უკვე მესამე დღეა, დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ძლიერი ქარი ქრის. სტიქიამ ასობით სახლს სახურავი დაუზიანა, არიან დაშავებულებიც.
სენაკი ერთ-ერთია იმ მუნიციპალიტეტებს შორის, რომელიც ქარმა დააზიანა. აქ სტიქიამ დააზიანა ელექტროგადამცემი ბოძები, საცხოვრებელი სახლები და გზები.
სენაკში ქარის გამო მოწყვეტილი ხე დაეცა სამარშრუტო ტაქსს. დაშავდა 3 ადამიანი. სასწრაფოს ცნობით, მათ მათგან ორი კლინიკა „არქიმედეში“ გადაიყვანეს. გადაყვანისას საშუალო სიმძიმის ტრავმები აღენიშნებოდათ.
„ორდღიანმა სტიქიამ საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენა ჩვენს რეგიონს. უკვე მიმდინარეობს ზარალის დათვლა და გავქვს პირველადი მონაცემები, რაზეც შეგვიძლია ვისაუბროთ, მაგალითად, 600-ზე მეტ საცხოვრებელ სახლს ქარმა სახურავი დაუზიანა, მათ შორის 30 არის საცხოვრებელი კორპუსი. ასევე დაზიანებულია სამი საჯარო სკოლის სახურავი. ელექტროენერგია არ მიეწოდება ქალაქ ფოთის უმეტეს ნაწილს და რეგიონის სამოცამდე სოფელს“, – აცხადებს სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია.
ელექტროგადამცემი ბოძები და სადენები, ასევე, საცხოვრებელი სახლები ქარმა ზუგდიდშიც დააზიანა.
სტიქიას ებრძვიან ფოთშიც, რომლის დიდ ნაწილსაც ქარის გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა. მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ქალაქის გაწმენდა მოგლეჯილი ხეებისგან.
სტიქიამ დააზიანა სახლები და დასახლებული პუნქტების ინფრასტრუქტურა იმერეთშიც. დაშავებულები აქაც არიან. კერძოდ, ვანში ორ ადამიანს ხე დაეცა.
„ღამით 69 შენობა დაზიანდა, როგორც საცხოვრებელი კორპუსი, ასევე საკუთარი სახლები. 10-მდე მანქანა დაზიანდა ქალაქში[ქუთაისში]. რიგ მუნიციპალიტეტებს ახლაც არ მიეწოდება ელექტროენერგია. ქუთაისში 3 ათასამდე აბონენტს წყალი არ მიეწოდება, გვქონდა ხანძრის შემთხვევაც წყალტუბოს სოფელ მუხიანში, დაზიანდა სათბურები ვარციხეში და ა.შ.
ამ ეტაპზე ყველა მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა და ჩართულია ყველა სამსახური. პარალელურად ხდება ზარალის დათვლა, მაგრამ სანამ არ დასრულდება ეს სტიქია, ციფრებზე ვერ ვისაუბრებ“, – განაცხადა იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ.
მესამე დღეა ძლიერი ქარია ქუთაისშიც. ქალაქი ამ დრომდე ებრძვის სტიქიის შედეგებს.
ძლიერი ქარის გამო დაზიანდა გურიაც. მაგალითად, ლანჩხუთში ქარმა ხეები წააქცია, რეგიონში დაზიანდა საცხოვრებელი სახლებიც.
ქუთაისი
გარეკანი ფოტო: ქუთაისი 11 იანვარს