საზოგადოება

რა შეუძლია PATRIOT-ს, რომელიც შესაძლოა, უკრაინას გადაეცეს

14 დეკემბერი, 2022 • 1020
რა შეუძლია PATRIOT-ს, რომელიც შესაძლოა, უკრაინას გადაეცეს

შესაძლოა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ომში მყოფ უკრაინას Patriot-ის სარაკეტო სისტემები გადასცეს.

Reuters-ის წყაროს თანახმად, ამის შესახებ გადაწყვეტილებას ამერიკელები ამ კვირაში მიიღებენ.

უკრაინამ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსული თავდასხმებისგან დასაცავად დასავლელ პარტნიორებს სათანადო იარაღის მიწოდება სთხოვა. მოთხოვნილ შეიარაღებაში იყო ამერიკული წარმოების Patriot-იც.

დიმიტრი მედვედევი, რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც ახლა უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეობა არგუნეს და  რადიკალური განცხადებებით გამოირჩევა, NATO-ს ქვეყნებს „აფრთხილებს“, რომ უკრაინას Patriot-ები არ მიაწოდონ.

სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, ამგვარი შეიარაღების გადაცემა უკრაინის თავდაცვისუნარიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის.

უფრო მეტი Patriot-ის შესახებ 

„MIM-104 Patriot“ მიწაზე განთავსებული სარაკეტო თავდაცვის სისტემა შექმნილია შემტევი რაკეტებისა და სხვა მფრინავი ობიექტების გასანადგურებლად.

ეს იარაღი განიხილება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მაღალგანვითარებული საჰაერო თავდაცვის სისტემა და, როგორც წესი, მის მისაღებად შემსყიდველი ქვეყნები მრავალწლიან რიგში დგებიან.

სარაკეტო სისტემას ამერიკაში, სამხედრო შეიარაღების მწარმოებელი კომპანია Raytheon უშვებს. მისი პირველი მოდიფიკაციები თავდაპირველად ცივი ომის დროს შეიქმნა, თუმცა თანამედროვე სახე მოგვიანებით, მუდმივი განახლებების შედეგად მიიღო.

სარაკეტო სისტემა აღჭურვილია რადარით, რომელსაც მათ შორის შეუძლია ბალისტიკური რაკეტების აღმოჩენა, საკომუნიკაციო ნაკვეთურით, მართვისა და კონტროლის ცენტრითა და რაკეტის გამშვებით.

მსგავსი მახასიათებლების გათვალისწინებით, Patriot-ის სარაკეტო სისტემა არის ძალიან მობილური და სწრაფი. სისტემა აღჭურვილია ამწით, რომელიც სწრაფად „ტენის“ გასასროლ რაკეტებს. ყველა კომპონენტი, მათ შორის რადარი, მართვის ცენტრი, კომუნიკაციები, ენერგიის წყარო და გამშვები, დამონტაჟებულია სატვირთო ძარებზე ან მისაბმელზე. რადარის კომპლექტი და სასროლი რაკეტები დამონტაჟებულია ნახევრად მისაბმელებზე.

რაკეტების ჩატვირთვის პროცესი

სარაკეტო სისტემაში ასევე შედის 2 ერთეული 150-კილოვატიანი დიზელის გენერატორი, რომლებიც რადარის, კომუნიკაციებისა და მართვის ცენტრის ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ.

სისტემა აღჭურვილია მართვადი რაკეტებით, რომელთა სხვადასხვა მოდიფიკაცია 30-დან 160 კილომეტრამდე რადიუსში გამოიყენება.

რაკეტებს გასროლის ზედაპირიდან 24 კილომეტრის სიმაღლეზე ასვლა შეუძლიათ.

მართვის ცენტრი

საშუალოდ პატრიოტის სარაკეტო სისტემის სრული კომპლექტაციის ფასი 1 მილიარდი ამერიკული დოლარია, ხოლო 1 გასასროლი რაკეტის ფასი 1-დან 6 მილიონამდე მერყეობს.

ამჟამად Patriot-ის სარაკეტო სისტემა ამერიკის შეერთებული შტატების, საუდის არაბეთის, ისრაელის, ქუვეითის, კატარის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, სამხრეთ კორეის, იაპონიის, ჩინეთის რესპუბლიკის (ტაივანის), საბერძნეთის, ესპანეთის, გერმანიის, ჰოლანდიის, შვედეთისა და რუმინეთის არმიების შემადგენლობაშია.

იარაღი გამოიყენებოდა სპარსეთის ყურისა და ერაყის ომებში. ასევე, 2014 წელს ისრაელი-პალესტინის დაპირისპირებაში. საუდის არაბეთი იარაღს იყენებს იემენში ჰუსიტების წინააღმდეგ.

რას შეცვლის Patriot-ების გამოჩენა უკრაინის ომში 

საქართველოს გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე „ნეტგაზეთთან“ საუბრისას აცხადებს, რომ უკრაინისთვის ამგვარი შეიარაღების გადაცემის შემთხვევაში, ქვეყანა შეძლებს სარაკეტო შეტევებისგან თავდაცვას, რაც გაზრდის მის ბრძოლისუნარიანობას.

„უკრაინის პრობლემა იყო სარაკეტო თავდაცვა. სარაკეტო და საჰაერო თავდაცვა მომიჯნავე, თუმცა ერთმანეთისგან განსხვავებული სფეროებია. „Patriot“ ითვლება ყველაზე გამოცდილ, ეფექტურ საშუალებად, რომელიც შესაძლოა გამოყენებული იქნას იმ რაკეტების წინააღმდეგ, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ისვრის. ამგვარი შეიარაღების ირანული დრონების წინააღმდეგ გამოყენება საცოდაობა იქნებოდა.

ეს მნიშვნელოვნად შეცვლის ვითარებას უკრაინაში. ეს არ არის ომის მოგების საშუალება, მაგრამ Patriot-ის სისტემები ნამდვილად გაზრდის უკრაინის ჰაერიდან დაცულობას, რითაც შეიზღუდება რუსული ტერორი, რომელიც მიმართულია ქვეყნის ენერგეტიკულ და ეკონომიკურ ინფრასტრუქტურაზე. ეს კი კიევს მისცემს საბრძოლო მოქმედებების გაგრძელების საშუალებას“, – აცხადებს ვახტანგ კაპანაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი