ახალი ამბები

ირაკლი ბებუას აფხაზეთში 9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

8 დეკემბერი, 2020 • 2905
ირაკლი ბებუას აფხაზეთში 9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში მყოფ ირაკლი ბებუას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

სუს-ის ცნობით, აღნიშნულ ფაქტზე დაუყოვნებლივ მოხდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება, ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან.

ირაკლი ბებუას, ისევე როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უპირობო გათავისუფლების საკითხი, მკაცრად დადგება მიმდინარე წლის 10-11 დეკემბერს დაგეგმილი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდზე”, – აცხადებს სუსი.


გალში მცხოვრები ირაკლი ბებუა აფხაზური დროშის დაწვის გამო დააკავეს, მოგვიანებით კი აფხაზეთის დე ფაქტო შს სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ბებუას სახლში ხელყუმბარა აღმოაჩინეს.

გალში დაკავებულ ირაკლი ბებუაზე ინფორმაცია 30 სექტემბერს გავრცელდა. ერთწუთიანი ვიდეომასალა, სადაც მოქალაქე საკუთარ ქმედებას, სავარაუდოდ, გამომძიებელთან განმარტავს, “ფეისბუკის” აფხაზმა მომხმარებლებმა ატვირთეს. კომენტარები, რომლებიც თან ახლავს ვიდეოჩვენებას, მუქარას და  აგრესიას შეიცავს.

თავად ირაკლი ბებუამ დაკითხვისას განმარტა, რომ საწინააღმდეგო არაფერი აქვს არც დროშასთან და არც ხალხთან და ეს აქტი მხოლოდ იმისთვის განახორციელა, რომ სურვილი აქვს, აფხაზებმა და ქართველებმა, როგორც უწინ, ისევ ერთად, მეგობრულად იცხოვრონ.

მთავარ ფოტოზე: ირაკლი ბებუა/რადიო “თავისუფლება”

მასალების გადაბეჭდვის წესი