საზოგადოება

2022 წელს საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 55 მოქალაქე დააკავა

30 დეკემბერი, 2022 • 3477
2022 წელს საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 55 მოქალაქე დააკავა

2022 წელს საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 55 მოქალაქე დააკავა.

დაკავებების შესახებ „ნეტგაზეთმა“ ინფორმაცია ევროკავშირის მონიტორინგის მისიიდან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოითხოვა. სუს-ის ცნობით, აქედან მათგან 13 დაკავება — ოკუპირებული აფხაზეთის, ხოლო 42 ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით მოხდა.

2022 წლის 27 დეკემბრის მდგომარეობით, უკანონო პატიმრობაში რჩება  საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული 8 პირი, მათგან 4 — აფხაზეთის, ხოლო 4 ცხინვალის რეგიონის მიმართულებით.

ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დაკავებულებს, როგორც წესი, ჯარიმის გადახდის შემდეგ ათავისუფლებენ, თუმცა სიტუაცია გაცილებით მძიმდება, როცა დაკავებულებს დამატებით კრიმინალურ ბრალდებებს უყენებენ. მიმდინარე წელს გარდაიცვალა გენადი ბესტაევი, რომელიც 2019 წელს საკუთარი სახლიდან გაიტაცეს, საზღვრის კვეთისა და ნარკოტიკების უკანონოდ გადატანის ბრალდებით 3 წლითა და 2 თვით პატიმრობა მიუსაჯეს, ცხინვალის საპყრობილეში ინსულტის მიღების შემდეგ კი ქართულ მხარეს გადმოსცეს.

მეორე წელია პატიმრობაში რჩება გალის მცხოვრები ირაკლი ბებუა, რომელიც აფხაზეთის დამოუკიდებლობის დღის აღმნიშვნელი ბანერის დაწვისთვის დააკავეს, მოგვიანებით კი აფხაზეთის დე ფაქტო შს სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ბებუას სახლში ხელყუმბარა აღმოაჩინეს. მას 9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

ივლისში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს და ამ დრომდე პატიმრობაში რჩება გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ქრისტინე თაკალანძე, რომელიც აფხაზური მხარის მტკიცებით, ქართული მხარის სასარგებლოდ აფხაზეთში ინფორმაციას აგროვებდა.

ბორდერიზაცია

მოქალაქეების დაკავების გარდა, გრძელდება უკანონო საზღვრის გავლების სამუშაოები.

ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) მიერ „ნეტგაზეთისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზი არის 390 კმ, საიდანაც დაახლოებით 230 კმ-ის გავლა შესაძლებელია ტრანსპორტით ან ფეხით; გადასასვლელი ტერიტორიის დაახლოებით 33% (დაახლოებით 80 კმ) შეღობილია;

აფხაზეთთან ადმინისტრაციული საზღვარი არის 150 კმ, საიდანაც დაახლოებით 60 კმ-ის გავლაა შესაძლებელი ავტომობილით ან ფეხით. გადასასვლელი ტერიტორიის დაახლოებით 70%, ანუ დაახლოებით 38 კმ შემოღობილია.

„ხელისუფლება ინფორმაციას მალავს“…

უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, როგორც წესი, პოსტ ფაქტუმ, სამოქალაქო აქტივისტებისა და მედიის მიერ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ადასტურებს ცნობას საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქეების დაკავების ან ბორდერიზაციის შესახებ და აცხადებს, რომ ამოქმედებული აქვს მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმი. ამ მექანიზმებს შორის არის ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ცხელი ხაზით კომუნიკაცია, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების და საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი (IPRM).

ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ დამფუძნებელი დავით ქაცარავა „ნეტგაზეთთან“ ამბობს, რომ ბოლო თვეების ბორდერიზაციაზე მხოლოდ ნაწილობრივ ინფორმაციას ფლობს, რადგან საკუთარი ძალებით ყოველთვის ვერ ახერხებენ ადგილმდებარეობის დადგენას, სახელმწიფო უწყებები კი ამ ინფორმაციას მალავენ.

„თუ ჟურნალისტებმა ან აქტივისტებმა რაიმე კონკრეტული ინფორმაცია ვერ მოვიპოვეთ შემოღობვაზე, საოკუპაციო ხაზის გადმოწევაზე ან გატაცებაზე, ოფიციალური სტრუქტურები ამ ინფორმაციას მალავენ მიუხედავად იმისა, რომ მათ ხშირ შემთხვევაში პირველებს აქვთ ეს ცნობა. სამწუხაროდ, ეს არის იმ არგაღიზიანების პოლიტიკის ნაწილი, რასაც ჩვენი ხელისუფლება აწარმოებს რუსეთთან მიმართებით. ხელისუფლება ინფორმაციას მალავს, არ აჟღერებს, რათა საზოგადოებაში კიდევ უფრო მეტი ნეგატივი არ შეიქმნას რუსეთის მიმართ“, — ამბობს ქაცარავა.

ის არ ფიქრობს, რომ თბილისის სიფრთხილე გამომდინარეობს იქიდან, რომ დაკავებულთა გათავისუფლებას ხელი არ შეეშალოს.

„პირიქით, რეზონანსი რუსების მიერ გატაცებული ადამიანების დაცვის ერთ-ერთი მექანიზმია. ეს ერთმნიშვნელოვნად არგაღიზიანების პოლიტიკის ნაწილია, რომელსაც ხელისუფლება მცდარად და აბსოლუტურად უშედეგოდ ცდილობს გაატაროს“, — დასძენს ქაცარავა.

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას” მიერ შეგროვებული მონაცემებით, 2012 წლიდან 2020 წლის ჩათვლით, მცოცავი ოკუპაციის შედეგად, საქართველომ 35 მილიონი კვ.მ ტერიტორია დაკარგა.

„ნეტგაზეთმა“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოთხოვა ინფორმაცია მცოცავი ოკუპაციის შედეგად მიტაცებული ტერიტორიის შესახებ, თუმცა ამ საკითხზე უწყება კონკრეტულ ინფორმაციას არ გასცემს და ზოგადი პასუხით შემოიფარგლება:

„რუსეთის საოკუპაციო ძალები 2022 წლის განმავლობაშიც განაგრძობდნენ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, რაც ხელოვნური ბარიერების, ღობეების, მავთულხლართების, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების ინსტალაციას, მიწათხრილების, ტრანშეებისა და ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების მოწყობას გულისხმობს. აღნიშნული პროცესი რუსული ოკუპაციის შედეგს წარმოადგენს, რომლის ნიშნები 2009 წელს გამოვლინდა, ხოლო 2011 წელს აქტიური სახე მიიღო და დღემდე, სხვადასხვა ლოკაციაზე, განსხვავებული ინტენსივობით ხორციელდება“, — აცხადებს სუსი.

განახლება: თავდაპირველად სტატიაში ევროკავშირის მონიტორინგის მისიაზე დაყრდნობით საუბარი იყო 45 დაკავებულის შესახებ. ინფორმაცია განახლდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მიღებული პასუხის მიხედვით.  

„მცოცავი ოკუპაციის“ ოფიციალური დანაკარგი და თვითკმაყოფილი ხელისუფალი

„მცოცავი ოკუპაციის“ ოფიციალური დანაკარგი და თვითკმაყოფილი ხელისუფალი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი