საზოგადოება

სააკაშვილის ჯანმრთელობა სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა — ევროკომისარი

14 დეკემბერი, 2022 • 479
სააკაშვილის ჯანმრთელობა სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა — ევროკომისარი

ევროკომისარმა თანასწორობის საკითხებში ჰელენა დალიმ ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით გამართული დებატების დასასრულს, ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულების პროცესთან ერთად, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის საკითხზეც ისაუბრა.

“ჩვენ მუდმივად ხაზს ვუსვამთ როგორც პირად შეხვედრებზე, ისე საჯაროდ, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს სამართლებრივი პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს ყველა დაკავებულის ჯანმრთელობა, უზრუნველყოს ადეკვატური მკურნალობა და პატივი სცეს მათ ფუნდამენტურ უფლებებს საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად”, – დასძინა მან.

ევროკომისრის თქმით, “საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია იმოქმედოს, თუ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია”.

“ევროკავშირმა არაერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფალთ, აღასრულონ დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტების რეკომენდაციები…

…ჩვენ საჯაროდ ვთქვით მედიაში, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო. ეს არ არის პოლიტიკური არჩევანის საკითხი, არამედ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების საკითხია”, — დასძინა ჰელენა დალიმ.

დებატების შეჯამებისას მან ასევე გაამახვილა ყურადღება ევროკომისიის იმ 12 პირობაზე, რომლებიც საქართველომ  ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს.

“დღევანდელმა დებატმა დაადასტურა ჩვენი მუდმივი ჩართულობა და სურვილი, ვიხილოთ საქართველო წარმატებული რეფორმების და ევროპულ გზაზე.

მაგრამ ჩვენ ასევე გვჭირდება, რომ საქართველომ იმუშაოს ბევრი და განახორციელოს ეს რეფორმები, განსაკუთრებით — 12 პრიორიტეტი ინკლუზიურ პროცესში, რომელშიც ჩართული იქნება ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება, ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციებით”, — აღნიშნა ევროკომისარმა.

ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელსაც 14 დეკემბერს ეყრება კენჭი, მოუწოდებს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნებით გათავისუფლებისკენ.

ამ რეკომენდაციას იზიარებს ევროპარლამენტში წარმოდგენილი თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია, „ქართული ოცნების“ პარტნიორი სოციალისტების ჯგუფის ჩათვლით, რომელსაც წარმოადგენს მომხსენებელი საქართველოს საკითხზე და ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე ანგარიშის ავტორი სვენ მიკსერი.

მასალების გადაბეჭდვის წესი