობა და როდის ჩადგება ქარი, დოდო გვაზავა განმარტავს, რომ ნელ-ნელა ტემპერატურამ აღმოსავლეთ საქართველოში მომატება დაიწყო – „ხვალ 3-4 გრადუსით მივდივართ სითბოსკენ“. შესაბამისად, უკვე 15 იანვრისთვის ქარი მოსალოდნელი აღარ არის.

„14 იანვარს ქარი მკვეთრად წავა შესუსტებისკენ, დღის ბოლოს, 15 იანვრის დასაწყისში კი ყველაფერი დამთავრებული იქნება. გამოიდარებს, ტემპერატურები მთელ საქართველოში იმატებს, მაგრამ ყინვები დარჩება აღმოსავლეთ საქართველოში — ბარშიც, მთაშიც და მაღალ მთაშიც“.


დღეს, 13 იანვარს, დილის საათებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ქარს ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც  დაღუპული ავტომობილით გადაადგილდებოდა გრიგოლეთი-სამტრედიის ცენტრალურ მაგისტრალზე, რა დროსაც მანქანას ხე დაეცა.

ვრცლად:

სტიქია დასავლეთში: მხოლოდ სამეგრელოში ქარმა 600-ზე მეტ სახლს სახურავი დაუზიარა

მასალების გადაბეჭდვის წესი