საზოგადოება

თსუ-ს რექტორის არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი მონაწილეობს

27 დეკემბერი, 2022 • 1035
თსუ-ს რექტორის არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი მონაწილეობს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მონაწილეობას იღებს მხოლოდ ერთი კანდიდატი – ჯაბა სამუშია. ამის შესახებ ინფორმაცია “ნეტგაზეთს” თსუ-ს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

თსუ-ს არჩევნები 27 დეკემბერს უნდა გაიმართოს. პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული თარიღის შერჩევის შესახებ დადგენილება 15 ნოემბერს გამოსცა აკადემიურმა საბჭომ და ინფორმაცია იმ დღესვე განთავსდა უნივერსიტეტის ვებგვერდზე. პრესსამსახურის განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არჩევნები 27 დეკემბერს უნდა ჩატარებულიყო, ცნობილი იყო ყველასთვის. მათ შორის, პრესსამსახურის განცხადებით, სამუშია შეხვდა სტუდენტებს და არჩევნების შესახებაც ესაუბრა.

რექტორის არჩევნებში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება კი 16 დეკემბრიდან 21 დეკემბრის ჩათვლით გამოცხადდა, თუმცა კონკურსის ფარგლებში მხოლოდ ერთი – რექტორის მოვალეობის შემსრულებელ ჯაბა სამუშიას განაცხადი შევიდა.

რექტორის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ხმაური იყო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, 107-ე აუდიტორიასთან, სადაც სტუდენტები იყვნენ შეკრებილი. მათ საარჩევნო ოთახის შესასვლელის გადაკეტვა სცადეს.

“მაისის სტუდენტური მოძრაობა” მიიჩნევს, რომ რექტორის არჩევნები არადემოკრატიული წესით ტარდება და კანდიდატი წინასწარვე იყო შერჩეული.

“რექტორს ირჩევს აკადემიური საბჭო და არა სრული პროფესურა”, – ნათქვამია სტუდენტების განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელ ფეისბუკზე განათავსეს.

განცხადების თანახმად, ისინი რექტორის არჩევის წესის ცვლილებას ითხოვენ.

“რექტორს ირჩევს საუნივერსიტეტო და სამთავრობო ელიტა და არა აკადემიური სივრცე! ეს უნდა შეიცვალოს!”, – აცხადებენ სტუდენტები.


თსუ-ის რექტორის თანამდებობას გიორგი შარვაშიძე, – რომელიც მანამდე განათლების მინისტრის მოადგილე იყო, – 2016 წლიდან იკავებდა. მეორე ვადით 2020 წლის აგვისტოში აირჩიეს, 4 წლით, შესაბამისად, შარვაშიძე რექტორად 2024 წლამდე უნდა დარჩენილიყო.

თუმცა მან პოსტი ვადაზე ადრე დატოვა.

მიმდინარე წლის ოქტომბერში კი ცნობილი გახდა, რომ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჯაბა სამუშია იქნებოდა.

რექტორის კონკურსში ჯაბა სამუშია ერთადერთი კანდიდატი იყო.

საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, პროფესორმა კახა ლორიამ განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობა აკადემიური საბჭოს უმრავლესობამ, 30-მა წევრმა მიიღო და სამუშიას 28 მათგანმა მისცა ხმა. 2 ხმა გაბათილდა.

აკადემიური საბჭოს სხდომის პარალელურად კი უნივერსიტეტის პირველ კორპუსში სტუდენტები იყვნენ შეკრებილი. ისინი სამუშიას “მმართველი პარტიის მიერ ხელდასმულს“ უწოდებდნენ და აკადემიური საბჭოს დაშლას ითხოვდნენ. მათი თქმით, აკადემიური საბჭო სტუდენტების და პროფესორების ინტერესებს არ გამოხატავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი