შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო ვიდეოზე, რომელშიც ჩანს, როგორ ურტყამს ახალგაზრდა კაცი ფეხს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მდებარე ისტორიული ციხის კარს. რუსი ვლოგერი, რომელიც კადრებში ფიგურირებს, ამბობს, რომ აღიარებს თავის “შეცდომას”.
ზემოხსენებული ვიდეო სოციალურ ქსელში მიმდინარე დღეებში გავრცელდა. კადრების მიხედვით, ერთი პირი ფეხს ურტყამს სოფლების, დიდი ჩაილურისა და პატარა ჩაილურის სამხრეთით მდებარე ნიახურის ციხესიმაგრის კარს. ვიდეოში ჩანს მეორე პირიც, რომელიც კარს მიღმა დგას.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 259² მუხლით მიმდინარეობს, რაც კულტურული მემკვიდრეობის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. “ნეტგაზეთი” პასუხს ელის ძეგლის ზიანთან და ვიდეოს გადაღების თარიღთან დაკავშირებულ კითხვებზე.
ახალგაზრდა კაცი, რომელიც კარს ფეხს ურტყამს, რაილ არსლანოვია: პოპულარული ვლოგერი რუსეთის ფედერაციაში შემავალი თათრეთის რესპუბლიკის ქალაქ ყაზანიდან. ვიდეოების მიხედვით, ის სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობს.
საქართველოში გადაღებული ფოტოები არსლანოვის “ინსტაგრამის” გვერდზე 20 ნოემბერს გამოჩნდა, 7 დეკემბერს კი თბილისში მოგზაურობის ვიდეო გამოაქვეყნა “იუთუბის” არხზე, სადაც 2.51 მილიონი გამომწერი ჰყავს.
სოციალურ ქსელში ციხესიმაგრესთან მისი მოქმედების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ, რასაც მწვავე გამოხმაურება მოჰყვა მომხმარებელთა მხრიდან, რაილ არსლანოვმა “ინსტაგრამზე” დაწერა:
“ეი, მეგობრებო საქართველოდან, ნუ იქნებით ასეთი უხეშები. მივხვდით ჩვენს შეცდომას”.
ციხესიმაგრის ვიდეო ამ მომენტისთვის არ იძებნება ვლოგერის სოც. მედიაში.